როგორ აფასებს „ველეულა“ 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
2025 წელი, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც დადებითი აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ველეულას“ მენეჯერმა, ნინო მღებრიშვილმა განუცხადა.
„2025 წელი, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც დადებითი აღმოჩნდა, გაიზარდა როგორც გაყიდვები, ისე მომხმარებელთა რაოდენობა, ამიტომ წელს ნეგატიურად ნამდვილად ვერ შევაფასებთ.
2026 წელს ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, ასევე მაღაზიებისა და ღვინის ბარების ქსელის ზრდას, სადაც 750 მლ-იან ბოთლებს შევიტანთ. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული რაც შეიძლება მეტი საინტერესო „ბლენდი“ შევთავაზოთ.
სამომავლო გეგმებში შედის საექსპორტო ბაზრების გაფართოებაც. გაზაფხულზე გერმანიაში მივემგზავრებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში - ProWein Düsseldorf-ში “, - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.
ცნობისთვის, ამჟამად „ველეულა“ ექსპორტს ინგლისში, ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს.
სხვა სიახლეები
FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია - არჩილ გაჩეჩილაძე
04.03.2026.22:17
საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
“FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე. მჯერა, რომ ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ინფორმაციისთვის, Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.