"სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და წარმოება ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
სვანური • Svanuri რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „სვანურის“ დამფუძნებელს გიორგი ლიპარტელიანს ესაუბრა.
„კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისის თვეში დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკიდან და უკვე დაიწყო გეგმების განხორციელება: ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და საწარმოო სივრცეების მშენებლობა.
ინვესტიციის ფარგლებში, გაიზრდება მანქანა-დანადგარების წარმადობა, რაც საშუალებას მოგვცემს ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. აღსანიშნავია, რომ "სვანურის" რძის პროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, წარმოება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენ უკვე გვყავს ლოიალური მომხმარებლები და ვამაყობთ ამით.
იქედან გამომდინარე, რომ რძის პროდუქტები პირველადი მოხმარებისაა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და გამოგვდის, რომ ყველა პოზიციის რძის პროდუქტზე (რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი) ფასები იყოს ადეკვატური, ყველამ შეძლოს ყოველდღიურად მათი შეძენა.
უახლოეს მომავალში კომპანიის ასორტიმენტს დაემატება ჭიქის და ბოთლის იოგურტები სხვადასხვა არომატებით, დისტრიბუციას გავუკეთებთ ძალიან საინტერესო დიეტურ და დაბალცხიმიან რძის პროდუქტებს, გვექნება ევროპული ყველიც, თუმცა არა "სვანური"-ს ბრენდის ქვეშ.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციის ხარისხიც, პროდუქტის ხარისხთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღაზიების დროული მომარაგება ყველა სტანდარტის დაცვით. შევიძინეთ ახალი სადისტრიბუციო სამაცივრე ავტომობილები და დავიმატეთ თანამშრომლებიც.
არსებითად გაუმჯობესდა ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად ჩვენი პროდუქტი წარმოების პროცესშიც და დასრულების ეტაპზეც გადის არაერთ მნიშვნელოვან შემოწმებას, რათა საბოლოო პროდუქტის ხარისხში ვიყოთ დარწმუნებულები.
2026 წლიდან "სვანური" იწყებს ძალიან საინტერესო სოციალურ პროექტებს, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ “, - აცხადებს გიორგი ლიპარტელიანი.
სხვა სიახლეები
2025 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, ფიქსირდება ზრდა - Vaziani Company
14.11.2025.14:00
„ვაზიანი კომპანიმ“ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში გამართულ Daejeon International Wine EXPO-ს მასშტაბურ გამოფენაში , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა აურიკა კროიტორმა განუცხადა.
„2025 წლის ოქტომბერში „ვაზიანი კომპანიმ“ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის, ქალაქ დეჯონში გამართულ Daejeon International Wine EXPO-ს მასშტაბურ გამოფენაში. ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს ღვინის სფეროს პროფესიონალებს, ბაიერებს და ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვაზიანი კომპანიმ წარადგინა როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული ქვევრის მეთოდით დაყენებული ღვინოები. გარდა ამისა, დავარეგისტრირეთ ჩვენი ღვინოები კონკურსზე, რომელიც მანამდე გაიმართა და მივიღეთ ოთხი ოქროს მედალი, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი ახალ ბაზარს წარმოადგენს. ქართული ღვინო მათთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკად ითვლება, თუმცა ინტერესის ზრდა შესამჩნევია, რაც დადებითი ნიშანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში, მათ შორის კორეაშიც, ღვინის მოხმარებისა და ექსპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. კორეის ბაზარი მიჩვეულია მაღალი ხარისხის მშრალ ღვინოებს ისეთი ტრადიციული მწარმოებელი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, სწორედ ამ ბაზრებიდან იმპორტირებული ღვინოების გაყიდვებისა და მოხმარების მაჩვენებლები მცირდება.

2025 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, ფიქსირდება ზრდა. 2024 წელსაც დაფიქსირდა რეალური ზრდა: მოცულობის მხრივ დაახლოებით 11%-ით, ხოლო თანხობრივი მაჩვენებლით ოდნავ უფრო მეტი. ეს ფაქტორი საქართველოს ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანად აქცევს, სადაც ზრდა შეინიშნება საერთო გლობალური კლების ფონზე, რაც ძალიან კარგი შედეგია და რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის.
ვგეგმავთ, კიდევ უფრო აქტიურად შევიდეთ კორეის ბაზარზე, გავზარდოთ ცნობადობა და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს გავაცნოთ ქართული ღვინო. ამისთვის, აუცილებელია უფრო მეტი ძალისხმევა და აქტიურობა როგორც კორეაში, ისე სხვა ბაზრებზეც. საერთო კლების ფონზე ზრდის ტენდენცია განსაკუთრებულად შთამაგონებელია და გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უკეთ წარმოვაჩინოთ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე “, - ამბობს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.