როგორია ნიადაგი ჯგუფის მიმდინარე საქმიანობა და მომავლის ხედვა - ინტერვიუ კომპანიის დირექტორთან
„ნიადაგი“, წამყვანი აგრო-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ხელს უწყობს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ნიადაგი“ ჯგუფის დირექტორს ნიკოლოზ დიდებაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ პერიოდში ჩვენთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველ რიგში, დავიწყეთ სტრატეგიული თანამშრომლობა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ აგროკომპანიასთან - RK Growers-თან, რომელსაც ევროპაში 60 წელზე მეტი წარმატებული მუშაობის ისტორია აქვს. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგისთვის საინტერესო პროექტებზე.
ბოლო პერიოდში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. უპირველეს ყოვლისა, ოფიციალური შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, სადაც იტალიელ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ქვეყნის აგროსექტორში ახალი ინვესტიციების შემოსვლის შესაძლებლობები და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებების გაფართოება.
ასევე, ჩვენი ორგანიზებით შედგა შეხვედრები საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით წამყვან კომპანიებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ვსაუბრობდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე - ლურჯი მოცვისა და სუფრის ყურძნის წარმოების გაფართოებაზე, "Sekoya"-ს ჯიშების საქართველოში გაშენების პერსპექტივებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ეს იყო სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებს შორის ხდებოდა რეალური ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა.
მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი სიახლე იყო AgriFuture Georgia 2025 კონფერენციის ჩატარება, რომელიც ნიადაგის ორგანიზებით გაიმართა. ეს იყო მართლაც მასშტაბური ღონისძიება - გავაერთიანეთ სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები, ექსპორტიორები, აგროსაკონსულტაციო კომპანიები და საერთაშორისო პარტნიორები შვიდი ქვეყნიდან.
მოვიწვიეთ წამყვანი სპეციალისტები იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან - ისინი, ვინც რეალურად ახორციელებს ინოვაციებს თავიანთ ქვეყნებში. კონფერენციაზე ვისაუბრეთ მდგრადი სოფლის მეურნეობის გლობალურ მოდელებზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში, ლურჯი მოცვის, სუფრის ყურძნის, კაკლოვანი და კურკოვანი კულტურების კულტივაციის პერსპექტივებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ინტერესი საქართველოს აგროსექტორის მიმართ მართლაც მაღალია და აჭარბებს ჩვენს თავდაპირველ მოლოდინებს. AgriFuture Georgia 2025 -მა აჩვენა, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს სერიოზული დაინტერესება აქვთ მათ შორის, სახელმწიფო უწყებებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ფერმერებს და საერთაშორისო კომპანიებს. მაგალითად, როდესაც TBC Bank-თან შეხვედრაზე ვიყავით და ვსაუბრობდით აგრობიზნესების დაფინანსებაზე, ნათლად დავინახეთ, რომ ფინანსური სექტორი აგროსექტორს აღიქვამს როგორც ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებას.
საერთაშორისო თვალსაზრისით, ინტერესი კიდევ უფრო თვალშისაცემია, როდესაც RK Growers-ის მსგავსი, მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ისტორიის მქონე კომპანია საქართველოთი ინტერესდება, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური ბაზრები რეალურ პოტენციალს ხედავენ ქართულ აგროსექტორში - განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლურჯი მოცვი, კაკალი, ზეითუნის ზეთი, ნატურალური წვენები და, რა თქმა უნდა, ღვინო.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინტერესის გამოვლინება. ისინი სერიოზულად მოქმედებენ, მზად არიან ინვესტიციებისთვის და ეძებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი ხედვა ამბიციურია, თუმცა რეალისტური. ჩვენი მიზანია, საქართველო აღიქმებოდეს არა მხოლოდ როგორც მცირე მწარმოებელი, არამედ როგორც ძლიერი და ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო ბაზარზე - ქვეყანა, რომელიც ქმნის მაღალხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქტს და წარმატებით ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს.
კონკრეტულად რაზე ვმუშაობთ? პირველ რიგში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ისეთი პარტნიორების, რომლებსაც მოაქვთ არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები, ღრმა ცოდნა და წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. RK Growers-თან ჩვენი თანამშრომლობა სწორედ ამ სტრატეგიის მაგალითია.
მეორე, საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენ გვინდა, რომ ქართული პროდუქცია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურ ბაზრებზე იყოს მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი.
მესამე, და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებების დანერგვა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ცალკეულ პროექტებზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტები, თანამედროვე მიდგომები, ინოვაციური ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი განვახორციელოთ ისე, რომ მთელი სექტორი განვითარდეს.
AgriFuture Georgia 2025-ს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამ სტრატეგიის განხორციელებაში. ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა, სადაც საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი ფერმერები და ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები ერთად განიხილავდნენ ინოვაციებს, დარგში არსებულ გამოწვევბს, საექსპორტო შესაძლებლობებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზებს.
ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა აგროპროდუქციის წარმოებაში. და ვფიქრობ, რომ ყველა ის რესურსი, რაც გვაქვს — კლიმატი, ნიადაგი, ისტორია, შესაძლებლობები— გვაძლევს ამის საშუალებას. ჩვენი, ნიადაგი ჯგუფის, როლი კი არის, რომ ეს პოტენციალი სწორად გამოვიყენოთ და რეალურ შედეგებად ვაქციოთ.
აღსანიშნავია, რომ „ნიადაგი“ სახელიდან გამომდინარე ხაზს უსვამს კომპანიის მნიშვნელობასა და მის პოზიციონირებას ბაზარზე. ეს არის კავშირი, რომელიც აერთიანებს: აგროწარმოებას, ტექნოლოგიას, ექსპერტიზას, საერთაშორისო პარტნიორობას.
სხვა სიახლეები
ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის შენობა გაფართოვდა
02.12.2025.14:01