პროექტის რეალიზების შედეგად 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და მომავალში ბიუჯეტში 65 მლნ დოლარამდე გადასახადების აკუმულირებას უზრუნველყოფს - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.
2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა. დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„მსგავსი ფორუმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში უშუალოდ განვიხილოთ ის საკითხები, რომელსაც როგორც გლობალურად, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება აწყდებოდეს მსხვილი ბიზნესი. ჩვენი ჯგუფი, „ამბასადორი ჯგუფი“ წარმოადგენს უმსხვილეს დამსაქმებელს საქართველოში. გარდა იმისა, რომ „ამბასადორი ჯგუფი“ თავად აწარმოებს საქართველოში ბიზნეს აქტიურობას, აგრეთვე აჭარაში ახორციელებს უმსხვილეს ბიზნეს ინიციატივას, რაც გულისხმობს 84 ჰექტარზე გაშენებულ ორ ნახევარ კუნძულის და კუნძულის მშენებლობას, რაც საქართველოში მომავალში შექმნის უამრავ ბიზნეს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ამ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ იმ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით“, - აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი.
გოჩა კამკიას თქმით, ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის განაშენიანების ინიციატივა, ეს უკვე არის გლობალური, ეკონომიკური ელემენტების მქონე ინიციატივა საქართველოში.
„ჩვენ პროექტში ჩართული გვყავდა მსოფლიო მასშტაბის როგორც არქიტექტორები, ურბანისტები, ასევე ეკონომისტები. შესაბამისად, კონკრეტული კვლევებით დასტურდება, რომ ამ პროექტის რეალიზების შედეგად დაახლოებით 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და კონკრეტულად ეს საკადასტრო კოდი უზრუნველყოფს მომავალში 65 მლნ აშშ დოლარამდე გადასახადების აკუმულირებას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არის ნამდვილად შთამბეჭდავი შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რეგიონისთვის და თავად ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც არის ამ ყველაფრის ინიციატორი“, - აცხადებს გოჩა კამკია.
სხვა სიახლეები
16.09.2025.14:52
„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.
Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება.
გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.
ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა 6 დიდი ზომის ნამუშევარი. არსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე. ნამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებას. სერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნა. ჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.
ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.