რომელ იშვიათი სახეობის ფრინველებზეა მოთხოვნა საქართველოში და რას სთავაზობს „ფერმა სენაკში“ მომხმარებელს
სენაკში მდებარე მეფრინველეობის ფერმის „ფერმა სენაკში“ დამფუძნებელი, მურმან გვასალია Business Insider Georgia-სთან ამბობს რომ ადგილობრივ ბაზარზე იშვიათი დეკორატიული სახეობის ფრინველებზე მოთხოვნა იზრდება.
„ამ დროისათვის, სენაკში 500 კვ.მ-ზე მდებარე ფერმაში მოვაშენე 10 სხვადასხვა სახეობის ქათამი, 3 სახეობის ფარშევანგი, 3 სახეობის ინდაური, იხვები, ციცრები და ბატები. ჯამში 100 ფრთა მყავს“, - ამბობს მურმან გვასალია.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ფარშევანგებზე. ამ ფრინველს ძირითადად საჩუქრად ყიდულობენ.
„ფარშევანგების მოშენება გასულ წელს დავიწყე. კვერცხი იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ხდება იმპორტი თურქეთიდან. კვერცხის ფასი სახეობის მიხედვით 60-დან 100-ლარამდეა. წელს 25 ფარშევანგი გამოიჩეკა. ძირითადად ვყიდი მამლებს სამი თვის ასაკიდან. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე რეალიზებაც მოვახდინე“,- განაცხადა მურმან გვასალიამ.
მისი ინფორმაციით, სამი თვის ფარშევანგის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 350 ლარიდან იწყება. „საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ინდური ფარშევანგის სახეობა. სწორედ ეს ღირს 350 ლარი. კობალტის სახეობის 3 თვის ასაკის ფარშევანგის ფასი 500 ლარია, ხოლო ალბინოსი ორჯერ უფრო მეტი ღირს ვიდრე ინდური. რადგან ამ სახეობის ფარშევანგი მსოფლიოში და ადგილობრივ ბაზარზეც იშვიათობას წარმოადგენს“, - ამბობს „ფერმა სენაკში“-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ფერმა სენაკში“ გაფართოებას გეგმავს, რადგან იშვიათი სახეობის ფრინველებზე მოთხოვნა მზარდია. ასევე ფერმის გეგმებშია კონტაქტური ზოოპარკის შექმნა.
ფერმა სენაკში“ 4 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.