საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს
2023 წლის ზაფხულში დაფუძნებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამჟამად მათი საქმიანობის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს,სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ იწვევს კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორ უშუალოდ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი შეხება აქვთ საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან.
თავის მხრივ, დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ კი საბანკო პროდუქტების არსებული შეზღუდვები. საუბარი შეეხო საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს წარმოშობის სერტიფიკატებისა და საავანსო გადარიცხვების თემატიკას, რომელიც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის" განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას".
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები, იგეგმება გამოწვევების დაძლევის მიზნით წინადადებების/კონცეფციის შემუშავება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, შეხვედრის ფარგლებში BAG-ის წევრი კომპანიებთან ერთად შევაჯერეთ პოზიციები, რომელიც უკავშირდება ინდუსტრიაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს. სწორედ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაპირებთ, კონსულტაციების გამართვას შესაბამის უწყებებთან, რადგანაც პროფესიული და კომპეტენტური მოსაზრებების გაზიარება წაადგება წარმოქმნილი სირთულეების დაძლევისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
18.10.2025.03:02
კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.
„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.
„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.
„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.
ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.