"ტრიუმფის 80 წელი" - საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით სუხიშვილების გამოფენა იმართება
ტრიუმფის 80 წელი - ასე ქვია გამოფენას, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ანსამბლი ქართული კულტურის გამორჩეული სიმბოლოა, რომლის მთავარი მისია ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვა და მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენაა.
ბოლო წლების მანძილზე, სუხიშვილების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკი და SOLO არიან. სპონსორები, რომელთა ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას - მუდმივ განახლებას, დაუოკებელ ჟინსა და არ გაჩერებას.
სუხიშვილების ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ბალეტისა და ქართული ფოლკლორის მოყვარულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. აღსანიშნავია, იმ დროისთვის ტრადიციული ცეკვის ხაზი მკაცრად განსაზღვრული იყო, ხოლო საზოგადოება ექსპერიმენტებსა და სიახლეებს რთულად ეგუებოდა. თუმცა არსებობდა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა ახალ იდეებს. ეს იყო დიდი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე, რომელიც თავისი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებით მალევე იქცა დასის მთავარ ბირთვად.
კრიტიკის ქარცეცხლში, ჟინითა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შექმნის იდეით გაერთიანებულმა სამეულმა გაბედა ექსპერიმენტი - ნინომ და ილიკომ კლასიკურ მოძრაობებს შემატეს ბალეტის მოძრაობები, თეატრალურობა და სინქრონი, აჩქარდა მუსიკის რიტმიც. სცენაზე ცეკვა მეტად სანახაობრივი გახდა. ხოლო რაც შეეხება კოსტიუმებს, “ფერთა სიმფონიის დიდოსტატმა“ სოლიკო ვირსალაძემ სცენაზე სრულიად ახალი სტილი შემოიტანა.
დღეს, სუხიშვილების მიერ შექმნილმა სასცენო ხელოვნებამ მუზეუმის სივრცეშიც გადმოინაცვლა. იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დროში იმოგზაუროს, იხილოს უნიკალური ფოტოარქივი, ძველი აფიშები და კოსტიუმები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო, როგორც ქართველი ასევე უცხოელი დიზაინერებისა და ხელოვანებისთვის.
უშუალოდ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიული ფოტოები, რომლებიც სუხიშვილების განვლილ გზას ასახავს. მათ შორისაა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის პორტრეტები, საოჯახო მომენტები და წარმატების პირველი წამები. ასევე, გამოფენილია ფოტოები მსოფლიო ტურნეებიდან, მათ შორის პირველი წლებიდან, როცა სუხიშვილების დასი ქართული კულტურის ელჩად მოგვევლინა. ფაქტობრივად არ დარჩენილა დიდი სცენა, სადაც ანსამბლს ცეცხლი არ დაუნთიათ. პირველად იყო ფინეთი, შემდეგ დანია, ინგლისი და იტალია. ტრიუმფითა და სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტები გამართეს ათეულობით სცენაზე - მათ შორის, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერასა” და “ლა სკალაში”.
ფოტოების მიღმა, ცალკეული კედელი ეთმობა აფიშებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ეპოქას და მნიშვნელოვან მომენტებს ანსამბლის ისტორიიდან. ასევე ასახავენ კულტურულ მრავალფეროვნებას და შემოქმედებითი ხედვის ცვლილებას. თითოეული მათგანი არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც გარმოჩეულ ემოციასა და აღფრთოვანებას იწვევს. განსაკუთრებით ემოციურია საბჭოთა საქართველოს დროინდელი აფიშების ხილვა. სადაც წერია ანსამბლი საქართველოდან და არა საბჭოთა კავშირიდან.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები იხილოს. მათ შორის, სამუზეუმო ექსპონატად ქცეული “სამაიას“ თვლებით მოჭედილი სამოსი. ვირსალაძისთვის პერფექციონისტული ჟინი, არასდროს ჯერდებოდა შექმნილს. მისი ხედვა იყო უნიკალური დიზაინის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა ანალოგი. სწორედ ამიტომ, ძირითადად თეთრ აბრეშუმს ირჩევდა, რომელსაც თავად ღებავდა. შაბიაბნისფერი, წითელი, შავი და ოქროფერი ქსოვილებით მოხატული სამოსი მისი განუყოფელ ხელწერად იქცა. საგულდაგულოდ შერჩეული ფერები, რომლებიც არ მეორდებოდა და სხვადასხვა ტონებში იყო წარმოდგენილ, დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წელი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი უმცროსი ნინო სუხიშვილია, რომელიც ვირსალაძის შთაგონებით გამორჩეულად მსუბუქ, ჭრელ და ჰაეროვან სამოსს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები ნინოს მიერ შექმნილ ჯუთას, ცეკვა-თამაშის, ნანილას, ქალების სამანისა და ხორუმის კოსტიუმებსაც იხილავენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობამ, შემოქმედებამ და სიამაყემ განსაზღვროს მთელი ერის სახე. ეს არის დინასტია, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება.
სუხიშვილების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკი და SOLO არიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.19:00
EMMAR-ის ინვესტიციას საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და საქართველოს მიმზიდველობა, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი თქმით, $6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, პარალელური დარგების განვითარებას.
„პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს ინვესტორის გადაწყვეტილებაა და ამას საფუძვლად უდევს ის გარემო, ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ამ სახის და ამ ოდენობის ინვესტიციებისთვის უკვე. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც გაჟღერდა ამ ოდენობის ინვესტიცია ერთჯერადი, ერთი კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა ამის ათვისება არ მოხდება და ვერ მოხდება ვერც ერთი წლის განმავლობაში და ვერც ორის. ეს გაიწელება გარკვეულ პერიოდში და ეს ასეც არის ალბათ გათვალისწინებული, მაგრამ თვითონ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მრავალ სხვა პარალელურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას პარალელურად საქართველოში და ეკონომიკის პარალელური დარგების განვითარებას. იმიტომ, რომ ეს იქნება მრავალ წახნაგოვანი და მრავალ მიმართულებიანი ინვესტიცია, იმიტომ რომ იქ სადაც უნდა აშენდეს, იქ გზა იქნება მისაყვანი, იქ იქნება სხვა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ მთავარი ინვესტორის გარდა ბევრი მოთამაშე იქნება პარალელურად ჩართული“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, EMMAR-ის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით სარგებელს ბევრი სხვა მომიჯნავე სექტორები და ბიზნესები ნახავენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ სარგებელს აქედან, როგორც სატრანსპორტო კომპანიები, ჩვენი სატრანსპორტო კომპანია და ბევრი სხვა ჩვენი კონკურენტი. მათ შორის იმიტომ რომ ბევრი რამ რაც ამ მშენებლობის პროცესში იქნება საჭირო, ის იქნება ტრანსპორტირებული ზღვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ბევრი მოთამაშე ეყოლება ამ ინვესტიციას და თანამონაწილე“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.