რებრენდინგი, 2025 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ „მტევანი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელთან
ქართული ყურძნის კოსმეტიკურმა ბრენდმა „ზარბაზანმა“ რებრენდინგი განახორციელა და საქმიანობას „მტევანი კოსმეტიკსის“ სახელწოდებით აგრძელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, კომპანიის ძირითადი ბრენდული სახელი იყო „ზარბაზანი“, რომელიც მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც კომპანია ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც ინტენსიურად შევედით ფარმაცევტულ ქსელებში, მომხმარებლებისგან მივიღეთ უკუკავშირი - ისინი დადებითად აფასებდნენ პროდუქციის ხარისხსა და დიზაინს, თუმცა ხშირად გამოხატავდნენ გაკვირვებას ან უკმაყოფილებას ბრენდული სახელის მიმართ. ჩვენი პოზიციაა, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, ამ სიტუაციაში მოქნილები აღმოვჩნდით. კომპანიის პროდუქციის დიზაინიც ამას ნათლად ასახავს - მტევანი ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი არჩევანი აღმოჩნდა, რის საფუძველზეც ბრენდს სახელი შევუცვალეთ და მიმდინარე წლის იანვრიდან პროდუქცია ბაზარზე „მტევანი კოსმეტიკსის“ სახელით არის წარმოდგენილი. მომდევნო 2–3 თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ რებრენდინგის მარკეტინგულ კამპანიებზე. მომხმარებელთა პირველმა რეაქციამ უკვე აჩვენა, რომ ახალი სახელი მათთვის უფრო მისაღებია, და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პოზიტიური განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდება “, - აღნიშნავს ალექსანდრე ბოლქვაძე.

2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
„2025 წლის თებერვლიდან სრულად ვარ ჩართული კომპანიის მენეჯმენტში, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა : შევედით თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში, ასევე ისეთ არა სააფთიაქო ქსელებში, როგორიცაა „სუფთა სახლი“, „კარფური“ და სხვა. ჩემი შეფასებით, კომპანიამ განიცადა დაახლოებით 100%-იანი ზრდა - წარმოება გაორმაგდა, ჩვენი ადგილი საცალო გაყიდვების ქსელში გაიზარდა და ცნობადობამაც საგრძნობლად მოიმატა “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ბრენდი, სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი აქცენტი ყურძენზეა. პირადად ჩემი მიზანია ქართული ყურძნის მნიშვნელობის წარმოჩენა კოსმეტიკურ და პარფიუმერულ ბიზნესში მაქსიმალურად მაღალ დონეზე. მოგეხსენებათ, როგორ ამაყობენ სხვადასხვა ქვეყნები თავიანთი პროდუქტით, მაგალითად, საფრანგეთში ლავანდა და ჟასმინი, ბულგარეთში ვარდი, იტალიაში ბერგამოტი და ასე შემდეგ. ჩვენ, როგორც უძველესი ყურძნისა და მეღვინეობის კულტურის ქვეყანამ, შესაბამისი სიტყვა უნდა ვთქვათ ყურძენთან მიმართებაში, რომელსაც უამრავი სასიკეთო თვისება აქვს.

ჩვენს პროდუქციაში ყურძენი იქნება ძირითადი ინგრედიენტი. ამავე დროს დაწყებულია მუშაობა პროექტზე „Crapes and Flowers“, რომლის მიზანიც არის ქართულ ყურძენთან ერთად, ქართული ენდემური ყვავილების გამოყენება, როგორიცაა ია, კავკასიური ცაცხვის ყვავილი, ქართული პეონია და სხვა. ეს უფრო გაამდიდრებს პროდუქტებს - საპნებს, სკრაბებს, ზეთებს, ლოსიონებს, ხელის საცხებს, სახის ნიღბებს. ჩვენი მიზანია, საქმიანობას მეტი ეროვნული ღირებულება შევძინოთ. ბუნებრივია, ბიზნესის მთავარი ფუნქცია მოგებაა, მაგრამ ეროვნული ელემენტის დამატება პროდუქტებს უფრო საინტერესო ხდის, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი სიამაყის საკითხს წარმოადგენს “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.
ცნობისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
17.04.2026.15:58
SOLO კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს, Visa-სა და რეზო გაბრიაძის თეატრის პარტნიორობით, პირველად თეატრის სცენაზე, სპექტაკლის - „შერეკილების“ პრემიერა გაიმართება.
მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებების შექმნის მიზნით კი, SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ბილეთების წინასწარი შეძენის პირობით ისარგებლონ. ამისათვის, ეწვიეთ ბმულს:
https://tkt.ge/show/32185/the-eccentrics
ინფორმაციისთვის, სპექტაკლი “შერეკილები” რეზო გაბრიაძის ლიტერატურული ნაწარმოების და ესკიზების საფუძველზე შეიქმნა. მამის მრავალრიცხოვან ჩანახატებს და ფრთოსან ფრაზებად ქცეულ „შერეკილების“ ამბავს, დადგმის რეჟისორმა, ლეო გაბრიაძემ, სცენური სიცოცხლე მიანიჭა.
რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი უნიკალური თეატრალური ენა, თოჯინური თეატრის სრულიად ახალი ფორმაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მაგიური რეალიზმი და პოეტური დრამა, იუმორი და სევდა, აბსურდი და სატირა. ის ერთდროულად მარტივიც არის და ძალიან ღრმაც. მთელ მსოფლიოში აღიარებული გაბრიაძის ხელოვნება, როგორც უნიკალური შემოქმედებითი მემკვიდრეობა აგრძელებს ცხოვრებას „გაბრიაძის თეატრში“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თეატრში ადგილები შეზღუდულია.
გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერია SOLO | Visa.