Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას
Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე.
„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.
ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.