„რანჩო პალომინო“ განვითარების ახალ ეტაპზე - კაფეს შემდეგ სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება
Palomino Ranch • რანჩო პალომინო, რომელიც ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან ოპერირებს, ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან რანჩო პალომინოს თანადამფუძნებელმა ანა ნადირაძემ განაცხადა, რანჩოს ტერიტორიაზე მალე კაფე დაემატება, ხოლო სამომავლო გეგმებში განთავსების ობიექტის მშენებლობაც შედის.
„პრინციპში, უკვე მესამე წელია, რაც ბაზარზე ვართ და 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, შემოსავლებში 260%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენი მომხმარებლები ადგილობრივი ბაზრიდან ნაკლებად არიან, თუმცა ადგილობრივი სეგმენტის წილი ნელ-ნელა, წლიდან წლამდე იმატებს. ძირითადად გვყავს მომხმარებლები ევროპიდან. ასევე საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების სახით. ევროპიდან კი ძირითადად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ლიდერობს“, - აცხადებს ანა ნადირაძე.
რანჩო პალომინოს თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობის კუთხით, გასულ წელთან შედარებით, 2026 წელი უკეთესი იქნება.
„მიმდინარე წელს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, იმიტომ რომ, როგორც წესი, ყველა ტურისტული ბიზნესისთვის თებერვალი ძალიან დიდი ჩავარდნის თვეა, თუმცა ჩვენ მაინც საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავს. წინა წლების სტატისტიკას რომ ვადარებთ, იანვარსა და თებერვალში საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს და მომართვიანობაც გვემატება. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ჩვენი ციფრული წარმომადგენლობა იზრდება და რეიტინგიც გვემატება. რაც უფრო მეტი ადამიანი მოდის, მით უფრო იზრდება ჩვენი წილი ციფრულ სივრცეში და მგონია, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზია. ამასთან ერთად, გარკვეულ მიმართულებებს ვავითარებთ, სხვადასხვა პლატფორმაზეც ვამატებთ ჩვენს სერვისებს და ასე შემდეგ. მგონია, რომ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე აუცილებლად გაიზრდება“, – აცხადებს რანჩო პალომინოს თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ რანჩო პალომინო სტუმრებს საცხენოსნო ტურებთან ერთად საცხენოსნო გაკვეთილებსაც სთავაზობს.
„ძირითადად, ამ ეტაპზე გვაქვს ერთსაათიანი, ორსაათიანი და ოთხსაათიანი ტურები. ყველაზე მოთხოვნადი, მაინც ვიტყოდი, ორსაათიანი ტურებია, რადგან ზოგისთვის ოთხსაათიანი ტური ზედმეტად ხანგრძლივია, ხოლო ერთსაათიანი - მოკლე, ამიტომ ორსაათიანი ტური შუალედურ ვარიანტს წარმოადგენს. ასევე გვაქვს საცხენოსნო გაკვეთილები, თუმცა ეს სერვისი ისეთი მოთხოვნადი არ არის, როგორც ტურები, რადგან ჩვენი საცხენოსნო ტურები სავსებით დამწყები მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი და უფრო მეტად სათავგადასავლო ხასიათს ატარებს - ეს არის, ასე ვთქვათ, ბუნებაში გასვლა და ცხენებთან ერთად სეირნობა“, - ამბობს ანა ნადირაძე.
რანჩო პალომინო ტურებს სთავაზობს როგორც ჯგუფებს, ასევე ინდივიდუალურ ვიზიტორებს.
„შეგვიძლია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურების ორგანიზება. მაგალითად, ამ ეტაპზე ერთდროულად 20 ადამიანის ტურზე გაშვება შეგვიძლია და ვგეგმავთ, რომ ზაფხულისთვის ეს რაოდენობა 25-მდე გავზარდოთ. ამისთვის ცხენების შეძენა უკვე დავიწყეთ და ივნისში ვფიქრობთ, რომ უკვე გვექნება 25 ცხენის ერთდროულად გაყვანის შესაძლებლობა“, - ამბობს რანჩო პალომინოს თანადამფუძნებელი.
დროთა განმავლობაში ბიზნესის გაფართოებისა და სერვისების გამრავალფეროვნების საჭიროება გაჩნდა, რის გამოც რანჩომ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. მიკროსესხის დახმარებით საკვები ობიექტის მშენებლობა დაიწყეს, რათა სტუმრებმა რანჩოზე დროის გატარება უფრო კომფორტულად შეძლონ.
„ვგეგმავთ, რომ კაფე უკვე პირველ მაისს გავხსნათ. საკვებ ობიექტში ძირითადად ოჯახური ტიპის მენიუ გვექნება – თუშური კერძები, რაც იქნება განსხვავებული და ჩვენი ნიშა.
რაც შეეხება ინვესტიციას, ამ ეტაპზე 300 000 უკვე ჩადებული გვაქვს და კიდევ რამდენს დავხარჯავთ, ჯერ არ ვიცით“, – აღნიშნავს ანა ნადირაძე.
კაფის ამოქმედების შემდეგ, რანჩო პალომინოს სამომავლო გეგმებში განთავსების ობიექტის მშენებლობაც შედის.
„აუცილებლად ვაპირებთ, რადგან ამის რეალური მოთხოვნა არსებობს. კაფის მშენებლობა ფაქტობრივად ჩვენი სურვილი კი არ იყო - სტუმრები გვთხოვდნენ, რომ გვქონოდა კვების ობიექტი, რადგან საცხენოსნო ტურიდან დაბრუნებულებს სურთ, რომ რამე მიირთვან ან დალიონ. ასევე მათთვის, ვინც ელოდება, მნიშვნელოვანია, რომ ლოდინის პროცესი მშვიდი და სასიამოვნო იყოს. იგივე ეხება სასტუმროსაც, რადგან ბევრს სურს ღამისთევით დარჩენა და მეტი დროის გატარება ცხენებთან, არა მხოლოდ იმ კონკრეტული დროის ფარგლებში, რასაც საცხენოსნო ტური მოიცავს. ჩვენ ამას აუცილებლად ვაპირებთ. უბრალოდ, წელს სხვა გეგმებიც გვაქვს – გარე სივრცის კეთილმოწყობა, კაფის გახსნა და ასე შემდეგ. თუმცა სამომავლო ხედვაში აუცილებლად გვაქვს ღამისთევის სივრცის მოწყობა, საუნისა და აუზის დამატება და სხვა გასართობი საშუალებების განვითარება“, – აცხადებს რანჩო პალომინოს თანადამფუძნებელი.
თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, განსაკუთრებული საცხენოსნო სივრცე პალომინო რანჩო ფუნქციონირებს. რანჩო სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ადგილობრივი თუშური ჯიშის ცხენებს, რომლებიც თავისი გრაციოზულობითა და გამძლეობით არიან ცნობილები.
ადგილზე მოქმედებს საცხენოსნო სკოლა, სადაც სწავლება ინოვაციური მეთოდებით მიმდინარეობს.
პალომინო რანჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიურობაა. გარემო სრულად არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სრულფასოვნად ჩაერთონ რანჩოს ცხოვრებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს იანვარში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 17.5%-ია
სხვა სიახლეები
რა შედეგებით დაბრუნდა Spielwarenmesse 2026 - დან “მინი კუბი“
16.02.2026.18:00
გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა. წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა 10-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო, მათ შორის იყო „მინი კუბიც“. გამოფენის შედეგებთან და დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ირაკლი ლომიძეს ესაუბრა.
„მინიკუბისთვის“ გამოფენა კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა საერთაშორისო აუდიტორიისთვის საკუთარი კონცეფციის გასაცნობად. ვიზიტორების მხრიდან აღინიშნა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილა.
გამოფენის ფარგლებში შედგა საინტერესო კომუნიკაცია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Hasbro, Mattel და Funko. „მინი კუბი“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ხარისხიანი, ლიმიტირებული და ბრენდირებული სათამაშო შესთავაზოს.
„მინიკუბი“, რომელიც ბავშვებისთვის „სიხარულის ყუთის“ შექმნას ემსახურება, გამოფენიდან მიღებულ გამოცდილებასა და კონტაქტებს განვითარებისთვის გამოიყენებს. კომპანიის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ღირებული და საინტერესო გასართობი შექმნას.
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელებული ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდისთვის, რათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გააგრძელოს განვითარება “, - აცხადებს ირაკლი ლომიძე.