ნებისმიერი დეველოპერი, მათ შორის ქართული კომპანიები როდესაც ლაპარაკობენ საინვესტიციო მიმართულებით, მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფი არიან უცხოელები - ჯემალ ინაიშვილი
            Eagle Hills-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის, ზოგადად ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“, რუბრიკაში Business Insider Georgia, სტუმრობისას ბიზნესმენმა, „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.
ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციის შესახებ ბოლო დღეებში გააქტიურებულ ნეგატიურ კამპანიას გამოეხმაურა.
„არაბული ქალაქის აშენება" ეს არის არასწორი გამონათქვამი. Eagle Hills-ის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ჩვენი ეკონომიკური წარმატებისა და ზრდის მთავარი ფაქტორი არის სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი. ზუსტად ამ მიმართულებითაა ეს პროექტიც გათვლილი, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვართ დაკავებული კარგა ხანია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი მსხვილი დეველოპერული კომპანია შემოდის. ქართული კომპანიებიც იგივეს აკეთებდნენ და მათი ძირითადი მომხმარებელი უცხოელები იყვნენ - ისრაელი, ყაზახეთი თუ სხვა ქვეყნები.
როცა საინვესტიციოდ საუბრობ, შენი სამიზნე ჯგუფი სწორედ ის ქვეყნებია, რადგან შეუძლებელია ასეთი დიდი პროექტების განხორციელება და მხოლოდ შიდა მომხმარებელზე დაყრდნობა. ამ გზით მიდის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპული. მაგალითად, საბერძნეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ისინი სთავაზობენ უძრავი ქონების შეძენას მომხმარებლებს და ამის სანაცვლოდ გასცემენ ე.წ. საინვესტიციო ვიზას - ოქროს ვიზას. მათ არ აქვთ სამუშაო უფლება, მაგრამ შეუძლიათ იცხოვრონ, იმოგზაურონ და სხვა სარგებელიც მიიღონ,“ - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონში უკვე ჰყავს კონკურენტი – აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარეობს გრანდიოზული პროექტი Sea Breeze.
„ჩვენი კონკურენტი აზერბაიჯანია. ზუსტად იგივეს აკეთებს Sea Breeze. ძალიან დიდი პროექტია ბაქოსთან ახლოს, უზარმაზარი მასშტაბის, და მათ გადაწყვიტეს კაზინოს გახსნაც კი. აქვთ ამბიცია, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი კაზინო მთელ ამიერკავკასიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით კონკურენტულ გარემოში. დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია უძრავი ქონების შეძენა უცხო ქვეყნებში. როგორც ქართველები ყიდულობენ ესპანეთში და სხვაგან, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ საქართველოში. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს და სწორედ ამით არსებობენ უძრავი ქონების კომპანიები. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს უცხოური კაპიტალის შემოდინება,“ - ამბობს „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
როგორც ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გახდა ცნობილი, Eagle Hills-ის პროექტებში საქართველოს სახელმწიფო ფლობს 33%-იან წილს, რაც მთავრობის განმარტებით ქართული სახელმწიფოს ინტერესის გამოხატულებაა.
„მით უმეტეს, სახელმწიფოს ექნება კონტროლი ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებშია. პირიქით, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო ჩართული, იტყოდნენ, რომ წილიც არ აქვსო. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო წილს იტოვებს,“ - განმარტავს ინაიშვილი.
მისივე თქმით, Eagle Hills-ის ინვესტიციის პარალელურად განხორციელდება სხვა თანმდევი ინვესტიციებიც და განვითარდება ინფრასტრუქტურა.
„შეუძლებელია, ეს ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე. ჯერ ერთი, ამ პროექტში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი. გარდა ამისა, პროექტი მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. როცა ასეთი დიდი ქალაქი აშენდება ბათუმის მიმდებარედ, დამატებით შესაძლოა შეიქმნას ახალი ობიექტები. პლუს ამას შესაძლებელია, რომ „ამბასადორი“ დაემატოს. განხორციელდება ინვესტიციები გზის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მიმართულებით. იგივე იქნება თბილისშიც. გარდა ამისა, ეს პროექტი გავლენას მოახდენს სხვა დარგებზეც, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორზე. ნებისმიერი მშენებლობა და პროექტი პირდაპირაა დაკავშირებული ლოგისტიკასთან,“ - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
            
            
        სხვა სიახლეები
                კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
                04.11.2025.12:56
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.
მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.
მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამის გავლისას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს.
პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.
ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას- მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის სურვილი 7000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, სკოლას უკვე 1500-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან 300 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge