რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
ყოველდღიურ რუტინაში, ერთხელ მაინც გაგვივლია გულში, გვქონოდა საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ახალი სტარტაპის რეკლამა შეგვხვედრია და გაგვიფიქრებია: ეს იდეა ხომ მეც მქონდა?
მთავარი სირთულე მაინც ბიზნესის წამოსაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ამ დროს, ახალბედა მეწარმეებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ამ კითხვებზე სწორი პასუხები მათ შეცდომებისგან აზღვევს.
მოდი, ვნახოთ, რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად დამწყები ბიზნესები.
1.რა თანხაა საჭირო საქმის დასაწყებად?
ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ინვესტიციის რაოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი ხარჯები: ტექნიკა, ინვენტარი, რემონტი, მარკეტინგული და პირველი რამდენიმე თვის საოპერაციო ხარჯები. ბიზნესი პირველ 3–6 თვეს იშვიათად მუშაობს სრული დატვირთვით, ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
2.როდის ამოვიღებ ჩადებულ ფულს?
ეს კითხვა ყოველთვის ლეგიტიმურია. თუ არ იცი, როდის ამოიღებ ფულს, შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო. დავუშვათ, 20 000-ლარიანი დანაზოგით პოპულარული ყავის „დრაივი“ გახსენი. ცოტა ხანში კი ასეთი შედეგი გაქვს - შემოსავალი 7 000 ლარი, ხარჯები (ქირა, პროდუქტი, კომუნალურები, თანამშრომელი) - 5 000 ლარი. გამოდის, რომ შენი წმინდა მოგება 2 000 ლარია. ინვესტიციის ამოსაღებად კი ეს მარტივი ფორმულა გამოგადგება: ინვესტიცია თვიურ წმინდა მოგებაზე უნდა გაყო. შენს შემთხვევაში - 20 000/2000 =10 თვე. გამოდის, რომ ჩადებულ თანხას 10 თვეში ამოიღებ, რეალური მოგება კი, ამის შემდეგ დაიწყება.
3.როგორ განვსაზღვრო პროდუქტის ან მომსახურების ფასი?
ჯერ, ზუსტად უნდა დაითვალო, რა გიჯდება შენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ამაში შედის მასალა, დრო, შრომა, მიწოდება, კომუნალურები, მარკეტინგული ხარჯები. ეს თანხა იქნება ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ. შემდეგ კი აუცილებლად ნახე, რა ღირს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე. კონკურენტების ფასი მოგცემს წარმოდგენას, თუ რა თანხის გადასახდელად არის მზად მომხმარებელი. ბოლოს კი, დაფიქრდი: რა ღირებულებას აძლევს შენი პროდუქტი მომხმარებელს. თუ უკეთეს შედეგს ან უფრო სწრაფ მომსახურებას აძლევ, შეგიძლია უფრო მაღალი ფასი დააწესო.
თუ კარგი იდეაც გაქვს, ბიზნესგეგმაც დაწერე და ბანკის მხარდაჭერის ეტაპამდე მიხვედი, აუცილებლად დაგაინტერესებს:
4.რას აქცევს ინვესტორი/ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას?
ინვესტორი და ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი, რეალისტურად დაგეგმილი და მართვადი არის შენი ბიზნესი. ფინანსური პროგნოზები უნდა იყოს ზუსტი და არგუმენტირებული, ხოლო ბიზნესმოდელი კი გასაგები და შემოსავლიანი. ამას შემდგომ ემატება გუნდის კომპეტენციაც. მარტივად: მათ სურთ დაინახონ, რომ შენი იდეა ნამდვილად იმუშავებს, შეძლებ ვალდებულებების შესრულებას და პროექტი გრძელვადიანად მომგებიანი იქნება.
5.Word-ის დოკუმენტი ჯობია თუ პრეზენტაცია (Pitch Deck)?
დამწყები ბიზნესისთვის Pitch Deck თითქმის ყოველთვის უფრო ეფექტიანია, რადგან დროის მცირე მონაკვეთში გსურს ინვესტორის დარწმუნება. Word-ის დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი მასალა, სადაც სრულად ახსნი ტექნიკურ დეტალებს.
როგორც ხედავ, მარტო არ ხარ და მსგავსი და კიდევ უამრავი კითხვა ბევრ დამწყები ბიზნესის წარმომადგენელს უტრიალებს თავში. თუ ყურადღებით იქნები, ქალაქში მალე სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავ.
და, გახსოვდეს - თუ იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ.
სხვა სიახლეები
ამჟამად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - BODBE Hotel
08.12.2025.16:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას.
სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ბოდბეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„ბოდბეში“ ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი წლის ღონისძიებაა. გვინდა სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს “ბოდბესთვის” დამახასიათებელი, გამორჩეული გარემო დავახვედროთ.
პარალელურად, ვამუშავებთ სეზონურ მენიუების გადახალისებაზე, რათა სტუმრებს ახალი გემო და კულინარიული აღმოჩენები მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ.

სიახლეების მომტანი იქნება “ბოდბეს” გუნდის ამჟამინდელი, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთანაც - ვფიქრობთ, ასე „ბოდბეს“ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სივრცეების - ჩვენი გამორჩეული მარნის, ახალი რესტორანებისა და პადელის მოედნის გახსნა კიდევ უფრო გაგვამრავალფეროვნებს და მეტ, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმარს გაუჩენს „ბოდბეში“ დასვენების სურვილს.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?
„ბოდბე“ მხოლოდ ერთი წლისაა, შესაბამისად, გასული წლების დინამიკას ვერ შევედრებით. თუმცა, ვიცით, რომ სასტუმროს გახსნიდან დღიდან, დაინტერესება და მოთხოვნა ყოველთვიურად მატულობს - ტენდენცია სტაბილურად მზარდია.
ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.
