„აწარმოე საქართველოში“ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აჭარის რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ერთდღიან სამუშაო შეხვედრას ბიზნეს მოდელირებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, სწავლებას ჩაატარებენ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის BDO-ს აკადემიის ტრენერები და ის 26 აგვსტოს ბათუმში გაიმართება.
„დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან ვებ-გვერდზე ატვირთული კრიტერიუმების შესაბამისად.
შერჩეული კანდიდატები სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
თითოეული ღონისძიება განკუთვნილია შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისთვის ან ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ თავიანთ კომპანიაში.
სწავლება სრულად ფინანსდება სააგენტოს მიერ.
რეგისტრაციისთვის და დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/vZf3H
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რეგიონის საკონსულტაციო ცენტრს, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15 25“, - აღნიშნულია სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
“თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
08.12.2025.18:17
„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.