ქართული სტარტაპი ENLILI ახალ ეტაპზეა - ინოვაციური დეჰიდრატორი ექსპორტზე გადის
მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს. ამჟამად მიმდინარეობს საწარმოს გაფართოებისთვის საჭირო სამუშაოები , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანია „ენლილის“ დამფუძნებელმა, ბადრი ციქუბაძემ განუცხადა.
„ქართულ ტექნოლოგიურ საწარმოში მნიშვნელოვანი სიახლეებია. კომპანია ამჟამად საწარმოს გაფართოებისთვის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რაც შესაძლებლობას მისცემს, დაიწყოს უფრო მრავალფეროვანი ტექნიკის წარმოება და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
საწარმოში უკვე დამონტაჟდა მზის ენერგიის სისტემა, რომელიც 7 კვტ სიმძლავრით ამარაგებს წარმოებას. ლითიუმის ბატარეის წყალობით, საწარმო ღამითაც სრულად დამოუკიდებელია და ელექტროენერგიას აღარ მოიხმარს. ამ ნაბიჯით ჩვენ ხელს ვუწყობთ ნახშირბადის ემისიების შემცირებას და გლობალურ ეკომოძრაობაში ჩართვას “, - ამბობს ბადრი ციქუბაძე.
„ენლილმა“ წარმოებაში ჩაუშვა ახალი დეჰიდრატორი enlili-W250.
„წარმოებაში ჩავუშვით ახალი დეჰიდრატორი enlili-W250, რომელიც ხილის შრობას მზის ენერგიის გამოყენებით ახდენს. მოწყობილობა დღის განმავლობაში მზის სხივებს აკუმულირებს, ღამით კი ავტომატურად გადაერთვება საცავში დარეზერვებულ ენერგიაზე.
ინოვაციური მოდელი ასევე მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში და შეიძლება ინტეგრირდეს „ჭკვიანი სახლის სისტემაში". ეს მოდელი თამაშის წესებს შეცვლის ხილის დამუშავების სფეროში და გახდება ჩვენი ერთ-ერთი პირველი საექსპორტო პროდუქტი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით „ენლილი“ უახლოეს პერიოდში ახალი სასაწყობე სივრცის შექმნას გეგმავს.
„მოთხოვნის ზრდის გამო ვგეგმავთ ახალი სასაწყობე სივრცის შექმნას, რათა პროდუქციის მიწოდება მყისიერად მოხდეს და მომხმარებელს რიგში დგომა აღარ მოუწიოს.
ამასთან, საწარმოებში მომხმარებლის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ამოქმედდება სააბონენტო სერვისი: მობილური ტექნიკური ჯგუფი ადგილზე მიაწვდის დახმარებას, რაც კომპანიებს გაჩერებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილებაში დაეხმარება “, - განმარტავს ბადრი ციქუბაძე.
კომპანია, აქტიურად მუშაობს ექსპორტის საკითხზეც. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ სომხურ კომპანიასთან.
„მონაწილეობა მივიღეთ საქართველო–სომხეთის ბიზნეს ფორუმში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. შევიძინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი. ერთ-ერთ სომხურ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ხილის დამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტზე “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„ენლილი“ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ განვითარებას გეგმავს.
„სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბურ განვითარებას : ახალი სასაწყობე სივრცის აშენებას, ექსპორტის გაფართოებას და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, საწარმო გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:48
საერთაშორისო ბრენდების კოლაბორაციით თბილისში Babolat X Lamborghini-ს პადელის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებას კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა. სამოყვარულო ჩემპიონატი Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით ჩატარდა. პრემიუმ ბრენდების ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის მთავარი ინსპირაცია ორი კომპანიის გლობალური თანამშრომლობა გახდა.
მადონა ბაკურაძე, Lamborghini Tbilisi-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით და მათთვის ეს ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. პადელი საკმაოდ სხარტი სპორტია, რომელიც მოქნილობასთან, სწრაფ მოძრაობებსა და გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ასეთივეა Lamborghini, რომელიც განსაკუთრებული ხასიათითა და სიმძლავრით გამოირჩევა. სწორედ აქ ვხედავთ ამ ორ ბრენდს შორის კავშირს. ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში პადელის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას“.
ჩემპიონატს, რომელიც წყვილებში ჩატარდა, ჯამში, 90 მონაწილე ჰყავდა. ქალების კატეგორიაში გაიმარჯვეს მაია ირემაშვილმა და ნარინე ეთარიანმა, კაცების კატეგორიაში კი - ლუკა კიკაბიძემ და ნუგზარ ბარქაიამ. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური პადელის ჩოგნები გადაეცათ, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით არის წარმოებული.
დავით ისლამოვი, Babolat-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია თავისი შინაარსით უნიკალურია. ექსკლუზიური Babolat X Lamborghini-ს პადელის ჩოგნები პრემიუმ მასალებითა და დიზაინით გამოირჩევა. გლობალურმა ბრენდებმა ამ სერიის წარმოებისას სწორედ ის გრაფიტი (ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა) გამოიყენეს, რომლითაც Lamborghini-ს ავტომობილები იწარმოება, რაც თამაშის დროს ჩოგანს განსაკუთრებით კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. ასეთი ტურნირის მოწყობა ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობთ, ამ ინიციატივამ საქართველოს სპორტულ ლანდშაფტს ახალი იმპულსი შესძინა“.
პადელის ტურნირისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეირჩა - სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც კუს ტბაზე ახლად გახსნილმა თანამედროვე სტანდარტებით შექმნილმა პადელის კლუბმა უმასპინძლა.
ბესო ხარძიანი, „კუს ტბა პადელის“ თანადამფუძნებელი: „Babolat X Lamborghini-ს ტურნირი, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს კლუბს მიეცა შესაძლებლობა, ამ ტურნირის მასპინძელი ყოფილიყო საქართველოში და პადელის ახალი კორტები ასეთი პრესტიჟული ღონისძიებით გაგვეხსნა.
დღეისათვის საქართველოში პადელის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. ეს სპორტი განვითარების გზაზეა და, შესაბამისად, ხელშეწყობასაც საჭიროებს. ასეთი პოპულარული ბრენდების ჩართულობა კი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისონ. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურნირი პადელის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი იქნება საქართველოში“.
კუს ტბის პადელის კლუბი სპეციალურად Babolat X Lamborghini-ს ტურნირისთვის განსაკუთრებულად მოეწყო. პრემიუმ ბრენდებმა მომხმარებლებისა და მონაწილეებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ვისოლი“, „ალდაგი“, „სარაჯიშვილი“, „მაიზენი“ და DTK, რომლებმაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.