QisaBag - ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარს იპყრობს
ბრენდი QisaBag წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ჩანთებსა და აქსესუარებში. ბრენდი შექმნილია კატო რამიშვილის მიერ და მთავარი აქცენტი საზღვარგარეთ გაყიდვებზე კეთდება.
„QisaBag-ს დაახლოებით 8 წლის წინ დავაარსეთ და თავიდანვე ორიენტირი უცხოურ გაყიდვებზე ავიღეთ. ეს ის დროა, როცა არ გვქონდა არც ფართი, არც შესაბამისი ინვესტიცია, ამიტომ ონლაინ ვაჭრობა დავიწყეთ აშშ-ში, სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით: Amazon, Etsy, Shopify. როდესაც ჩვენს პროდუქციაზე ინტერესი გაიზარდა, რომელიც საუკეთესო მასალით და ქართული ტყავით კეთდება, დანადგარები შევიძინეთ და ეტაპობრივად გავფართოვდით“, - განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი.
სულ ახლახანს QisaBag-ს ჩინეთიდან თანამედროვე დანადგარები ჩამოუვიდა, რაც წარმოებას გაზრდის და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
„ეს ახალი დანადგარები საკმაოდ სპეციფიკურია, კადრების გადამზადების პროცესში ვართ და ვცდილობთ გუნდი ახალი ადამიანებითაც დაკომპლექტდეს. ადრე 10 თანამშრომელი გვყავდა, გადამზადების შემდეგ გუნდს აუცილებლად შევავსებთ. ახალი დანადგარები საშუალებას გვაძლევს წარმოება მაქსიმალურად ავტომატური გავხადოთ. კადრების დეფიციტის გამო ბევრი პროცესი მანქანებით ჩავანაცვლეთ, მაგალითად ტყავის ჭრა, დაწეპება და სხვა. ის, რაც აქამდე ხელით კეთდებოდა, ახლა ავტომატიზებულ წარმოებაში გადადის. გვინდა, რომ შევძლოთ საერთაშორისო ბაზარზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი წილი საკმაოდ პატარაა“, - აცხადებს კატო რამიშვილი.
დღეისათვის QisaBag-ის პროდუქცია აქტიურად იყიდება აშშ-ში, კანადაში, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე - ძირითადად Etsy-ს პლატფორმის საშუალებით.
„აშშ-ში აქტიურად ვართ წარმოდგენილები. მოთხოვნა დიდია. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია Amazon-ის საშუალებით არ იყიდება, რადგან ამ პლატფორმაზე რეალიზაციისთვის აუცილებელია პროდუქციის ადგილზე დასაწყობება. გვინდა, რომ მივაღწიოთ იმას, რომ პარალელურად ვაწარმოოთ და დავაკმაყოფილოთ შემომავალი შეკვეთები, ასევე Amazon-ისთვის აშშ-ში გავაკეთოთ მარაგები“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში QisaBag-ის გაყიდვები გაიზარდა.
„ამ 10 თვის განმავლობაში იყო ზრდა, თუმცა მასშტაბური ვერ არის. მიზეზი ის არის, რომ წარმოების პროცესი ვალაგეთ და მეტი თანხა არ დაიხარჯა პრომოუშენში და მარკეტინგში. დარწმუნებული ვარ, რომ გაყიდვებში კიდევ უფრო მეტ ზრდას მივაღწევთ და აქტიურად ვმუშაობთ საზღვარგარეთ გაყიდვების გასაზრდელად“, - ამბობს კატო რამიშვილი.
დანადგარების მონტაჟისა და გუნდის გაფართოების პარალელურად, QisaBag ასორტიმენტის გაზრდაზეც მუშაობს. იგეგმება მამაკაცის ხაზის დამატებაც.
„ტყავის ჩანთების ახალი რამდენიმე დიზაინი უკვე გვაქვს. საშუალო ფასი 300-400 დოლარია. ახალი დიზაინი უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის. თუმცა ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი სპეციფიკურია და საკუთარ აუდიტორიას მოემსახურება. ახლა ვქმნით პროდუქტებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის, რომლებიც თბილისშიც იყიდება - საწარმო-მაღაზია გვაქვს ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც პროდუქცია მხოლოდ ჩვენთან იყიდება. საზღვარგარეთ უკვე 10 000-ზე მეტი ძვირად ღირებული ჩანთა გაიყიდა“, - აცხადებს კატო რამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ QisaBag წარმოებაში ძირითადად ქართულ ტყავს იყენებს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, უცხოელ დამკვეთებს ქართული ტყავისგან დამზადებული პროდუქცია განსაკუთრებით მოსწონთ.
„პროდუქციაში ძირითადად ვიყენებთ ქართულ ტყავს, ასევე იტალიურ ტყავს. იტალიური ტყავი საქართველოში აქტიურად იყიდება და ხარისხიანია, თუმცა უცხოელ მომხმარებლებს ქართული ტყავი უფრო მოსწონთ - რბილია, სქელია და სასიამოვნო სუნი აქვს. 2000-მდე შეფასება გვაქვს სხვადასხვა პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ქართული ტყავი განსხვავდება იმ პროდუქციისგან, რაც საზღვარგარეთ იყიდება“, - აცხადებს კატო რამიშვილი.
QisaBag-ის პროდუქცია მოიცავს 40-ზე მეტ ტიპსა და დიზაინის ნივთს: საფულეები, ხელჩანთები, ზურგჩანთები, წელის ჩანთები, სათვალის ბუდეები და ტყავის სამაჯურები.
პროდუქცია ხელმისაწვდომია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე: qisabags.com.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.