„ქვევრის ლუდი“ ბოთლებში სერიულ ჩამოსხმას იწყებს
Amphora Beer / ქვევრის ლუდი, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და სამცხე-ჯავახეთში იწარმოება, მალე წარმოების გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით გაყიდვების ზრდას გეგმავს. „ქვევრის ლუდის“ ბრენდით ლუდს ლუდსახარში „ვარძია“ ასხამს, რომელიც წარმოებაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გერმანულ პროდუქციას იყენებს.
„ქვევრის ლუდი“ ბაზარზეა 2016 წლიდან და მას შემდეგ ნელ-ნელა ვითარდებით. ასპინძაში გვაქვს საწარმო და ჰოსტელი „მელუდის სახლი“, სადაც სტუმრებს ლუდის აბაზანებსაც ვთავაზობთ. რეალურად, ერთიანი ტურისტული სივრცეა - ჩამოდის სტუმარი და ვთავაზობთ განთავსებას, ასევე ულიმიტო ლუდს, რომელიც ჩვენს ლუდსახარშში მზადდება. სტუმრებს ასევე ვთავაზობთ ლუდის დეგუსტაციებს და მასტერკლასებს. სტუმრებს ადგილზე ძირითადად მესხური სამზარეულოთი ვუმასპინძლდებით,“ - აცხადებენ ლუდსახარში „ვარძიაში“.
„ქვევრის ლუდი“ ამ ეტაპზე გაყიდვაში მხოლოდ ჩამოსახმელი სახითაა და იყიდება იმ ბარებში, სადაც ლუდია წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის მიზანია, რომ სხვადასხვა ბარებშიც აქტიურად შევიდეს და ამისთვის ლუდის ბოთლებში სერიულ ჩამოსხმას იწყებს. თუმცა მანამდე კომპანიამ ბოთლებში „ქვევრის ლუდის“ სახდელი პარტია უკვე ჩამოასხა და თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ შეიტანა.
„ცნობადობასთან ერთად გაყიდვებიც იზრდება. ჩვენ მაინც მიკრო ლუდსახარშად ვითვლებით და მასშტაბური წარმოება არ გვაქვს, თუმცა გვაქვს უმაღლესი ხარისხი, რადგანაც მასალები, რითაც ლუდი იწარმოება, არის მაღალი ხარისხის და ჩამოგვაქვს გერმანიიდან. არ ვუშაობთ იაფიან რუსულ ალაოზე. გეგმებშია ლუდის სერიული ჩამოსხმა და ასე რეალიზაცია. რეალურად, ჩამოსახმელ ლუდს რეალიზაციამდე დიდი მოვლა სჭირდება და ამიტომ ბოთლებში ჩამოსხმა უფრო მარტივია. მოთხოვნაც სწორედ ბოთლში ჩამოსხმულ ლუდზეა,“ - განმარტავენ ლუდსახარშში.
„ქვევრის ლუდი“ ბაზარზე 4 სახეობის ლუდითაა წარმოდგენილი, თუმცა, როგორც მწარმოებლები განმარტავენ, ყველაზე მოთხოვნადი „ღია ლაგერია“, რომელიც არაპრეტენზიულია და სტანდარტული ლუდია. სერიული წარმოებით „ქვევრის ლუდს“ ბაზარზე არსებულ ლუდის ბრენდებთანაც მოუწევს კონკურენცია.
„კონკურენციას ვაპირებთ მხოლოდ ხარისხით. საქართველოში ლუდის ბაზარი გაჯერებულია - დიდი მოთამაშეები არიან და მათ მეტი რესურსი აქვთ, რომ ობიექტებსაც ელაპარაკონ და დაარწმუნონ, რომ მათი ლუდი შეიტანონ. მაგრამ ჩვენი ბაზარი არ არის მას-მოხმარების. ჩვენ ვართ კრაფტ ლუდი და არის გაუფილტრავი. ცოცხალი ლუდის ბაზარზე ის დიდი კომპანიები არ შემოდიან, რადგანაც რთული მოსავლელია,“ - აცხადებენ კომპანიაში.
„ქვევრის ლუდი“ წარმოდგენილი იყო სამცხე-ჯავახეთის „გემო ფესტზეც“.
„გემო ფესტში მონაწილეობა ჩვენთვის პირველი იყო, მით უმეტეს, ლუდთან ერთად კერძებითაც ვიყავით წარმოდგენილები. გემო ფესტი ორგანიზებული იყო იდეალურად. გაყიდვები საკმაოდ კარგად წარიმართა და მოლოდინს გადააჭარბა,“ - აცხადებენ „ქვევრის ლუდის“ მწარმოებელ კომპანიაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.20:45
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.
„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.