Paragraph Resort & Spa Shekvetili აგვისტოში ვიზიტორთა კიდევ უფრო ზრდას, ხოლო სექტემბრიდან კორპორატიული სეგმენტის გააქტიურებას ელოდება
სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონს მაღალი მაჩვენებლებით შეხვდა, აგვისტოში დამსვენებელთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ისა და Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორმა თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, აგვისტოში აჭარასა და გურიაში მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც საზღვაო დასვენების მსურველების გარდა რეგიონში კონკრეტულად ამ ღონისძიებებისთვის ჩასული სტუმრების რაოდენობასაც გაზრდის.
„აგვისტოს თვეზე ინდივიდუალური ჯავშნები ჭარბობს. ჯგუფური ჯავშნები რეალურად არ არის. დამსვენებლების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს მაგალითზე, ქართველი მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე უცხოელი. თუმცა შენარჩუნდა მაღალი მოთხოვნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ივლისს, დინამიკა იგივე იყო, რაც გასული წლის ივლისში. აგვისტოზე კი გეტყვით, რომ თვის ბოლოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Sun უმასპინძლებს და ამ პერიოდისთვის მოველით, რომ სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე შეკვეთილში დაგეგმილია Gemo Fest და ამ დროს გურია ყურადღების ცენტრში მოექცევა. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში, საუბარია 20-დან 30 აგვისტომდე დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგანაც ასეთ ღონისძიებებს ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი ესწრება“, - განმარტავს თამუნა ჩხეიძე.
მისივე განმარტებით, სექტემბრის ჯავშნების მიხედვით, სახეზეა კორპორატიული სეგმენტის გააქტიურება და ამ მხრივ ყველაზე მეტად ყაზახური ჯგუფები აქტიურობენ. ირკვევა, რომ ამ პერიოდში სასტუმრო მასპინძლობს ინგლისის ახალგაზრდულ 21 წლამდე ნაკრებს.
აღსანიშნავია, რომ წელს Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებითაც შეხვდა. სასტუმროს მეშვიდე სართულზე გაიხსნა აზიური რესტორანი. ასევე შეემატა ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა.
„დაგვემატა ახალი სივრცე - “ჰორიზონტ პარაგრაფი”, ეს არის ლაუნჯ-ბარი სანაპიროზე. ჩვენ მსგავსი ტიპის სერვისი აქამდე არ გვქონდა“, - ამბობს თამუნა ჩხეიძე.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.