„პარაგრაფ თაბორი“ არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტის განხორციელებისთვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა როგორც დედაქალაქის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
„ეს არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს. ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო უნიკალურია მასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზით, გოლფის კლუბითა და მოედნით, რომელიც თბილისს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს. „პარაგრაფ თაბორი“ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში და მყარად დაამკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „პარაგრაფ თაბორ“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომლის ღირებულებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა, შექმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი და სტაბილური დასაქმების კერა გააჩინა. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც პარაგრაფის კომპლექსის ოპერირებას სჭირდება, ხელს უწყობს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და შრომის ბაზრის მიზნობრივ განვითარებასაც.
„საქართველო და თბილისი მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული ეკონომიკისა და კულტურის მატარებელია და ჩვენც ყველა მიმართულებით თანმიმდევრულ განვითარებაზე ვზრუნავთ. ამგვარმა მიდგომამ მოგვცა სწორედ ის ეკონომიკური ზრდა, რითიც ჩვენი ქვეყანა ლიდერობს ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. ხელისუფლების ეფექტური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ვზეიმობთ რეკორდულ მონაცემებს ჩვენი ქვეყნის არაერთ დარგში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში. გასულ წელს ქვეყანამ რეკორდული 4,4 მლრდ დოლარი მიიღო მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან - რეკორდულია მგზავრთნაკადი, რადგან რეკორდულია ავიაკომპანიებისა და პირდაპირი ფრენების შესრულების რაოდენობა. ეს ცხადყოფს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ტურიზმის სექტორისა და მათ შორის, ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ერთის მხრივ ფეხს უწყობს და ამავე დროს განაპირობებს ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც „პარაგრაფ თაბორია“.
„დღეს არსებული დინამიკა და ვითარება ჯერ კიდევ წლების წინ განჭვრიტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თბილისში „პანორამის“ რამდენიმე საფეხურიან მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად კი მივიღეთ სრულიად ორგანული და ბუნებრივი შედეგი, რაც საუკეთესოდ ჩაეწერა ქალაქისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემგან ზედმეტია იმის თქმა, თუ რამხელაა ბატონი ბიძინას დამსახურება არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების განვითარების პროცესში, არამედ მთელი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ახალი კომპლექსი ეპოქის სიმბოლო გახდება, როგორც საქართველოს გონივრული, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამოხატულება და ადგილი, რომელიც ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას ჩამოსული სტუმრების და საერთაშორისო მოგზაურების წინაშე.