როგორ აფასებს kvadrat.ge 2025 წელს
საქართველოში kvadrat.ge პირველი კომპანიაა, რომელმაც ბაზარს სარემონტო ხარჯთაღრიცხვის სერვისი შესთავაზა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ილია ბერუაშვილი აცხადებს, 2025 წელს kvadrat.ge-ს სერვისებზე მოთხოვნა 25%-ით არის გაზრდილი. მისივე განმარტებით, მოთხოვნა ბათუმისა და თბილისის გარდა იზრდება რეგიონებიდან, სადაც საოჯახო სასტუმროებისა და ვილების მოწყობის ხარჯთაღრიცხვაზეა მოთხოვნა.
„მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია და ეს ზრდა ძირითადად კორპორატიულ სეგმენტზე მოდის. წელს ზრდა 25%-ის დონეზე ფიქსირდება. განსაკუთრებული ზრდაა თბილისსა და ბათუმზე. ბოლო პერიოდში რეგიონებიდან საგრძნობლად იზრდება მოთხოვნა საოჯახო სასტუმროების მიმართულებით. მაგალითად, კახეთიდან ვილების მოწყობის ხარჯთაღრიცხვის გაკეთებაზე შემოდის განაცხადები, ასევე არის მოთხოვნა ბაკურიანიდან და სხვა საკურორტო ზონებიდან,“ - განმარტავს ილია ბერუაშვილი.
kvadrat.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ წლიურ ჭრილში სარემონტო სამუშაოების გაძვირება სახეზეა, თუმცა ეს სარემონტო მასალების ფასის ზრდაზე მეტად თვითონ ხელოსნების მომსახურების გაძვირებას უკავშირდება.
„უმეტესად გაძვირდა ხელობები. კი, მასალებიც გაძვირდა, მაგრამ ხელობები უფრო. სარემონტო მასალების გაძვირებამ და ინფლაციამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ხელოსნებმა საკუთარი სერვისის ფასიც გაზარდეს. ზრდა დაახლოებით 40%-ია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაზარზე ხელოსნების დეფიციტიც არის - უცხოეთში არის გადინება, გაცილებით მეტს უხდიან და იქ მუშაობენ. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ხელოსნები ჭირს, მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება, და შესაბამისად გაძვირებაც მოხდა,“ - მიიჩნევს kvadrat.ge-ს დამფუძნებელი.
kvadrat.ge 2019 წელს დაარსდა და პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად ზუსტი სარემონტო ხარჯთაღრიცხვის დისტანციურად გაკეთება, რომელსაც კომპანია უნიკალური ალგორითმისა და სარემონტო კალკულატორების მეშვეობით ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, kvadrat.ge ამ ბაზის კვლავ ერთადერთ მოთამაშედ რჩება.
„სხვა კომპანიები ბაზარზე არ შემოსულან. შეიძლება არიან კერძო პირები, რომლებიც ითვლიან და პირადად ურიგდებიან მომხმარებელს, მაგრამ როგორც კომპანია, რომელიც რითეილ ბაზარზე ასე მუშაობდეს და დღეში შეეძლოს ათეულობით ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და გაშვება, არ არსებობს,“ - აცხადებს ილია ბერუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისიდან kvadrat.ge საკუთარ პლატფორმაზე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების სერვისიც დაამატა, სადაც მსურველებს შესაბამისი განცხადებების განთავსება შეუძლიათ.
„სერვისი გავუშვით ნოემბერში, თუმცა პროექტზე დიდი ხანი ვმუშაობდით. ჩვენ სამომავლოდ საბროკერო საქმიანობის დაწყებას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვექნება პლატფორმა, სადაც დაიდება განცხადებები, დეველოპერების სამშენებლო პროექტები და ასე შემდეგ. იქვე დევს ჩვენი ბანერიც და ჩვენი სერვისის შეთავაზებაც.
2026 წლისთვის ვაპირებთ თვითონ ხარჯთაღრიცხვის სერვისის განაწილებას - ეს არ იქნება სხვა სერვისი. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, დღეს ჩვენ ვაკეთებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომლის დათვლაც 1 კვ/მ-ზე 4 ლარია, მაგრამ შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ არადეტალური ხარჯთაღრიცხვაც, რომელიც, ცხადია, 4 ლარზე ნაკლები ეღირება. ხშირად გვიკავშირდებიან ბანკები, რომელთაც სესხის გაცემის მომენტში აინტერესებთ, რა დაუჯდებათ ან გასცენ თუ არა ეს სესხი, და ასეთ დროს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის დეტალური ხარჯთაღრიცხვა - აღარ მოუწევთ 100 კვ/მ-ზე 400 ლარის გადახდა. შესაძლებელია ჩვენი მხრიდან არადეტალური ხარჯთაღრიცხვის ცნობების გაცემაც,“ - ამბობს kvadrat.ge-ს დამფუძნებელი.
kvadrat.ge-სთან თანამშრომლობით კლიენტი იღებს სწორ რიგითობით გაწერილ, დეტალურად ჩაშლილ, საბაზრო ფასებზე დაყრდნობით დათვლილ და მაქსიმალურ სიზუსტემდე მიყვანილ სარემონტო ხარჯთაღრიცხვას.
ასეთ დროს კომპანია ითვლის ყველაფერს - როგორც რაოდენობებს, ასევე ფასებს: მასალები, დამხმარე მასალები, ტრანსპორტირების ხარჯები, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანის ხარჯები, ხელობების ზუსტი მოცულობები და მათი ფასები, შუალედური დასუფთავება, სამშენებლო ნაგვის გატანა/გადაყრის ხარჯები - ყველა სახის ხარჯი, რაც შესაძლებელია წარმოიშვას თქვენს კონკრეტულ ობიექტზე რემონტის დაწყებიდან მის სრულ დასრულებამდე.
ასევე, კომპანია ახდენს სამუშაოების რიგითობის გაწერას იმ თანმიმდევრობით, როგორც უნდა განხორციელდეს მათი სწორი თანმიმდევრული ჩატარება.
ხარჯთაღრიცხვის დათვლის ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ-ზე 4 ლარს.
შეკვეთის განთავსების შემდეგ კლიენტს უკავშირდება კომპანიის წარმომადგენელი 20–25-წუთიანი გამოკითხვისთვის, რომლის დროსაც პარალელურ რეჟიმში უხსნის მას მასალების ხარისხებს შორის განსხვავებებს, ფასებს, მაღაზიებს და ყველა შესაძლო ალტერნატივას.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
02.12.2025.14:11
თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისში უძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” (GNARE) ორგანიზებით გაიმართება.
გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს;
უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსა და მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს.
ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერული კომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებას ადგილზევე გააცნობენ.
ღონისძიება საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ცალკეული დაინტერესებული პირებისთვისაც - სტუმრები შეძლებენ, დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები.
წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით : https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8
ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს: https://www.rew.ge/agenda/