ქართული ჩიფსის ბრენდი „ლუდისა“ სუპერმარკეტების დიდ ქსელებში შესვლას გეგმავს
ქართული ჩიფსის ბრენდი „ლუდისა“ საცალო ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დიდ სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ლუდისას“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, პროდუქტი უკვე სეგმენტური ქსელების დაახლოებით 30%-შია წარმოდგენილი და იმპორტულ ანალოგებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით დაბალი ფასისა და ნატურალური ინგრედიენტების გამო მომხმარებლის მხრიდან მზარდ ინტერესს იწვევს.
„ლუდისას“ შემთხვევაში ქსელებში პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად ხდება. „ლუდისა“ სეგმენტური ობიექტების დაახლოებით 30%-შია წარმოდგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სარეალიზაციო არეალი გაიზრდება და ჩვენი ჩიფსი უფრო მეტ ობიექტში გაიყიდება. გეტყვით, რომ დიდ ქსელებში ჯერჯერობით არ ვართ წარმოდგენილი - უფრო სეგმენტურ ქსელებში ვიყიდებით, თუმცა დიდ ქსელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება პროდუქტის შეტანა“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.
ირაკლი ქურდაძის თქმით, პროდუქტი კონკურენტულ გარემოში მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. მისივე განმარტებით, იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც პროდუქცია ანალოგიური კატეგორიის საქონლის გვერდით, თანაბარ პირობებში განთავსდა, „ლუდისამ“ კონკურენტებს რეალიზაციის მაჩვენებლებით აჯობა.
„ეს ყველაფერი განაპირობა „ლუდისას“ გემომ და ფასმა, რადგან ის დაახლოებით 20%-ით იაფია დახლზე იმპორტულ ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით. პროდუქტი გამოირჩევა გემოვნური თვისებებითაც, რადგან მისი წარმოებისთვის კარტოფილის სპეციალური ჯიში გამოიყენება - ძალიან მაღალხარისხიანი, რომელიც სპეციალურ სორტირებას გადის. გარდა ამისა, ჩიფსის წარმოებისას გამოიყენება ნატურალური ინგრედიენტები, რაც პროდუქტის გემოზეც აისახება“, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.
ამ ეტაპზე „ლუდისა“ ბაზარზე წარმოდგენილია სამი სახეობით: მარილიანი, პომიდვრის სალსა და ხახვისა და არაჟნის არომატით. თუმცა რეალიზაციის ზრდასთან და სუპერმარკეტების ქსელებში შესვლასთან ერთად მენეჯმენტი ახალი გემოს დამატებასაც განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ „ლუდისა“ საქართველოში მოყვანილი, სპეციალური ჯიშის კარტოფილისგან მზადდება.
„გაყიდვების ზრდასთან ერთად ყოველწლიურად ხდება კარტოფილის ნათესების გაფართოება. კარტოფილის დაახლოებით 50% ჩვენ თავად მოგვყავს საადრეო ზონაში, ბოლნისში, ხოლო 50% - სამცხე-ჯავახეთში, საგვიანო ზონაში, რათა მთელი წლის ციკლი შეივსოს“, - აცხადებს „ლუდისას“ კომერციული დირექტორი.
„ლუდისა“ პრემიალური სეგმენტისთვის შექმნილი პროდუქტია.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.