რატომ დააჯარიმა GCCA-მ რუსთავის ავტობაზრობა - ირაკლი ლექვინაძის განმარტება
GCCA-ის გადაწყვეტილებით რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა (GCCA) ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი 2023 წლიდან დაიწყო და კომპანიისგან ინფორმაციის ამოღება GCCA-ს სასამართლო გზითაც კი მოუწია.
„მონიტორინგისას ჩვენ საკითხს დეტალურად ვაკვირდებით. რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევაში საქმე ეხებოდა ავტოიმპორტიორებისთვის საპარკინგე ადგილების გაძვირებას. კერძოდ, 2023 წლიდან ერთი საპარკინგე ადგილის ტარიფი 5 ლარიდან 10-15 ლარამდე გაიზარდა, რაც არანაირი მომსახურების ან ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით არ იყო გამართლებული.
ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 260 ავტოიმპორტიორის საჩივარი. კვლევამ აჩვენა, რომ ფასის გაორმაგება ან უფრო მეტად ზრდა მოხდა ისე, რომ საპარკინგე სერვისის თვითღირებულება უცვლელი დარჩა — არც უსაფრთხოება გაუმჯობესებულა და არც სხვა ტიპის ინვესტიცია განხორციელებულა. შესაბამისად, ეს შეფასდა როგორც არაგონივრულად მაღალი ფასის დაწესება.
ჯამში, რუსთავის ავტობაზრობის — რომელიც ორი კომპანიისგან შედგება — ჯარიმამ დაახლოებით 850 000 ლარი შეადგინა. რეალურად მომხმარებელზე მიყენებული ზიანი კიდევ უფრო დიდი იყო.
გარდა ამისა, ინფორმაციის წარდგენისგან თავის არიდების გამო, კომპანიას სამჯერ დაეკისრა ჯარიმა, ხოლო საბოლოოდ საჭირო გახდა სასამართლოს გზით მონაცემების ამოღება.
ეს საქმე დასრულებულია, თუმცა ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას მომავალში პრევენციული ეფექტი ექნება. ასევე გავეცით რეკომენდაცია, რომ მომავალშიც, თუ დაფიქსირდა ფასის არაგონივრულად გაზრდა — რაც გულისხმობს ფასს, რომელიც ხარჯს და გონივრულ მოგებას მნიშვნელოვნად აღემატება — სააგენტო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ჩვენი ანალიზი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას“, — განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.20:30
„ორბი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმრო ინდუსტრიისთვის კიდევ 14 ათასი ნომრის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა. მანვე ყურადღება გაამახვილა თბილისში „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარს აღწევს.
„დღეისათვის „ორბი ჯგუფს“ ბათუმსა და ბაკურიანში ოპერირებაში აქვს დაახლოებით 16 ათასამდე ნომერი. სამომავლოდ ბათუმში იგეგმება 14 ათასი ნომრის დამატებით აშენება და შესაბამისად ოპერირება. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩვენ დავიწყეთ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „ცენტრალ პარკ თაუერსის“ განხორციელება, რომელიც არის უნიკალური საინვესტიციო პროდუქტი. მისი საინვესტიციო მოცულობა თითქმის 500 მლნ დოლარს აღწევს, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქალაქში 12 ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას, უზრუნველყოფს მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და უზრუნველყოფს საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ღონისძიებათა დაგეგმვის მიმართულებით ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას.
რადგანაც ამ კომპლექსში გარდა 8 ახალი საერთაშორისო რესტორნების ოპერატორისა იქნება ახალი ბრენდების მოლი, რომელსაც ბრიტანული ბრენდი ჰაინიკოლსი გაუწევს ოპერირებას, ჰაინიკოლსის ბრენდის ქვეშ იქნება და იქნება ყველაზე დიდი ივენთჰოლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარებას. ის გათვლილია დაახლოებით 3000 ადამიაზე, რაც რა თქმა უნდა ქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად განვითარდეს ქალაქი და შესაბამისად თავისი ეკონომიკური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.