საერთაშორისო ბაზარზე თხილი 40%-ით გაძვირდა - როგორია Nuts Incorporated-ის წარმოების მოცულობა და რომელ ბაზრებზე ყიდის ქართულ თხილს კომპანია
კომპანია Nuts Incorporated LLC წელს თხილის გადამუშავებას მხოლოდ საკუთარი ბაღების მოსავლით ანახორციელებს.
კომპანია Nuts Incorporated LLC, რომელიც თხილის ბაღებს სამეგრელოში ფლობს, წელს თხილის სრულად საკუთარ ბაღებში მოწეულ მოსავალს გადაამუშავებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა თორნიკე ლაცაციამ აღნიშნა, წელს კომპანიამ დაახლოებით 3,500 ტონა მოსავალი აიღო, რომელსაც გადამუშავების შემდეგ 15 საექსპორტო ბაზარზე გაყიდის.
„ბაზარზე უკვე მეხუთე წელია ვოპერირებთ. ამ ეტაპზე გვაქვს დაახლოებით 2,000 ჰა განაშენიანებული ფართობი და ჯამში დღეისათვის ვამუშავებთ 3000-3,500 ტონა მოსავალს. აღარ ვმუშაობთ მიღება/ჩაბარებაზე, რადგან უკვე საკმარისი მოსავალი გვაქვს საკუთარი ბაღებიდან, და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი მიზანია წლების განმავლობაში 7,000 ტონამდე მოსავლის გადამუშავება. პროდუქციას 15 საერთაშორისო ბაზარზე ვყიდით,“ – აცხადებს ლაცაცია.
მისი თქმით, Nuts Incorporated LLC-ის მთავარი საექსპორტო ბაზრები გალფის ქვეყნები, ისრაელი, ევროპა და ინდოეთია. კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის მოსავლის დიდი ნაწილი ევროპის ბაზარზე გაიტანა.
ლაცაციის თქმით, წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით არის გაძვირებული.
„ფასების ზრდა გლობალური ბაზარზე თხილის მცირე მოსავლით არის განპირობებული. თურქეთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი, წლეულს დაახლოებით 35%-ით ნაკლები მოსავალი აიღო. ასევე იტალიაში მოსავლის კლება 60%-ს აღწევს. ამ ფაქტორებმა ბაზარზე დეფიციტი შექმნა და შესაბამისად, ფასები გაიზარდა,“ – განმარტავს კომპანიის დირექტორი.
კომპანიამ საკუთარი ბაღებიდან, რომლებიც წალენჯიხაში, სენაკში, ხობსა და მარტვილში მდებარეობს - წელს საშუალო ხარისხის მოსავალი მიიღო. Nuts Incorporated LLC-ს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, რადგან მისი საექსპორტო არეალი საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„ჩვენი წარმოების დაახლოებით 98% ექსპორტზე გადის, ხოლო დარჩენილი 2% ადგილობრივ ბაზარზე ჰორეკა სექტორში იყიდება,“ – აღნიშნავს ლაცაცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.20:45
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.
„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.