საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა - „აწარმოე საქართველოში"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქს“-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ბაზარზე „სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა, 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია. სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის პროცესი მოიცავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების შეფასებას, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.
„პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში. მას შემდეგ, რაც Alshaya Group საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სააგენტო კომპანიასთან ერთად ოფიციალურ, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
სხვა სიახლეები
გალერეა ვერეში გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართება -გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
02.04.2026.17:58
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა ვერე, 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”.
ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს.
პირველადი შეფასებით, ნამუშევრები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან — ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850). ალბომების გამოვლენა და მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა კი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე მთლიანად კავკასიის ისტორიის კვლევისთვის.
ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, ფასანაურს, ყაზბეგს, სომხეთსა და ყაბარდოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას, რომელიც ქალაქის გარდამტეხ პერიოდს ასახავს, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და იმპერიული მოდერნიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება.
გალერეა ვერე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორები არიან: ცირა ელისაშვილი და ეკა კიკნაძე. გალერეა ვერეს მისამართია: თბილისი, ჯანაშიას 9.