ნებისმიერი უცხოურ ინვესტიცია, ისეთი მასშტაბური როგორც არის „იგლ ჰილსის“ მიერ გაცხადებული თანხა, ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე - ირაკლი ბურდილაძე
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება.
კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
როგორც Business Insider Georgia-სთან „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი, ირაკლი ბურდილაძე განმარტავს, უცხოური ინვესტიციები ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ხშირ შემთხვევაში პატარა ქვეყნებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპის მომატებაში უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული როლი აქვთ.
რაც შეეხება უძრავ ქონებას Eagle Hills-ის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციას საქართველოში, ამასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და განგვიცხადებია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ ინტერესი საქართველოში საკმაოდ მაღალია. მოთხოვნა დიდია, და ამას ადასტურებს ყოველწლიურად მზარდი ფასები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. ამასვე მიუთითებს უცხოელების მხრიდან გაზრდილი ინტერესიც.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2023 წელს დეველოპერების მიერ უცხოელებზე გაყიდული ბინების რაოდენობა შეადგენდა 17%-ს, დღევანდელი მონაცემებით კი 26% ბინებისა იყიდება უცხოელებზე. შესაბამისად, ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 53%-ით არის გაზრდილი.
მოთხოვნას საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე საქართველოში განაპირობებს არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ე.წ. იმპორტირებული მოთხოვნაც, რაც საკმაოდ მაღალია. უცხოელებიდან, რომლებიც ბინებს ყიდულობენ საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ისრაელიდან. თუ 2023 წელს ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდული ბინები შეადგენდა მხოლოდ 4%-ს, დღეს, წლევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 12%-მდეა - ანუ გასამმაგებულია ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდული ბინების რაოდენობა. შესაბამისად, ინტერესი დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,“ - აცხადებს „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.
ირაკლი ბურდილაძის თქმით, ახალი ინვესტიციები ქვეყანაში ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ასევე წაახალისებს მომიჯნავე სექტორების განვითარებასაც.
„ზოგადად, ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია, განსაკუთრებით ისეთი მასშტაბური, როგორიცაა გაცხადებული თანხა, ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს მომიჯნავე სექტორების განვითარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ხაზი გავუსვათ იმას, რომ მსგავსი ინვესტიციებით იქმნება ერთგვარი მიზიდულობის ცენტრები. თვითონ დუბაი წარმოადგენს ამის კარგ მაგალითს, როდესაც 70-იან წლებში დუბაის მთავრობამ დაიწყო აქტიური ინვესტიციები სწორედ ასეთი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად, და მათ ირგვლივ შემდეგ აღმოცენდა კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი. დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე ფასები არარეალურ დონემდეა ასული, იმდენად დიდია მოთხოვნა.
შესაბამისად, საქართველოშიც მნიშვნელოვანია მსგავსი მიზიდულობის ცენტრების განვითარება, რომელთა ირგვლივაც შემდგომში ადგილობრივი ბიზნესები ბევრ საინტერესო იდეას განახორციელებენ,“ - ამბობს ბიზნესმენი.
ირაკლი ბურდილაძის თქმით, განსაკუთრებით პატარა ქვეყნის გადმოსახედიდან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კაპიტალის შემოდინებას უცხოეთიდან.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ქვეყნის შიგნით ფინანსური რესურსები, მაგრამ, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ზომიდან, ეს რესურსები შეზღუდულია. მათი გამოყენება ეკონომიკაში იძლევა იმ ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, თუმცა გარედან მოზიდული კაპიტალი ამ ზრდას ბევრად უფრო სხვა დონეზე აიყვანს - მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკური ზრდის ტემპს. ამ კუთხით, უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებით პატარა ქვეყნის რაკურსში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
როცა იქმნება წარმატებული უცხოური ინვესტიციის ბაზარზე მიზიდულობის ცენტრი, მის ირგვლივ შემდეგ ვითარდება სხვა ბიზნესები. ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ფინანსური სექტორის მაგალითზე - თუ შევხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ქართულ კომპანიების აქციებს, დავინახავთ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია და მათი ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში გვაქვს წარმატებით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაგალითები და სწორედ ეს აძლევს სტიმულს უცხოელ ინვესტორებს, შემოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები,“ - ამბობს „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.
სხვა სიახლეები
სტუდენტური კონკურსი „მარეგულირებლის დილემა“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი
11.12.2025.16:55
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით გამართული სტუდენტური კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან ერთი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
კონკურსი 8 ოქტომბერს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებს გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს.
კონკურსში მონაწილეობდა 14 გუნდის 67 სტუდენტი, საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
სტუდენტური კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ რაუნდში სტუდენტებმა განიხილეს დილემა „ფინანსური დისციპლინა თუ სოციალური პასუხისმგებლობა“. ჟიურის შეფასების შედეგად მონაწილე 14 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 5 გუნდი გადავიდა.
დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებულები ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლით წარმოდგენილმა ჟიურიმ გამოავლინა.
კონკურსი “მარეგულირებლის დილემა” ბაზისბანკისა და ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მორიგი ერთობლივი წარმატებული პროექტია. ბაზისბანკის ჩართულობით სტუდენტური კონკურსის გარდა 2025 წელს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.