„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
„ნოვამ“ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა.
ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% - 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის.
ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს.
მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ” Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო.
“მიხარია, რომ “ნოვამ” კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯი გადადგა და პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. ეს ემისია ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, „ნოვა“ კი სანდო კომპანიაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, როგორიც EBRD-ია. ამ პროცესში თიბისი კაპიტალი კომპანიებს სრულყოფილ პარტნიორობას სთავაზობს: რეიტინგის მოპოვებიდან - ობლიგაციების გამოშვებამდე. ვცდილობთ, ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესს პროცესები გავუმარტივოთ და მათთვის დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროები შევქმნათ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„EBRD-ის ინვესტიცია “ნოვა ჯგუფის” სადებიუტო ობლიგაციებში ასახავს ბანკის ერთგულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებასა და კერძო სექტორის ზრდის მხარდაჭერას. გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვითა და კორპორატიული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და გამჭვირვალე ფინანსური გარემო, რომელიც ერთდროულად სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე ინვესტორებს”, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი.
„ჩვენთვის ეს არის ისტორიული ნაბიჯი - „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული განთავსება წარმოადგენს ობლიგაციების პირველ საჯარო ემისიას სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ემისია ძალიან მოკლე დროში განხორციელდა და დასრულდა ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და სანდოობას. გვინდა, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება ყველა იმ ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შეიძინეს „ნოვას“ ობლიგაციები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული ინვესტორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიმართ. მადლობას ვუხდი თიბისი კაპიტალს პროფესიონალური მხარდაჭერისთვის - რეიტინგის მოპოვებიდან ობლიგაციების წარმატებულ განთავსებამდე. მოზიდული სახსრები საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და გავაგრძელოთ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა“,- ედიშერ ხიმშიაშვილი, “ნოვას“ გენერალური დირექტორი
„ნოვა“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანიის ფილიალები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
სხვა სიახლეები
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
24.12.2025.14:26
Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა.
სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.
ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება.
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.