სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაზრდას - GuF.გაფ
GuF.გაფ არის ნატურალური ტყავის, ხელნაკეთი, ეკომეგობრული საბავშვო ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დიზაინერს გუკო გასიტაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
გაფ.GuF არის ნატურალური ტყავის, ხელნაკეთი, ეკომეგობრული საბავშვო ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოება. საქმიანობა დავიწყეთ 2017 წელს, როდესაც მოვიპოვე USAID-ის დაფინანსება. მომხმარებელს ვთავაზობთ 0 თვიდან 1 წლამდე ბავშვებისათვის ბუნებრივი ტყავისაგან შექმნილ, დახვეწილი დიზაინის მქონე ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. ასევე განსაკუთრებული გამოცდილებაა მომხმარებლისათვის ის, რომ სურვილისამებრ შეუძლია პატარას სახელის, გვარის ან ინიციალების ქართულ ენაზე ამოტვიფრა (გრავირება). უამრავი მშობელი ასეთ ფეხსაცმელს ინახავს სამახსოვროდ და ძვირფას მოგონებებს უკავშირებს. ასევე იდეალური არჩევანია, ახალშობილის მოსანახულებლად ან ნათლობაზე საჩუქრად მისართმევად. ასეთი პერსონალურად შექმნილი საჩუქრით ადრესატი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება და აუცილებლად ამახსოვრდება.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი მიმდინარე ასორტიმენტი მოიცავს საბავშვო ფეხსაცმელს, საწოვარას საკიდებს, ბაფთას, აბადოკ-ბაფთას, პაჟებსა და ქამრებს. თითოეულ სახეობაზე ვაკეთებთ გრავირებას პატარასთვის. პერსონალიზებული აქსესუარები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს რომ თავისი შვილი გამორჩეულად გამოიყურებოდეს სკოლის ან ბაღის დაწყების დღეს, ზეიმზე, კონცერტზე, გამოსაშვებ თუ სხვა ღონისძიებაზე.
გარდა საბავშვო პროდუქტებისა, ჩვენთან შესაძლებელია ზრდასრულებისათვის, მოდური და გემოვნებიანი ჩანთების, პენლების, წელის ქამრების, სათვალის ქეისების და სხვადასხვა აქსესუარების შეკვეთაც. გვაქვს საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით და რაც ყველაზე მთავარია, ვამზადებთ შეკვეთიდან რამდენიმე დღეში. ასევე სრულად ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და სურვილისამებრ ვცვლით მოდელის ფერებს, გაფორმებასა და სხვა დეტალებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენი საბავშვო პროდუქტები გათვლილია ძირითადად მცირეწლოვანთა მშობლებისა და მათთვის, ვისაც სურს უნიკალური საჩუქრის ჩუქება პატარასთვის. შესაბამისად, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ჩანთებს და ზრდასრულთა აქსესუარებს, ამ სეგმენტშიც ფართოა მოთხოვნა, ასევე კონკურენციაც დიდია. თუმცა ჩვენი ნაწარმი ხარისხითა და დიზაინით ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება, ინდივიდუალური, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი და პერსონალური გრავირებაა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის სახეობების გაზრდას მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
სხვა სიახლეები
30.09.2025.23:28