Reckless - ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა
31 აგვისტოს თანამედროვე ქართული ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად 100 დოლარით არ დაწყებულა, არც პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები.
შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, - ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, რომ ამ ყუთის ძირში მთავარი - იმედი გასაზრდოებს.
პირველი კოლექციის ინსპირაცია სწორედ შვილის მიერ დატოვებული უამრავი მასალა აღმოჩნდა: მუსიკის, ნახატებისა და ანიმაციების სახით. სალომეს სურვილი, ბრენდი ნიკუშას ხსოვნისთვის მიეძღვნა და თინეიჯერების აქამდე ჩუმი ხმა ფართო საზოგადოებას გაეგო, ასრულდა. 5 წელია, Reckless მოზარდების იდენტობის, სიხარულის, ზოგჯერ ტკივილის გამომხატველი გახდა. უფრო მეტიც-კულტურული მოძრაობის ნაწილადაც იქცა.
„დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილ ბავშვებზე მუდმივად იყო აღქმა თუ როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ, წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზე, სწავლობდნენ კერძო ან უცხოურ სკოლებში. მრავალი გიჟური ეპიტეთით ვამკობდით მათ. თუმცა, დაუცველობის შიში და შფოთი- ამ თაობისთვის თანმდევი აღმოჩნდა. ზოგადად საქართველოში კომპლექსური პროდუქტის შექმნა დაუჯერებლად რთულია, მით უფრო, როდესაც საქმე ტანსაცმლის ბრენდს ეხება. თუმცა ეს სირთულეები არაფერი იყო იმის ფონზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ბევრად მსუბუქად გადავლახე რაღაცები ბიზნესის კუთხით“, - ამბობს სალომე.
ქართველების პირადი სივრცის უგულველყოფის თვისება და ის რომ არასდროს არავინ გტოვებს მარტო ( თუნდაც შენ ეს ძალიან გინდოდეს) ამ შემთხვევაში სალომეთვის მხარდაჭერად გარდაიქმნა. მის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა, მეგობრები გულშემატკივრობდნენ, აგულიანებდნენ. დღესაც, ქუჩაში ბევრს დაინახავთ 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც პირველი კოლექციის მაისურები აცვიათ.
„წარმოგიდგენიათ ანუ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან, დღესაც რომ ატარებენ?“- მგონი, თავადაც უკვირს სალომეს. თუმცა, რაში ეჭვიც არ ეპარება Reckless-ის ხარისხია.
ბრენდის გულწრფელობა და ხარისხის შენარჩუნება გუნდისთვის უმთავრესია. პროფესიით მარკეტოლოგს, ბიზნესში ინტუიციის სჯერა. როცა მიხვდა, რომ რესურსი არ ჰყოფნიდა და ბრენდი ახალ სტრატეგიას საჭიროებდა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები ახალ აღმასრულებელ დირექტორს თირნიკე აფრიდონიძეს გადააბარა. თორნიკეს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და რექლესის ბრენდსაც კარგად იცნობდა. ორი წლის განმავლობაში თორნიკემ სტრუქტურა ფუნდამენტურად შეცვალა. თიბისი ბიზნეს დაჯილდოების აპლიკაციის შევსება მისი ინიციატივა იყო. საქმისადმი დამოკიდებულებამ ჟიურიც მოხიბლა და “საუკეთესო პროდუქტის” ნომინაციაში მეორე ადგილი მიანიჭეს.
„ჩვენთვის ეს ჯილდო ბრენდის ლოკალური აღიარებაა. ნებისმიერი პლატფორმა, სადაც სათქმელს გააჟღერებ მნიშვნელოვანია“, -ამბობს თორნიკე.
მართალია, Reckless- ის აღმასრულებელ დირექტორს ზუსტად ესმის ვინ არის Reckless სეგმენტი და ხედავს პოტენციურ ბაზარსაც, ხშირად თინეიჯერების ბუნება მაინც არაპროგნოზირებადია.
„მოზარდი არ არის კოსმოპოლიტური გაგება. ყველა ქვეყანაში სათქმელს სხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ ძალიან რთულია ექსპანსია და იდენტობის გატანა. დავტესტეთ და ევროპულ ქვეყნებში street wear -მა არ გაამართლა, რადგან იქ უფრო პრეტაპორტე ტანსაცმელია აქტუალური. ჩვენთვის აზიური ქვეყნები, იაპონია, კორეა მიმზიდველია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად ვა ბანკია. თუ ბრენდს მყარი საფუძველი არ აქვს ერთი სეზონის კოლექციამ შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს. მოდის ბრენდის სტრუქტურა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“- გვიხსნის ამ ბიზნესის თავისებურებებს თორნიკე.
Reckless-ზე საუბრისას სალომეც და თორნიკეც ბრენდისადმი ემოციურ ბმაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ფაქტებიც არც თუ ისე მშრალია.
2025 წელს კომპანიამ მასშტაბური კოლაბორაცია დაგეგმა წამყვან ქართულ ბრენდებთან: თიბისი (Cannes Lions-ისთვის). Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში.
5 წლის თავზე ეს შედეგები მართლაც წარმატებულია. რთულია პროგნოზირება როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხებათ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, რაც ამ სეგმენტში მომუშავე ბრენდებს ეხებათ, უკვე გადალახეს. მათ მოზარდები ენდობიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.09.2025.18:00
ლოგისტიკური კომპანია JSL Logistics • JSL ლოგისტიკა, რომელიც დამოუკიდებელ მოთამაშედ 2024 წელს ჩამოყალიბდა, გადაზიდვების ზრდაზე საუბრობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში JSL Logistics-ის დირექტორმა გია ნადირაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს გადაზიდვები კომპანიის მაგალითზე 97.3%-იან ზრდას აჩვენებს.
JSL Logistics სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე წარმოდგენილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებით, თუმცა კომპანიის პორტფელის 90% მაინც საჰაერო ტვირთებზე მოდის.
„JSL Logistics-მა, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, ოპერირება 2024 წელს დაიწყო. მანამდე წარმოვადგენდით „ლასარეს“ ერთ-ერთ განყოფილებას და გვაქვს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში 25-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებები JSL Logistics-ისთვის ახალია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთვის კვლავ მთავარი მიმართულება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებია. ამ სეგმენტში მოთხოვნა აშკარად მაღალია და ჩვენი პორტფელის 90%-იც სწორედ ამ ტიპის გადაზიდვებზე მოდის,“ - ამბობს გია ნადირაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.
„მიმდინარე წელს საჰაერო გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის კუთხით, თუმცა დიდი წილი მაინც იმპორტზე მოდის. უფრო მეტი ტვირთი შემოდის, ვიდრე გადის. აქ საუბარი მაქვს, როგორც საქართველოსთვის განკუთვნილ ტვირთებზე, თუმცა არის ასევე ტრანზიტი და რეექსპორტი.
ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტზე ხშირ შემთხვევაში გადის ღვინის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა საგამოფენო საქონელი. გადის აგრეთვე ხელოვნების ნიმუშები და არა ანტიკვარები. საქართველოში სახელოსნოებში იქმნება გარკვეული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ექსპორტზე გადის.
ხოლო იმპორტის კუთხით უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, თუმცა დიდი წილი მოდის ტექნიკაზე და ასევე ღვინო მასალებზე.
საჰაერო კარგოს შემთხვევაში იმპორტისას ლიდერობს ჩინეთი, ხოლო ექსპორტის კუთხით ევროპა“, - აცხადებს JSL Logistics-ის ხელმძღვანელი.
არსებული გამოცდილების ფონზე, JSL Logistics-ის ავიაპარტნიორების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ავიაკომპანიებთან:
Uzbekistan Airways, LOT, Lufthansa, airBaltic, Air Astana, Turkish Airlines.
სწორედ პარტნიორების მრავალფეროვნება და ამ მხრივ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ JSL Logistics-მა საკუთარი მომსახურების ტარიფები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს და ბაზარზე კონკურენტული პოზიციით იყოს წარმოდგენილი.
„რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფებს ჩვენს მაგალითზე მცირედი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ვცდილობთ რომ ტარიფები შევინარჩუნოთ, რადგანაც ბაზარი აღარ არის ისეთი მდიდარი როგორც უწინ. თუმცა გეტყვით, რომ ტარიფების გადახედვა ყოველი წლის დეკემბერში ხდება და ოდნავი ცვლილებები გაქვს. იმის გამო, რომ თუნდაც სატრანსპორტო გადაზიდვებს აძვირებენ თავად ავიაკომპანიებიც და იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი“, - ამბობს გია ნადირაშვილი.
ირკვევა, რომ JSL Logistics-ისთვის საჰაერო ტვირთებისთვის ყველაზე დატვირთული თვე ტრადიციულად დეკემბერია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტოც აქტიური გამოდგა.
„საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია დეკემბერი, თუმცა წელს რატომღაც აგვისტოც საკმაოდ აქტიურია. თუ გვეგონა, რომ ამ პერიოდში ტვირთნაკადი მცირე იქნებოდა, ზრდა გვაქვს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ასეთი დატვირთულობა იქნებოდა. ხშირად გვაქვს ასევე სატრანზიტო გადაზიდვები და რეექსპორტები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
JSL Logistics ტვირთებს უზრუნველყოფს მისამართიდან მისამართამდე მიწოდებით, რაც კომპანიისთვის ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები კომპანიისთვის ახალი მიმართულებებია, მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„საჰაერო გადაზიდვებში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აშკარაა - ვმუშაობთ „ლასარეს“ ტერმინალიდან, რაც საგრძნობლად ამცირებს დროს. გვაქვს ოპერატიული წვდომა საბაჟოზე, გეზზე, ტერმინალზე. ერთი ფანჯრის პრინციპით ვემსახურებით კლიენტებს და პროცედურები ბევრად სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სხვაგან. ამასთან, ვართ ორი მსხვილი ფორვარდერული ქსელის წევრი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს პარტნიორები, რაც გვაძლევს კონკურენტულ ფასებს, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით,“ - აცხადებს გია ნადირაშვილი.
JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.
JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.
მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.
JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.