როგორია Espressomobil Georgiaს გაფართოების გეგმები - კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია
Espressomobil Georgia თბილისში მოქმედი მობილური ყავის წერტილების ქსელია, რომელიც ავსტრიული ბრენდის Espressomobil-ის კონცეფციას ეფუძნება. მათი მთავარი მახასიათებელია სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილები (ძირითადად რეტრო სტილის პატარა მანქანები), საიდანაც პროფესიონალი ბარისტები მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობენ.
მენიუ მოიცავს კლასიკურ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოსა და სხვა პოპულარულ ყავის სასმელებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ცეცხლაძემ განაცხადა, კომპანია თბილისში წარმოდგენილია 3 მუდმივმოქმედი და 2 მოძრავი ობიექტით.
„კომპანია Espressomobil Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე ოთხი წელია ოპერირებს. თავად Espressomobil მსოფლიო ბაზარზე 14 წელია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ავსტრიული კომპანია Espressomobil-ის ფრანჩაიზი. Espressomobil 2010 წელს შეიქმნა და დღეისათვის 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. გეტყვით, რომ Espressomobil კავკასიაში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, თუმცა აზერბაიჯანის ფრანჩაიზი ამ ეტაპზე აღარ ოპერირებს. ჩვენ დღეისათვის გვაქვს სამი ლოკაცია - სითი მოლი, ქინგ დევიდი და გალერია. ქინგ დევიდსა და გალერიაში ჩვენი ავტომობილი გარეთ, შესასვლელთან არის განთავსებული, სითი მოლში კი - მეოთხე სართულზე“, - განმარტავს გიორგი ცეცხლაძე.
ქუჩაში გაყიდვების გარდა, Espressomobil მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. მათი დაქირავება შესაძლებელია კორპორატიული წვეულებების, ფესტივალებისა და კერძო ღონისძიებებისთვის. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ლოგოთი გააფორმონ როგორც ყავის ჭიქები, ისე თავად მობილური მანქანა, მარკეტინგული მიზნებისთვის.
„ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ და დამკვეთებს მომსახურებას ვუწებვთ, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში. ჩვენი სერვისებით კომპანიები თავიანთი ივენთებისთვის ინტერესდებიან. ასევე, ჩვენთვის საინტერესოა B2B მიმართულება. ამ მხრივ, ყოველი თვე შეიძლება აქტიური იყოს, რადგან ყველაფერს ვერგებით და ყველა მიმართულებას ვფარავთ - იქნება ეს ფეშენი, დეველოპმენტი, ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები.
შეგვიძლია ყველგან მივიდეთ, ნებისმიერი ივენთი მოვემსახუროთ, მოტოციკლეტი სრულად დავბრენდოთ კონკრეტული კომპანიის დიზაინით, დავბრენდოთ ჭიქები და გავუწიოთ მარკეტინგული მომსახურება“, - განმარტავს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Espressomobil Georgia-ს ორი მოძრავი ობიექტიდან ერთ-ერთი მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებს მოემსახურება.
Espressomobil Georgia გაფართოების გეგმებზეც მუშაობს და წლის ბოლომდე ბათუმში შესვლასაც განიხილავს. თუმცა კომპანია გაფართოების პროცესში მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს.
„გაფართოებასა და სამომავლოდ რეგიონებში შესვლას ვაპირებთ. შესაძლოა, წელს ბათუმშიც შევიდეთ, თუმცა მომსახურე პერსონალის პრობლემა რეალურად ძალიან სერიოზულად დგას. როგორც ბარისტების, ასევე მენეჯმენტისა და გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, მით უმეტეს, რომ ლოკაციურად ჩვენი APE-ები ძირითადად გარე სივრცეებშია განთავსებული და ბარისტების მოძიება მუდმივ პრობლემად რჩება.
ვაკანსიაზე 10 შემთხვევიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდეს, ხოლო დანარჩენებმა არც დარეკონ და არც გამოცხადდნენ. მსგავსი პრობლემა თბილისში განსაკუთრებით მწვავედ გვიდგას - ბარისტა გვჭირდება და ვერ ვპოულობთ. ვაქვეყნებთ ვაკანსიებს jobs.ge-ზე, ასევე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა ძალიან რთულია“, - აცხადებს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება Espressomobil Georgia-ს პროდუქციას, ის იდენტურია იმ პროდუქციისა, რომელსაც Espressomobil მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყიდის.
„ყავა ჩამოდის ინდონეზიიდან, მექსიკიდან და ბრაზილიიდან. ამ სამი ქვეყნიდან ყავა ჯერ ავსტრიაში იგზავნება, სადაც ერთი და იმავე წარმოებაში, ერთი და იმავე ადამიანის მიერ იხალება. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მომხმარებელს შეუძლია ჩვენი ყავის ზუსტად იგივე გემო დააგემოვნოს.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, Espressomobil Georgia-ს გაყიდვები 15-20%-ით გაიზარდა“, - აცხადებს გიორგი ცეცხლაძე.
ცნობისათვის, იტალიური Piaggio 50 ape-სა და პროფესიონალი ბარისტას გაერთიანების იდეა ძმებ პიტერ ლინდმოსერსა და მორის ფლეშინგერს დიდი ხნის მანძილზე არ ასვენებდათ, რადგანაც ყავა, რომლის თან გაყოლებაც იქნებოდა შესაძლებელი და ობიექტი, რომელიც არ მოითხოვდა რესტორანში ფიზიკურად მისვლას, პრაქტიკულად არ არსებობდა.
ეს ისტორია კი შემდეგ "ესპრესომობილის" დიდ ოჯახში გადაიზარდა, რომელიც ევროპისა და აზიის 18 ქვეყანაში ოპერირებს, მათ საქართველოც შეუერთდა.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.