ვცდილობთ ახალი პროდუქტების დამატებას და ვაფართოებთ წარმოებას - Muline
Muline აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაკო იმედაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მულინე“ წარმოადგენს ბრენდს, რომელიც შეიქმნა ქალბატონებისთვის. ბაზარზე ვოპერირებთ დაახლოებით სამი წელია. ვფიქრობთ, რომ ყველა ქალისთვის განსაკუთრებულ აქსესუარს სწორედ ყელსახვევი წარმოადგენს. თავდაპირველად, იდეა იყო რომ შეგვექმნა განსხვავებული შინაარსის და თემატიკის ნახატებით აბრეშუმის შარფები, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა დავამატეთ სხვა პროდუქტებიც.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ვაწარმოებთ აბრეშუმის შარფებს, კოსმეტიკის ჩანთებს, თმის ბაფთებს, მაგიდის გადასაფარებლებს და რანერებს. სულ ახლახან დავამატეთ საცურაო კოსტიუმები.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბაზარზე არსებობს საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და ინტერესი მსგავსი პროდუქტების მიმართ, რადგან როგორც აღვნიშნე თითქმის ყველა ქალბატონისთვის მნიშვნელოვანი ნივთებია და საჩუქრისთვისაც შესანიშნავი იდეაა. ამიტომ ვცდილობთ მივყვეთ მომხმარებლების მოთხოვნას და შევქმნათ ისეთი პრინტები რაც საინტერესო, შინაარსიანი და განსხვავებული იქნება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
თითოეული პროდუქტისთვის პრინტები იქმნება ძალიან დიდი სიყვარულით და მონდომებით. ვფიქრობთ რომ პრინტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაარსი, წარმოადგენდეს და ხაზს უსვავდეს იმ ადამიანის ხასიათს, გემოვნებას და შინაგან სამყაროს ვინც მოიხმარს, მხატვრის მიერ იქმნება ილუსტრაციები, ნახატები, წარწერები, სიტყვები და ერთად კომბინაციაში გამოდის იმაზე ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ ნივთი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც ვფიქრობ სწორედ ესაა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს წინ, ვცდილობთ ახალი პროდუქტების დამატებას, ვაფართოებთ წარმოებას და პარტნიორი კომპანიების რიცხვის გაზრდაც გვაქვს სამომავლო გეგმაში.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე veli.store -ის მეშვეობით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.19:00
კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.
„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.
„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან.
ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.