როგორ ქმნის „უმმი“ პერსონალიზებულ კვების სისტემებს ჯანმრთელობის მართვისთვის
„უმმი“ Raw Food-ის, ანუ ცოცხალი საკვების, პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. არსებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, სალომე კალანდაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე მდგომარეობა სიახლეები?
„უმმი“ დღეს არის ტრანსფორმაციისა და განვითარების ეტაპზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში მენეჯმენტი სხვა ჯგუფის მიერ იმართებოდა, რის შემდეგაც ბრენდი კვლავ ჩვენს გუნდს დაუბრუნდა და ახლა ვმუშაობთ მისი სწორი მიმართულებით განვითარებაზე.
ამ ეტაპზე“ უმმის“ არ აქვს ფიზიკური ლოკაცია, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რომელიც წარსულ გამოცდილებას ეფუძნება. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ბაზარზე, რომელიც საკმაოდ ვიწრო და ნიშურია, კონკრეტულ მიმართულებაზე კონცენტრაცია ბევრად უფრო ეფექტურია.
როგორია პროდუქციის ამჟამინდელი ასორტიმენტი?
მომხმარებლის ქცევის ანალიზმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნა უფრო მაღალი იყო არა ლოკაციაზე, არამედ მიწოდებაზე და პერსონალიზებულ მენიუებზე, რის გამოც ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებას მივყვებით.
„უმმის“ აუდიტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ გემრიელ საკვებს, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზას კვების მეშვეობით.

ჩვენი პროდუქტი სცდება უბრალოდ მენიუს შექმნას - ჩვენ ვქმნით ნუტრიციოლოგიურად დაბალანსებულ, პერსონალიზებულ კვებით სისტემებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც დაავადებების პრევენციაზე, ისე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების გაუმჯობესებაზე.
ბაზარზე გვაქვს პროდუქტი, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ, მთელი დღის მენიუ: უშაქროდ, უგლუტენოდ, უმარილოდ, ულაქტოზოდ, შეწვის, მოხარშვის და ცხობის გარეშე, ორგანული ინგრედიენტებით.
რეალურად, ეს არის ფუნქციური/სამკურნალო კვება და არა უბრალოდ საკვები.
როგორ აფასებთ მომხმარებელთა ინტერესსა და მოთხოვნას? რამდენად მზარდია ტენდენცია?
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ახალი და ნიშურია, რაც ერთდროულად ქმნის დიდ პოტენციალს და სერიოზულ გამოწვევებს.
მთავარი პრობლემა არის ცნობიერება და არაინფორმირებულობა.
მცენარეული კვების, ნუტრიციოლოგიის და ფუნქციური კვების შესახებ ცოდნა ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ მომხმარებლებში, არამედ ზოგადად სისტემურ დონეზეც.
საზოგადოებისთვის, ზოგადად, ჯანსაღი კვება პრიორიტეტი არ არის, ხოლო მეორე პრობლემა ისაა, რომ ჯანსაღი კვების შესახებ წარმოდგენები მცდარია.

ეს ნიშნავს, რომ პარალელურად გვიწევს: ბაზრის განვითარება, მომხმარებლის განათლება, ნდობის შექმნა. ეს პროცესი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც დამფუძნებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სიღრმისეული ცოდნის მიღება ამ სფეროში.
ამიტომ პირადად გავიარე ნუტრიციოლოგიის მიმართულებით განათლება (ირლანდიაში), რადგან მჯერა, რომ ბიზნესის ეფექტურად მართვა იწყება მისი არსის სრულად გაგებით.
დღეს მე თავად ვქმნი მენიუებს, არა მხოლოდ „უმმისთვის“, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, და ვმუშაობ ადამიანებთან ინდივიდუალურ კვებით გეგმებზე.

ეს თავიდანვე გახდა“ უმმის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი: პერსონიფიცირებული, ადამიანზე მორგებული ბრენდი.
„უმმი“ დაიწყო როგორც იდეა პანდემიის პერიოდში და ეტაპობრივად ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთ ცნობად ბრენდად ჯანსაღი კვების მიმართულებით.
ეს ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, არის გამოცდილება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საუკეთესო ბიზნეს განათლებას. პროცესი, სადაც იდეა რეალურ პროდუქტად და ბრენდად გარდაიქმნა. როგორც ამბობენ სტარატაპში მიღებული გამოცდილება, მსოფლიოს საუკეთესო მაგისტრატურის გავლას უდრისო.

მიუხედავად ყველა სირთულისა, „უმმი“ დღესაც ინარჩუნებს თავის უნიკალურობას და პრაქტიკულად უალტერნატივოა ამ კონკრეტულ ნიშაში.
რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, განსაკუთრებით გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით?
ჩვენი მთავარი მიზანია წარმოების განვითარება და მასშტაბირება. ამიტომ დაუშრეტელად ვმუშაობთ ინვესტიციის მოპოვებაზე.
გვინდა „უმმი“ გადავიყვანოთ შემდეგ ეტაპზე: გავაძლიეროთ პროდუქცია, შევქმნათ სტაბილური წარმოება, გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველოს ბაზარი მცირეა და მცირე ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულია.
ამიტომ მასშტაბირება და საერთაშორისო მიმართულება ჩვენთვის არა მხოლოდ სურვილი, არამედ აუცილებლობაა.
ამ ეტაპზე აქტიურად ვეძებთ ინვესტორს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვას და დაგვეხმარება პროექტის მასშტაბირებაში.

„უმმი“ არის არა უბრალოდ კვების ბრენდი, ეს არის ჯანმრთელობის მართვის პლატფორმა კვების მეშვეობით, რომელსაც აქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური პოტენციალი.
ვფიქრობ, სირთულეები გამოწვეულია იმითაც რომ დროს უსწრებს ეს ბიზნესი.
დღეს ჩვენ ვქმნით იმას, რაც ხვალ შეიძლება გახდეს ახალი სტანდარტი კვებაში - საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
სხვა სიახლეები
კომპანია ბიოქიმფარმმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი რანგის დელეგაციას უმასპინძლა
26.03.2026.16:00
კომპანია "ბიოქიმფარმმა" უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი რანგის დელეგაციას, რომელთა შორის გახლდათ EBRD-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის მმართველი დირექტორი, ბატონი რიჩარდ პორტერი და EBRD საქართველოს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. დელეგაციამ დაათვალიერა ფაგების ისტორიული საწარმო, რომელიც სრულად მოდერნიზებულია ევროპული GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად. მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობები და სტრატეგიული გეგმები.

„უწყვეტი მხარდაჭერისთვის გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.“ - განაცხადა რატი ღოლიჯაშვილმა.
„EBRD-ისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით 2023 წელს შევძელით ბიოქიმფარმის ფაგების საწარმოს სრულად მოდერნიზება და ხელახლა აღჭურვა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, თანამედროვე საწარმოო ხაზებითა და ევროპული GMP სტანდარტთან შესაბამისი დანადგარებით. პროექტი პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროკავშირის მონაწილეობით. ჯამური ინვესტიცია 6.5 მილიონ ევროს შეადგენდა.“
ღოლიჯაშვილმა ასევე აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორობის ფართო მნიშვნელობა:
„ჩვენი EBRD-თან თანამშრომლობა მოიცავს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლასაც. ის მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა, რომელსაც სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენის მოხდენა შეუძლია. EBRD ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გამოწვევად მიიჩნევს.
ბიოქიმფარმში ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო მედიკამენტებს, ანტიბიოტიკების ერთადერთ ეფექტურ ალტერნატივას - რაც ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური მოხმარების შემცირებას და ზისტენტული, ფაქტობრივად უკურნებელი, ინფექციების დამარცხებას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ბაქტერიოფაგის პრეპარატების წარმოების მაღალტექნოლოგიური პროცესი.
ბიოქიმფარმი არის ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც მუშაობს ფაგებზე დაფუძნებული ფარმაცევტული პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზე. კომპანიაში დასაქმებულია 80-ზე მეტი პროფესიონალი და აწარმოებს 10-ზე მეტ რეგისტრირებულ პროდუქტს, მათ შორის ფაგიოს - სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ განკუთვნილ, ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ სამკურნალო საშუალებას.
ბიოქიმფარმი არის ერთადერთი GMP-სერტიფიცირებული და ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტერილურ სითხოვან დოზირებულ ფორმებსა და ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო საშუალებებს. ამავე დროს კომპანია არის ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების (მედიკამენტების) ერთადერთი ექსპორტიორი ფართო რეგიონსა და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაში ასევე გამოითქვა ოპტიმიზმი, რომ EBRD-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება და გახდება ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და ინოვაციური პროექტების საფუძველი.