სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - Dari
Dari • დარი შარფების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ჯარჯი ჩარკვიანს ესაუბრა.
„ბიზნესისთვის მზადება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად ვარ გრაფიკული დიზაინერი და ვმუშაობ ქართულ კულტურულ ელემენტებზე. დროთა განმავლობაში იმდენი მასალა დამიგროვდა, რომ გადავწყვიტე, მათთვის ისეთი ფორმა მიმეცა, რომელიც ჩვენს თანამედროვე კულტურას შეერწყმებოდა. შედეგად, ქართული კულტურული ელემენტების მოდერნიზაცია განვახორციელე.
ჩემს ნამუშევრებში გამოყენებული მრავალი დეტალი ძველი ქართული ორნამენტებიდან მოდის. მთავარი იდეა იყო ის, რომ როცა თავად მინდებოდა საჩუქრის შეძენა და ქართულ პროდუქციას ვეცნობოდი, ხშირად ვაწყდებოდი პრობლემას, პროდუქტი ან პირდაპირ დაკოპირებული იყო, ან საერთოდ არ ჰქონდა კავშირი ქართულ კულტურასთან. მივხვდი, რომ ბაზარზე აშკარად არსებობდა საჭიროება ისეთი ქართული პროდუქციის, რომელიც ვიზუალურად ასახავდა საქართველოს ისტორიასა და იდენტობას.
ბრენდის სახელში ასახულია ის განწყობა, რაც თან ახლავს ჩვენი აქსესუარების ტარებას. როგორც წესი, თავს მაშინ ვილამაზებთ, როცა კარგ ამინდში გარეთ გასვლა გვიხარია. სწორედ ამ განწყობიდან დაიბადა სახელი - „დარი“.
პროდუქტი ძირითადად გათვლილია ქალებზე, თუმცა მამაკაცებიც ხშირად ყიდულობენ, უმეტესად საჩუქრად. საბოლოოდ, ჩემი პროფესიული გამოცდილებისა და საფუძვლიანი მომზადების შედეგად, წარმოების პროცესი წარმატებით დავასრულე და მაისის ბოლოს ოფიციალურად შევედი ბაზარზე “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
მიუხედავად ბაზარზე მცირე ხნიანი ოპერირებსა, ბრენდის პროდუქციისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია.
„გაყიდვები ძალიან კარგად მიდის. პროდუქტი და მისი ვიზუალი გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელი ადვილად მოვიზიდოთ. მოლოდინს გადააჭარბა იმ შედეგებმა, რომელიც მივიღეთ.
დაგეგმილი გვაქვს თემატური კოლექციები დამატება: შემოდგომისთვის რთველის თემატიკა, საახალწლო კოლექცია, სიყვარულის დღესთან დაკავშირებული კოლექცია და ა.შ. სურვილი გვაქვს, რომ თითოეული პროდუქტი შესაბამისი სეზონისა და განწყობისთვის იყოს მორგებული. სწორედ ამ მიდგომის გამო მომხმარებლებსაც ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია.
განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ჩემი დიზაინი „ბათუმი“, რომლის კონცეფციაზე შვიდი თვე ვმუშაობდი. ძალიან კარგად იყიდება და დიდი გამოხმაურებაც აქვს.
ყოველ ახალ დიზაინში ვცდილობ, რომ იყოს რაღაც განსაკუთრებული, რაც წარსულსა და აწმყოს შორის ბალანსს შექმნის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრადიცია თანამედროვე ფორმით გადმოვცე სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბრენდის კონცეფციას “, - განმარტავს ჯარჯი ჩარკვიანი.
„დარი“, სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს.
„გლობალურ ბაზარზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი მიზანია. დეტალურად შევისწავლე Etsy-ისა და Amazon-ის პლატფორმები და მჯერა, რომ ჩემი დიზაინებით ნამდვილად შემიძლია უცხოელებს გავაცნო ქართული კულტურა. ქართულ კულტურაში არის ისეთი ელემენტები, რომლებიც არამარტო ქართველებს, არამედ უცხოელებსაც აინტერესებთ და იზიდავს.
გარდა ამისა, სამომავლო გეგმებში შედის ვებ-გვერდის დამატება, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და მათი განხორციელება ეტაპობრივად მოხდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „დარის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე მაღაზია „კაბაში“.
სხვა სიახლეები
11.08.2025.17:04
ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” წელს საიუბილეო 80 წლისთავს აღნიშნავს. სუხიშვილებისთვის ანსამბლი მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი არ არის, ეს არის ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირი, რომლის მისიაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე სივრცეში ტრანსფორმაციაა.
ასეთ საზოგადო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო და ძლიერი მოკავშირის ყოლას. სუხიშვილების შეუჩერებელი მოძრაობის სპონსორი, კი უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკია. თანამოაზრე, რომლის ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას - მუდმივ განახლებას, ინოვაციისკენ სწრაფვასა და არ გაჩერებას. სწორედ ამ საერთო ხედვამ აქცია საქართველოს ბანკი სუხიშვილების წარმატების განუყოფელ ნაწილად.
1945 წელს, საბჭოთა რეჟიმის ქარცეცხლში სახელმწიფო ანსამბლის დაარსება, რევოლუციური ბუნებისა და მებრძოლი ხასიათის გამოვლენა, საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თუმცა ერთმანეთის, ცეკვისა და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. მათი ექსპერიმენტი სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, რომელიც დრომ ფასდაუდებელ მემკვიდრეობად აქცია.
განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, წყვილი მუდმივად უპირისპირდებოდა სტერეოტიპებს, ბიუროკრატიასა და კულტურულ ჩარჩოებს. თუმცა ყოველი უარყოფითი კომენტარი და უადგილო რეპლიკა მათთვის დამატებითი მოტივაცია იყო. საბოლოოდ, სიმტკიცემ, ძლიერმა ნებისყოფამ და ახლის შექმნის უშრეტმა სურვილმა გაამართლა. სუხიშვილების შემოქმედება იქცა ერთგვარ მანიფესტად, სადაც ყოველი მოძრაობა, მუსიკის ბგერა და კოსტიუმის დეტალი ხმამაღლა აცხადებს, „ეს არის ქართული ბრენდი!“ აღსანიშნავია, რომ მოღვაწეობის პირველივე წლებში, მათ შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომ აფიშებზე ეწერა: ანსამბლი საქართველოდან და არა საბჭოთა კავშირიდან. ეს იყო არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეროვნული გამარჯვება.
როგორც ანსაბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი ამბობს:
“ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა შექმნეს სამყარო სადაც ძველი არ იკარგება და მუდმივად ახალი იქმნება. მათ შექმნეს მოძრაობა, დღეს კი სუხიშვილების ამოცანაა ეს მოძრაობა არ გავაჩეროთ“.
ან როგორ უნდა გაჩერდნენ, როდესაც თითოეულ ქორეოგრაფიაში, კოსტიუმსა თუ მუსიკაში ერთდროულად იგრძნობა ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი. მოცეკვეები, კი არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, არღვევენ ჩარჩოებს და ძველ, კლასიკურ მოძრაობებს თანამედროვე დადგმებში სრულიად ახალი, მოულოდნელი კომბინაციებით წარმოგვიდგენენ.
თანამედროვეობის, ინდივიდუალიზმისა და უნიკალურობის ფონზე, ყველაფერი ისეა, როგორც ანსამბლის დამფუძნებლებს სურდათ. მეტიც, სუხიშვილებმა შეძლეს, ქართული ფოლკლორი ახალგაზრდებისთვის ახლობელი და მიმზიდველი გამხდარიყო. ცეკვასთან ერთად შეაყვარეს, კლასიკურ მოტივებზე აჟღებული ქართული მელოდიები, რომლებსაც ცალკეულადაც უსმენენ.
ცეკვისა და მუსიკის ფონზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კოსტიუმები. სულიკო ვირსელაძის ისტორიული წითელი ჩოხისა და აჭარულის სახასიათო ქამართან ერთად, დასი თანაბრად ირგებს ნინო სუხიშვილის დიზაინით შექმნილ გამორჩეულად ჰაეროვან, ჭრელ და მსუბუქ სამოსს.
„კოსტიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დეტალები ტექსტურა, ხარისხი. როდესაც კოსტიუმს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოცეკვავეს კი არა ცეკვა ჩავაცვა“- აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
სუხიშვილების უმცროსი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიის წერას. თანაც ისე, რომ არ ღალატობს ანსამბლის მთავარ ღირებულებას - ერთგულებას, შრომასა და საქმის მიმართ სიყვარულს. ამის ნათელი მაგალითია “ღია სცენა თაკარა”. სუხიშვილების ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი, სადაც მაყურებელიც კი დასის წევრი ხდება. თავდაპირველად, ღია სცენა ილიკო სუხიშვილის იდეიათ, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. “თაკარამ” წელს უკვე მეხუთე სეზონს უმასპინძლა. სივრცეს უნიკალურობას მატებს ისიც, რომ ყველაფერი იქმნება და იბადება თაკარასთვის, ხოლო ამის შემდეგ ტრანსფორმირდება დასის მუდმივ რეპერტუარში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილები მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობამ, შემოქმედებამ და სიამაყემ განსაზღვროს მთელი ერის სახე. მათ ბაძავენ ყველაფერში, მოძრაობებში, მუსიკაში, ჩაცმულობაში. პროფესიონალი მოცეკვავეები, სუხიშვილების დასის წევრობაზე ოცნებობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გასაკვირია, რომ ეს არის ანსამბლი, რომელიც არ ჩერდება.