ORBI Continental გამორჩეული, მასშტაბური პროექტია ბევრი პარამეტრით - მათ შორის 300 მლნ დოლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა „ორბი ჯგუფს" ახალი პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ORBI Continental-ის სახით ბათუმს მნიშვნელოვანი, მასშტაბური კომპლექსი შეემატება, რომელიც გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.
„ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული, საინტერესო პარამეტრების და არქიტექტურული დიზაინის მქონე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის - პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ დოლარია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 1,500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ოპერირებაში ჩაშვებისთანავე 2,000 პირდაპირი თუ არაპირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდია საერთაშორისო მასშტაბით. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა კომპლექსურად მიმდინარეობდეს, სხვადასხვა სექტორებს შორის მტკიცე ურთიერთკავშირით და აისახოს როგორც მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე, ისე თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქის პირდაპირ შემოსავლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს მსხვილი წილი უჭირავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობით, სტაბილურობით და მნიშვნელოვანი, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს შექმნით აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანა - სწორი აქცენტების დასმით, მართებული ეკონომიკური პოლიტიკით სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველვყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. მეორე მხრივ, დეველოპმენტი ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერ-სახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად, ის ჩვენ ყველას - არსებული და მათ შორის მომავალი თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი საჯარო - კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ORBI Continental-ის მსგავსი პროექტები ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ ერთი წამყვანი სექტორის - ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით, რასაც გასული და მიმდინარე წლების უპრეცედენტოდ მაღალი სტატისტიკაც ადასტურებს.
„გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის - ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი ნახა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამასთან, ჩვენ შევძელით და მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან ბიუჯეტში უკვე 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მივიღეთ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაფუძნებულია სწორ და თანმიმდევრულ, დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რაც ძალიან მჭიდრო და სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის", - განაცადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
17.09.2025.17:55
ინოვაცია, იაპონური სიზუსტე და ქართული მრავალფეროვნება - ამ პრინციპებს აერთიანებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, რომელმაც მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის არა მხოლოდ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის, არამედ ქართულ-იაპონური ისტორიის წარდგენაც.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი ერთდროულად არის ეკომეგობრული და მძლავრი, ელეგანტური და უნივერსალური, უსაფრთხო და თავისუფალი. ავტომობილი საკუთარ დიზაინსა და ტექნიკურ მხარეში აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს - ზღვისა და მთის სინთეზი, ქალაქის დინამიკა და ველური ბუნების თავისუფლება, ტრადიციის სიღრმე და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების სტილი. ქართველებს უყვართ უკიდურესობები... კამპანიის მთავარი შინაარსიც სწორედ მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კამპანიაზე კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად იმუშავა.
კამპანიის მთავარი სახეა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი — ქართველი ოძეკი, რომლის კარიერა და ცხოვრება იაპონურ-ქართული კავშირის ნამდვილი სიმბოლოა. კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში იაპონელ ინჟინრებს პირადად ტოჩინოშინი უზიარებს ქართველების საჭიროებებს: „ქართველებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას მოერგება და ამავდროულად იაპონური სულით იქნება დამუხტული“.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი სწორედ კამპანიის ვიდეოში გაჟღერებულ მოთხოვნებზეა აგებული. ის საშუალებას გაძლევს ქალაქში ელექტროენერგია გამოიყენო, ხოლო შორ მანძილზე გადაადგილებისას ჰიბრიდულ რეჟიმზე გადახვიდე. ავტომობილი აერთიანებს ეკომეგობრულობას, 327 ცხენის ძალას, SUV კლასის სიმტკიცესა და იაპონური ინჟინერიის გამორჩეულ სიზუსტეს.
თუმცა კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს სცდება. აქცენტი გაკეთებულია უნივერსალურობასა და იდეალურობაზე, კერძოდ, იმ ასპექტზე, რამდენად ზუსტად ერგება ავტომობილი ადგილობრივ საჭიროებებს. ასევე იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ქართულ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს თან ახლავს.
„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას და ქმნის ერთგვარ ხიდს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციასა და საერთო სულისკვეთებას“, - აღნიშნავს ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი.
„მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ კამპანია მხოლოდ ახალი მოდელის ავტომობილის წარდგენასა და ტექნოლოგიურ სიახლეს კი არა, ბრენდის სწორად პოზიციონირებას და მისი იაპონური ფესვების წარმოჩენას ემსახურება. ის მრავალფეროვანი კონტენტისგან შედგება, სადაც იაპონური ინოვაცია და ქართული ხასიათი ერთობლივ კომბინაციაში მოდის.
ვიდეორგოლში ტოჩინოშინი აცნობს იაპონელ ინჟინრებს ქართველების საჭიროებებს, ხოლო ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინტ-სერიაში CX-60-ის უნარები „სარკისეულ ისტორიებში“ ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცესა და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას, აჩვენებს, რომ მაზდას ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებშიც და შორ მანძილზე მოგზაურობისასაც.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა საშუალებას გვაძლევს, ქართველ საზოგადოებას არა მხოლოდ ახალი მოდელი გავაცნოთ, არამედ ვაჩვენოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ქართულ-იაპონური ურთიერთობის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებაა. ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ტოჩინოშინი ასრულებს — ის კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის და გვახსენებს Mazda-ს იაპონურ ფესვებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას.
აღსანიშნავია, რომ Mazda CX-60 პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც შეფერხებების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან მიგიყვანს, ეს გახლავთ ის მთავარი ხაზი, რომელიც კამპანიის ღერძად ვაქციეთ“.
ავტომობილი ერთი დამუხტვით 76 კმ-მდე გადის; 0%-100% დამუხტვა 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო 20%-80% -ით - 1 საათსა და 30 წუთში.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი კამპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად ბიზნესსა და კულტურულ სივრცეს აერთიანებს. ის ქმნის ისტორიას, სადაც ქართული მრავალფეროვნება და იაპონური სიზუსტე ერთმანეთს ავსებს. კამპანიის სლოგანი — „შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი არის უკიდურესობებით გაჟღენთილი ავტომობილი, რომელიც უნივერსალურია ქართველებისთვის.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.