როგორია Photomate Caucasus-ის ხედვა და მოლოდინები განახლებადი ენერგიის სფეროში - ინტერვიუ კომპანიის რეგიონულ დირექტორთან
Photomate Caucasus განახლებადი ენერგიის სფეროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და სპეციალიზდება მზის ენერგიის ტექნოლოგიებში. Business Insider Georgia კომპანიას რეგიონულ მენეჯერს, დავით ტყეშელაშვილს, სექტორში არსებული პერსპექტივებისა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა.
- როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა ძირითადი პროექტები გაქვთ ამ ეტაპზე განხორციელების პროცესში?
Photomate Caucasus-ი ამ ეტაპზეც აქტიურად ახორციელებს პროექტებს კავკასიის რეგიონში, სადაც ყველა მიმდინარე ინიციატივა პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს Huawei-ის ინოვაციურ მზის სისტემებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის მდგრადი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას რეგიონში.
კომპანია "ფოტომიეთი" დღეს კავკასიის ბაზარზე არის ნომერი პირველი კომპანია სადაც თქვენ მიიღებთ (one stop solutions) სერვისი + პროდუქტი + სრული კონსულტაცია, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე.
ამჟამად, კავკასიის რეგიონში განხორციელების პროცესშია რამდენიმე მსხვილი და საშუალო მასშტაბის პროექტი, რომლებიც მოიცავს როგორც კომერციული და ინდუსტრიული, ისე კომუნალური დანიშნულების მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. პროექტები სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება, ნაწილი უკვე სამშენებლო ფაზაშია, ნაწილი კი დაგეგმვისა და ტექნიკური მომზადების სტადიაზე. პარტნიორების ჩართულობა უზრუნველყოფს პროექტების ეფექტიან მართვასა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას, რაც Photomate-ის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
- როგორ აფასებთ მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე? მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა ძირითადად რომელ რეგიონებში ფიქსირდება?
მზის სისტემების მონტაჟის მოთხოვნა კავკასიის რეგიონში მზარდია, განსაკუთრებით კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორში. აღნიშნული ტენდენცია ისეთი ძირითადი ფაქტორებითაა გამოწვეული, როგორიცაა ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა და ხარჯი, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით ქვეყნის ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების მხარდაჭერა, ასევე აღსანიშნავია ბოლო წლებში მეტად საიმედო და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, რაც აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს და მხარს უჭერს სექტორის განვითარებას.
ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით გამორჩეულია სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეები, კახეთი და ქვემო ქართლის რაიონები, სადაც მზის რესურსი უხვია და კლიმატური პირობები ხელს უწყობს სადგურების ეფექტიან ოპერირებას, ასევე მზის ელექტროსადგურების ინტენსიური განვითარება გვხვდება დასავლეთ საქართველოს ნაწილიც. რეგიონებში უკვე დასრულებულია რამდენიმე მსხვილი და საშუალო მასშტაბის პროექტი, ხოლო მიმდინარე პროექტები სამშენებლო და ტექნიკური მომზადების ეტაპზეა.
კომპანია ფოტომეითმა ბოლო 2 წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში 90 მეგავატი მზის პანელი გაყიდა ამ წელს მოლოდინია რომ გაყიდვები გაორმაგდება.
რაც შეეხება პოტენციალს, საინტერესო შესაძლებლობებია სამთო-სასოფლო რეგიონებსა და ცენტრალურ ზონებშიც, სადაც მზის რესურსი დიდია. აღნიშნულ ზონებში მზის ელექტროსადგურების მეტად განვითარება ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების გაუმჯობესებას და ზოგადად, რეგიონულ განვითარებას.
- რომელი ქვეყნებიდან შემოგაქვთ შესაბამისი პროდუქცია და რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ ამ მიმართულებით?
Photomate-ის მზის ელექტროსადგურების პროექტებში გამოყენებული პროდუქცია იწარმოება ჩინეთში, მზის სისტემების მიმართულებით წამყვანი ბრენდების მიერ, ინვერტორებისა და ჭკვიანი ენერგეტიკული ტექნოლოგიების მიმართულებით Photomate-ი წარმოადგენს Huawei-ის ექსკლუზიურ პარტნიორსა და დისტრიბუტორს ევროპისა და აზიის 23 ქვეყანაში, მათ შორის კავკასიის რეგიონში ჩვენი, Photomate Caucasus-ის წარმომადგენლობით. Huawei-ის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სისტემების მაღალ ეფექტიანობას და უსაფრთხო ოპერირებას.
აღსანიშნავია მწარმოებლის საგარანტიო პირობები და Photomate-ის ტექნიკური სერვისის უპირატესობები, რომელიც უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრასა და სისტემის თითოეული კომპონენტის შეუფერხებელ ოპერირებას, მათ შორის ადგილზე ვიზიტს, მოწყობილობების ჩანაცვლებასა და სხვა.
მზის პანელების მიმართულებით Photomate Caucasus-ი თანამშრომლობს Astronergy-ის ბრენდთან, რომლის პროდუქციაც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სანდოობითა და ასორტიმენტით.
მსგავსი დონის ბრენდებთან პარტნიორობა და მათი პროდუქციის გამოყენება პროექტების წარმატებით განხორციელების მთავარი ფაქტორია, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები.
- როგორია ბიზნეს სექტორის ინტერესი განახლებადი ენერგიის მიმართულებით და რა ტენდენციებს აკვირდებით ამ მხრივ?
კავკასიის რეგიონში ბიზნეს სექტორის ინტერესი განახლებადი ენერგიის მიმართულებით მკვეთრად მზარდია. კომპანიები ფოკუსირებულნი არიან ენერგომომარაგების ხარჯების შემცირებაზე, ენერგოეფექტურობის გაზრდაზე. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების შესრულებასა და გარემოზე მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვაზე. აქტიური ინტერესი ფიქსირდება ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორში, სადაც ენერგიის მაღალი ხარჯი და მუდმივი მოთხოვნა, წარმოებებს სუფთა, დამოუკიდებელ ენერგიაზე გადასვლისკენ უბიძგებს. მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის ინტერესი მზარდია ენერგიის შემნახველი სისტემების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული სისტემები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს გამომუშავებული ენერგიის დაგროვებისა და საჭიროების შესაბამისად მოხმარების მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ენერგიის შემნახველი სისტემები მდგრადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდება, Photomate-ი კი მზადაა, აღნიშნული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის მიმართულებით, სექტორს სრული მხარდაჭერა გაუწიოს.
ტენდენციების მიხედვით, მზის ენერგია კვლავ რჩება ეფექტიან და მოთხოვნად წყაროდ, ინვესტიციები კი ამ მიმართულებით სტაბილურად იზრდება. კომპანია Photomate ამ პროცესშიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებებით, რაც ზრდის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციონირებას ბაზარზე და ქვეყანაში მზის ენერგიის სექტორის წინსვლას.
- დაახლოებით რამდენპროცენტიან ხარჯის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა ასეთი სადგურები ბიზნესისთვის?
მზის ელექტროსადგურების გამოყენებას ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური სარგებელი მოაქვს. გამოცდილებისა და მიმდინარე პროექტების მონაცემების მიხედვით, კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორში სადგურების ინსტალაცია საშუალოდ 20–30%-მდე ხარჯის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა ელექტროენერგიაზე. ხშირ შემთხვევაში კი 100%-ით ამცირებს ხარჯებს. დაზოგვა დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე, ენერგიის მოხმარების მოცულობაზე და მზის რესურსის ეფექტურ გამოყენებაზე. ამასთან, მზის სადგურები უზრუნველყოფს ენერგომომარაგების სტაბილურობას, რაც დამატებით უსაფრთხოებას და ფინანსურ სარგებელს აძლევს კომპანიებს.
- როგორ შეიცვალა ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის პანელებზე და ზოგადად იმ პროდუქციაზე, რომელსაც ქართველ მომხმარებელს აწვდით?
რამდენწლიანი გარანტია აქვს ამ პროდუქციას?
ბოლო წლების განმავლობაში, უშუალოდ მზის პანელების ფასი მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ფასებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე გლობალურად, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც განპირობებულია მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით.
Astronergy იძლევა ხანგრძლივ, 30-წლიან პანელების ეფექტიანობის გარანტიას, ხოლო Huawei-ის ინვერტორები - 5-დან 10 წლამდე გარანტიას, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული გარანტიები უზრუნველყოფენ პროექტების სანდოობას, მდგრადობას და ბიზნესისთვის საიმედო ინვესტიციას.
- როგორ ხედავთ განახლებადი ენერგიის განვითარების პერსპექტივას უახლოეს წლებში და რა როლს შეასრულებს ამ პროცესში კერძო სექტორი?
განახლებადი ენერგიის მიმართულება კავკასიის რეგიონში უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ტენდენციებიდან გამომდინარე, მზის ენერგია დარჩება ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე ეფექტიან ენერგიის წყაროდ, რაც ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ხარჯების შემცირებას და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას. პერსპექტიულობის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგიის შემნახველი სისტემები, რომელებზეც მოთხოვნა ბაზარზე დღითიდღე იზრდება, ვინაიდან მზის ენერგიით სტაბილური სარგებლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს ელექტროენერგიის შესახვა წარმოადგენს. სწორედ ენერგიის შემნახველი სისტემები უზრუნველყოფს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ავტომატიზებულ კონტროლსა და ჭკვიან მართვას. აღნიშნულ სისტემებს უმნიშვნელოვანესი პოტენციალი აქვს იმ ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რისკენაც განვითარებადი ქვეყნები მიიწევენ.
ენერგიის შემნახველი მოწყობილობების დაყენება ენერგო ეფექტურობისთვის და ქსელის სტაბილურობისთვის ქვეყანაში აუცილებელი გახდება.
კერძო სექტორი ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია, როგორც განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მიმართულებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ტექნიკურ-ლოჯისტიკური სერვისის უზრუნველყოფის კუთხით. კერძო სექტორის ჩართულობა ასევე აჩქარებს ბაზრის ზრდას, ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს რეგიონში სუფთა ენერგიის უფრო ფართო დანერგვას. თუმცა, რასაკვირველია, ამ პროცესების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებსა და მხარდაჭერის პროგრამებს, რაც სექტორის განვითარების პროცესში მთავარ განმსაზღვრელ მექანიზმად რჩება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30.01.2026.17:25
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრები გამართეს.
ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წინასწარ ორგანიზებულ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებში პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების განმავლობაში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ წარედგინათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო შემსყიდველებისთვის, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და გაეფართოებინათ პარტნიორული ქსელი, რაც ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციისთვის, Gulfood Dubai მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და შემსყიდველებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა ყოველწლიურად იმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, მოიძიონ ახალი პარტნიორები და გაეცნონ საბაზრო ტენდენციებს.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესებს არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ, არამედ მათთვის რეალური განვითარების შესაძლებლობები შევქმნათ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა Gulfood Dubai, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის ზრდაში, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აგრობიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვახტანგ სილაგაძემ.
„Gulfood 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენი პროდუქციის სწორი აუდიტორიისთვის წარდგენა, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“. - განაცხადა ვლადიმერ სავანელმა, სავანელი ჯგუფის დამფუძნებელმა.