„ნატურალ გარდენი“ გაფართოებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა ნატურალურ სოფლის ნობათზე
100%-ით სუფთა და ნატურალურ სოფლის ნობათზე მოთხოვნა იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიების ნატურალ გარდენი - Natural Garden და Microbiota - მიკრობიოტა-ს დამფუძნებელმა განაცხადა.
პოლინა ოდიშარიას თქმით, მისმა ოჯახმა საქმიანობა კომპანია “მიკრობიტას” სახელით დაიწყო და ის EM - ეფექტური მიკროორგანიზმების რეალიზაცია/გავრცელებით იყო დაკავებული, მოგვიანებით შეიქმნა საკუთარი მეურნეობაც, სადაც ეს მიკროორგანიზმები იქნებოდა გამოყენებული. მეურნეობის მართვას კი უკვე კომპანია „ნატურალ გარდენი“ უზრუნველყოფს.
„ნატურალ გარდენისა“ და „მიკრობიოტას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მიკროორგანიზმები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში გამოიყენება და შედეგად საბოლოო პროდუქტი ნატურალურია.
„ჩვენ საქმიანობა წლების უკან დავიწყეთ და ვაწარმოებდით ეფექტურ, ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომელიც იაპონური ტექნოლოგიაა და 130-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. სწორედ მათი ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. რეალურად მიკროორგანიზმები ქვეყანაში ანაბიოსში, ანუ მძინარე მდგომარეობაში შემოგვაქვს, ამის შემდეგ ხდება მათი გააქტიურება-ფერმენტირება და შესაბამისად, წარმოებაც საქართველოში სრულდება.
ჩვენი პროდუქტების მომხმარებელი სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა. ის გამოიყენება როგორც მეცხოველეობაში, ასევე მეფრინველეობაში, წყლების გასუფთავებაში, მცენარეებისთვის საკვებად და სხვა. რეალურად ეს პროდუქტი ბევრი დანიშნულებისაა და უნივერსალურია“, - აცხადებს პოლინა ოდიშარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეფექტური მიკროორგანიზმების ტექნოლოგიის შემოსვლის ისტორია უკავშირდება მიხეილ ოდიშარიას სახელს, რომელიც პოლონა ოდიშარიას მამაა. მიხეილ ოდიშარიამ ადამიანების ჯანმრთელობისთვის საჭირო მიდგომების ძიებისას საქართველოში პირველად შემოიტანა ეფექტური მიკროორგანიზმების ნაკრები. იაპონურ EMRO-სთან (ემ ტექნოლოგიის კვლევითი ცენტრი) პარტნიორობით ემ-ის ფართო გავრცელება საქართველოში 2023 წელს დაიწყო.
პოლინა ოდიშარიას თქმით, ეფექტური მიკროორგანიზმებზე მოთხოვნა მზარდია.
„ერთხელ მაინც ვისაც მიაქვს ეს პროდუქტი და შედეგს ნახულობს, შემდგომ საქმეს მის გარეშე აღარ აკეთებს. ვინაიდან სხვები ასეთ კარგ შედეგებს ნახულობდნენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც გამოგვეყენებინა და საკუთარი მეურნეობა გაგვეკეთებინა და მოგვეყვანა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქცია“, - აცხადებს „ნატურალ გარდენის“ დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ მეურნეობაში ქიმიური სასუქები საერთპოდ არ გამოიყენება და მოყვანილი პროდუქცია 100%-ით ნატურალური.
„არც ერთ გრამ ქიმიას არ ვიყენებთ და გვინდა, რომ საქართველოში უფრო მეტი ჯანსაღი პროდუქტი იყოს და ეს მიმართულება განვითარდეს“, - ამბობს პოლინა ოდიშარია.
რაც შეეხება ნატურალურ პროდუქციას მისი რეალიზაცია ხდება ონლაინ, „ნატურალ გარდენისა“ და „მიკრობიოტას“ სოციალური ქსელების მეშვეობით და ასევე, პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია „გუდვილშიც“.
„გვინდა, რომ ნატურალური პროდუქტების შეძენა ყველამ შეძლოს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და შესაბამისად ბაზარზე არსებულ პროდუქტებთან შედარებით ჩვენი პროდუქცია იაფია. მოთხოვნა მზარდია და მომხმარებლები გვემატებიან. ჩვენ ჩითილებიც გამოგვყავს და ვყიდით. ჩვენი საქმიანობის მთავარი იდეა და არსი არის ის, რომ ყველაფერი უნდა იყოს ნატურალური, ქიმიის გარეშე“, - ამბობს პოლინა ოდიშარია.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე „ნატურალ გარდენის“ მეურნეობის გაფართოებასაც გეგმავს, თუმცა ამისათვის ფინანსების მოძიებაშია და მზად არის ინვესტორებთან თანამშრომლობაზე.
„ყველანაირი რესურსი გვაქვს და არც შრომა გვეზარება. ერთადერთი ფინანსებში ვართ არამყარად და იმ ეტაპზე ვართ, რომ მოვიძიოთ ინვესტორი“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება „ნატურალ გარდენის“ პროდუქციას ის მრავალმხრივია და ასორტიმენტიც მრავალფეროვანი, თუმცა პოლინა ოდიშარიას თქმით, მათ მეურნეობაში არის განსხვავებულ პროდუქტებიც.
„ქეილი გაქვს, რომელიც ცილებით უტოლდება ხორცს. ასევე გაქვს არტიშოკი. გვინდა, რომ ხალხს გავუფერადოთ ცხოვრება და გარკვეული უცხო ჯიშებიც მოვიყვანოთ. ასევე გვექნება სხვადასხვანაირი პომიდორი, ვიზუალურადაც და ფერითაც“, - ამბობს პოლინა ოდიშარია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
15.05.2025.19:00
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოში საქმიანობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს.
კომპანიის ცნობით, ფრენების არსებულ განრიგს 5 ახალი ყოველკვირეული რეისი დაემატება, აქედან თბილისის მიმართულებით 2, ბათუმის მიმართულებით კი 3 რეისი. მთლიანობაში თურქეთსა და საქართველოს შორის Turkish Airlines-ი კვირაში 48 რეისს შეასრულებს.
ამ გაფართოების შედეგად, მზავრებისთვის Turkish Airlines-ის რეისებზე მოქნილობა და წვდომა გაიზრდება, სულ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 34 რეისს, ბათუმის მიმართულებით კი 14 რეისს შეასრულებს.
„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდი ბაზრის პოტენციალის მიმართ. კვირაში 48 რეისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ქართველ მოგზაურებს მეტი არჩევანით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურული გაცვლისთვის“, - აცხადებს საქართვეოში Turkish Airlines-ის მენეჯერიკენან ინჯე.
კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს მსოფლიო დონის მომსახურებას და შეუფერხებელ კავშირს კომფორტთან და ტრადიციულ თურქულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.
Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, მობილური აპლიკაციის, გაყიდვების ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.