რა სიახლეებს სთავაზობს Gogora მომხმარებლებს
ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია Gogora • გოგორა მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი სიახლე „გოგორას DIY“ ხაზის დამატებაა, რამაც პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადა.
როგორია კომპანიაში არსებული სიახლეები?
ზოგადად, „გოგორას“ მისია არის მეტი ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. ამ მისიიდან გამომდინარე, ჩვენი პროდუქტების ხარისხი არის ძალიან მაღალი და ევროპული სტანდარტების. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფასი იყოს ხარისხთან მიმართებაში ბევრად დაბალი. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის მოვიფიქრეთ ასეთი რაღაც, რომ ჩვენი პროდუქტები გაიყიდოს გაულაკავ მდგომარეობაში. იყოს ცალკე გასალაკი ბოქსი და სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა თავად გალაკოს. ეს გვაძლევს ფაქტობრივად ფასის განახევრების შესაძლებლობას და უფრო მეტ ხელმისაწვდომობას, გარდა ამისა, საშინაო მოხმარებაში პროდუქტი შეიძლება დარჩეს გაულაკავ მდგომარეობაშიც. ზოგს პირიქით, მსგავსი მოთხოვნა აქვს. ძალიან ბევრი წარმატებული და საერთაშორისო ბრენდია, რომელიც „Without finishing / Not finished" ამ დასახელებით დასრულების ანუ ლაკის გარეშე ყიდის პროდუქტს. ზოგიერთი კომპანია ერთხელ გალაკულს ყიდის, ზოგი ორჯერ გალაკულს, ზოგი სრულად გაულაკავს და არასოდეს არ ხდება აღნიშვნა თუ რამდენი ფენა ლაკია წასმული. რეალურად, ეს არის ფასის კუთხითაც და ხარისხის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც ჩვენს დასრულებულ პროდუქტს შეიძენს ინფორმირებული იქნება, რომ ორ ფენად არის გალაკული, ხოლო თუ შეიძენს DIY ხაზის პროდუქტს, ის იქნება გაულაკავ მდგომარეობაში, რომელიც ზუსტად ისეა დამუშავებული, როგორც სხვა დანარჩენი პროდუქტი და სახლის პირობებში ექნება შესაძლებლობა რომ თავად გალაკოს.
ცნობიერების კუთხით, მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ რას ყიდულობს და გარდა ამისა, ხდება საშინაო აქტივობების ხელშეწყობაც. ამ პროდუქტების დამზადება ბავშვებთან ერთად შეუძლიათ მშობლებს. ბოქსში არის ყველაფერი რაც საჭიროა გალაკვისთვის. მათ შორის, ძირს დასაფენი ქაღალდიც კი და პროცესი არის ძალიან მარტივი. ეს ყველაფერი ცირკულარული ეკონომიკის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საწარმოში პროდუქტების გალაკვას ვახდენთ ვიყენებთ სპრეის, რომელიც გაიფრქვევა გარემოში და გვრჩება ბევრი ნარჩენი. მათ შორის, ლაკის ყუთები. საშინაო პირობებში კი ხდება ფუნჯით დამუშავება. შესაბამისად, გარემოზე ზიანიც მინიმალურია. ყველა ეს ატრიბუტი რაც ახლავს ჩვენ DIY ბოქსს არის მრავალჯერ გამოყენებადი. მათ შორის, ნაჭერი რომლითაც შემდეგ ნაწილაკებისგან უნდა გაასუფთაონ, ტომსიკები და ა.შ. ყველაფერი არის ეკომეგობრული შეფუთვა. ყველა პროდუქტზე იმუშავებს DIY ხაზი და მომხმარებლებს შეეძლებათ იყიდონ პროდუქტი, როგორც დასრულებული ისე DIY მიმართულებიდან.
სიახლე ისიც, რომ ჩვენი საწარმო გაცილებით დიდ სივრცეში გადავიდა, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში ვიქნებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მთავარი სწორება არის იმაზე, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ბითუბი, ასევე ბითუსი ხაზი. ჩვენი მისიიდან გამომდინარე არ გვსურს, რომ ბითუს მომხმარებელს მოაკლდეს შესაძლებლობა სახლის პირობებში შექმნან ეს გარემო, მაგრამ მთავარ პრიორიტეტად დარჩება ბითუბი მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ბავშვები კი ყველაზე დიდ დროს ატარებენ ბაღში. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო ბაღი. კერძო ბაღებისთვის ჩვენ გავაკეთეთ ბითუბი ონლაინ პლატფორმა, სადაც რეგისტრირდებიან და ჩვენ მათ ყოველკვირეულად ახალ-ახალ შეთავაზებებს ვთავაზობთ. გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში პროდუქციაზე ფასი იკლებს. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის ეკოლოგიური, ეფექტურობისა და სხვა თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთი დასახელების პროდუქტის დიდი რაოდენობით წარმოება. ბაღს არ სჭირდება მაგალითად, 15 შვედური კედელი ამიტომ შვედური კედლის ირგვლივ ერთიანდება 15 ბაღი. სპეციალური შესავსები ფორმა არის, რომელსაც ავსებენ და ეს ბითუბი პლატფორმა გავხადეთ ხელმისაწვდომი ბითუსი მომხმარებლისთვისაც. ფასი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, მომხმარებლებს არ ვყოფთ ფინანსური შემოსავლების მიხედვით. ჩვენი მომხმარებელი ის არის ვინც ზრუნავს ბავშვის განვითარებაზე. პრიორიტეტად რჩება ბითუბი მიმართულება, ბაღებთან მუშაობა და ჩვენი მთავარი ოცნება არის რომ სახელმწიფო ბაღებში მოვახერხოთ ლამინატის საფრთხის შემცველი და სრულიად არამდგრადი ავეჯის ჩანაცვლება, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯით. ამას ჩვენ ვახერხებთ ცალკეული პროდუქტების შემთხვევაში მაგალითად, ფიზიკური აქტივობის ავეჯით, მაგრამ მთლიანი ბაღების მოწყობა რომ მოხდეს ასეთი პროდუქტებით ეს ჯერ-ჯერობით გზაშია. ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ და ეს პრეცედენტი იქნება საოცრება. ქვეყნისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ რომ მსგავსი რაღაც სამწუხაროდ ჯერ საქართველოში არ მომხდარა რომ სახელმწიფო ბაღში ბავშვებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ავეჯი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე დაინიშნენ
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
29.04.2025.18:00
თბილისში, მზიურში, „თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უცხოელ არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობდა.
"სივრცე 22 აპრილიდან გაიხსნა. ვმუშაობდით უცხოელ არქიტექტორებთან ერთად. კერძოდ, ერთ-ერთ დიზაინ სტუდიასთან, რომელიც საბავშვო სივრცეებში არის სპეციალიზებული. უშუალოდ, პროექტსა და დიზაინზე მუშაობა 2023 წლის ნოემბერში დავიწყეთ. დაგეგმარების პროცესი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ კი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თვითონ სივრცე არის 800 კვადრატი. მოიცავს სხვადასხვა ზონებს, მათ შორის ოთხ დაბადების დღის ოთახს. ამ ოთახებში გვაქვს დისკო ოთახი, სადაც არის Silent Disco სისტემა, ანუ დისკო ყურსასმენებით, რომელიც საკმაოდ ახალი ტექნოლოგიური სისტემაა და გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს ყურსასმენში აქვს მუსიკა ჩართული. გვაქვს SMEG - ის კულინარიული ოთახი, სადაც კულინარიული ვორქშოპები და დაბადების დღეები იქნება. ასევე გვაქვს 0-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის სივრცე, რომელიც საქართველოში დაბადების დღეების მიმართულებით არავის არ აქვს და არის სრულიად ადაპტირებული 5 წლამდე ბავშვებისთვის და ასევე მეოთხე ოთახია STEM ოთახი, რომელიც იქნება სხვადასხვა ტიპის მეცნიერული ექსპერიმენტების ოთახი. გარდა ამისა, სივრცეში გვაქვს კაფე, რომელიც არის მშობლებისთვის, ან ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მოუნდება რომ „თამაშობანას“ ესტუმროს მათ შორის, უბრალოდ ლანჩის დროს. კაფე დაახლოებით 40 ადამიანზეა გათვლილი და მიბმული აქვს Baby Area, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა პატარებთან ერთად მოსვლის, კაფეში ჯდომის და მათი გართობის. ვისაც ბავშვის დატოვების პრობლემა აქვს მათთვის იქნება საკმაოდ კომფორტული. გარდა ამისა, გვაქვს მაღაზია, სადაც განთავსებულია „თამაშობანას“ თამაშები, ჩვენი ცნობისმოყვარე პანდას გამომცემლობის წიგნები და სხვა ექსკლუზიური ბრენდების წიგნები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არის და ახლა შემოგვაქვს. ასევე არის თავისუფალი თამაშის სივრცე, რომელიც იქნება დღიურ ბილეთებზე მიბმული და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ მოვიდეს, იყიდოს დღიური ბილეთი და შემოვიდეს თავისუფალი თამაშის სივრცეში, სადაც განთავსებულია სასრიალოები, სათამაშოები, სხვადასხვა აქტივობები, რითაც შეუძლია რომ დაკავდეს და ასევე პატარა ვორქშოპების მაგიდა. კიდევ გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც ზაფხულიდან იქნება წიგნის კლუბი. გვაქვს კლასობანას ოთახიც, სადაც იქნება კურსები ბავშვებისთვის და გვაქვს თეატრი, რომელშიც უკვე მაისის შუა რიცხვებიდან ყოველ შაბათ-კვირას იქნება კონკრეტული სპექტაკლები, წარმოდგენები, შოუები, სხვადასხვა საუბრები მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ეს თეატრი არის ნამდვილი თეატრი თავისი განათებებით, ვიდეო ტექნიკით, რომელიც როგორც კინო მუშაობს და იმუშავებს სრული დატვირთვით შაბათ-კვირას. ასევე გვაქვს დიდი და ლამაზი ეზო, რომლის პროექტიც ჯერ გზაშია და არ დაგვიწყია მასზე მუშაობა, თუმცა მალე ეს საკითხიც მოგვარდება. საკმაოდ კარგ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. სამზარეულო გვაქვს ევროპული სტანდარტების, აბსოლუტურად ახალი დანადგარებით აღჭურვილი და მაქსიმალურად კონცენტრირება გვაქვს იმაზე, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის იყოს და ნებისმიერი ჩვენი სივრცის ვიზიტორი ამას აღნიშნავს. პატარა დეტალები გაქვს დარჩენილი, რასაც მალევე დავასრულებთ და უკვე მაისის თვიდან სრული დატვირთვით მივიღებთ სტუმრებს სხვადასხვა მიმართულებით, მსურველებს ვისაც „თამაშობანასთან“ თამაში მოუნდებათ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.