რა გამოწვევები აქვს სასტუმრო ბიზნესს სვანეთში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე - სასტუმრო ,,ფალიანი"
სვანეთში მდებარე ახალი ბუტიკური სასტუმრო ,,ფალიანი" ზამთრის სეზონისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქტიურია, ,,ფალიანის" მენეჯმენტში შედეგით უკმაყოფილო არიან. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად. ზაფხულის სეზონზე მაღალი დატვირთვით ვერ იმუშავეს, რაც რიგი ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული.
,,სასტუმროსთვის ზაფხულის სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ივლის-აგვისტოში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 100%-ით არ დავტვირთულვართ, მაგრამ მკვეთრად გავიუმჯობესეთ პოზიციები. ახლა მთელი გულისყური ზამთრის სეზონზეა, რისთვისაც თადარიგი დავიწყეთ. წინასწარ ძნელია თქმა, როგორ იმუშავებს სასტუმრო, რადგან სრულად ამინდზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ პროგნოზის გაკეთება გვიჭირს. თანაც არ ვიცით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით რა ვითარება გვექნება. წინა წლებში ამან დიდი პრობლემა შექმნა. რთულია ტურისტისთვის, ამხელა გზა გამოიაროს და ელემენტარული პირობები არ დახვდეს. ელექტროენერგიის დეფიციტი ან ავარიული გამორთვები ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. ცალკე პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურაც. მოკლედ, რიგი გამოწვევებია, რასაც ბიზნესი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, სასტუმრო ,,ფალიანი“ 2022 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს საოჯახო ნომრებსა და ჰოსტელს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი და ბარი, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება. სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.