საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე
2025 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზრები , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საოჯახო მეღვინეობა „მილდიანის“ დირექტორის მოადგილემ, მარია ვეშაპიძემ, განუცხადა.
„2025 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა: ექსპორტის მიმართულებით რამდენიმე ახალი ბაზარი დაგვემატა და პირველად გავგზავნეთ პროდუქცია თურქეთში.
ადგილობრივ ბაზარზეც წარმატებით ვიოპერირეთ. საბოლოო ჯამში 2025 წლის შედეგებს დადებითად ვაფასებთ “, - აღნიშნავს მარია ვეშაპიძე.
კომპანია სამომავლოდ არსებულ საერთაშორისო ბაზრებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.
„სამომავლოდ გვსურს არსებული ბაზრების გაღრმავება და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება.

წლის ბოლოს ასორტიმენტს ლიქიორული ღვინო ბროწეულის არომატით დავამატეთ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს, გავამრავალფეროვნებთ თუ არა ასორტიმენტს. გვაქვს კონკრეტული პროდუქტის წარმოების სურვილი და ამ მიმართულებით გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის “, - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, „საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. კომპანია თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
სხვა სიახლეები
გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
10.02.2026.18:42
წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. ფორუმი 7 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ესწრებოდნენ.
ფორუმზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა წარადგინა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარვადგინეთ და მონაწილეებს ეკონომიკაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციები გავაცანით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორულ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე. საერთაშორისო ინვესტორებს გავაცანით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები და ის პოტენციალი რაც ამ სექტორში არის,“ — განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.