წარმოებაზე ფოკუსი და ჰორეკა სექტორში გაძლიერება - როგორია „ნამუს“ ბიზნესმოდელი
„ნამუ“ ქართულ კვების ინდუსტრიაში გამორჩეული კონცეფციის მქონე კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მცენარეულ საფუძველზე დამზადებულ ჯანსაღ პროდუქციას სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ბრენდის დამფუძნებელმა, ანა ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე „ნამუ“ საკუთარ კაფეს აღარ ფლობს და სტრატეგია სრულად შეცვალა. კომპანია ამჟამად წარმოებაზეა ფოკუსირებული და საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა სავაჭრო ქსელებსა და ჰორეკა სექტორს აწვდის.
„კაფე დავხურეთ და გადავედით უფრო მასიურ წარმოებაზე. ვკონცენტრირდით რამდენიმე პროდუქტზე. ეს არის თხილეულის კარაქები - ვაწარმოებთ მიწისთხილის, ნუშის, ქეშიუს, შოკოლადის, ქოქოსის და სეზამის პასტას, ანუ ტახინს. ასევე გვაქვს ნამცხვრების ასორტიმენტი, რომლებიც არის აბსოლუტურად უშაქრო, უგლუტენო და რომლებიც არის ერთდროულად სამარხვო, დიეტური, დიაბეტური და ულაქტოზო. გვაქვს რამდენიმე ტიპის ნამცხვარი: კენკრის ჩიზქეიქი, შოკოლადის ნამცხვარი, სტაფილოს ნამცხვარი და ტირამისუ.
ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ჩვენი საიტის, namu.ge-ის მეშვეობით, ასევე წარმოდგენილი ვართ „წერტის“ მაღაზიებში. ასევე ვართ წარმოდგენილი „აგროსახლში“, რომელიც ფალიაშვილზე მდებარეობს. „ნამუს“ პროდუქტები იყიდება ასევე „ბეღელში“ - ბარნოვზე, მრგვალ ბაღთან.
ჩვენი კომბუჩები, რომელსაც მანამდეც ვაწარმოებდით და ახლაც ვაგრძელებთ წარმოებას, იყიდება ბევრ კაფესა და პატარა რესტორანში, მაგალითად „ანტრეში“. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, namu.ge-ზე ყოველთვის მოქმედებს გარკვეული ტიპის შეთავაზებები, რათა მომხმარებლის წახალისება მოვახდინოთ“, - განმარტავს ანა ტიკარაძე.
„ნამუს“ პროდუქცია პრემიუმ კლასის სასტუმროებშიც არის წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ საერთაშორისო ბრენდებში, როგორიცაა „ჰილტონი“ (Hilton) და „მარიოტი“ (Marriott). ბრენდის წარმოებული ნაწარმი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმის რამდენიმე ობიექტზეც. ანა ტიკარაძის თქმით, მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლამ და მაღალი კლასის სასტუმროებსა თუ კაფე-რესტორნებთან თანამშრომლობამ „ნამუს“ საშუალება მისცა, ჯანსაღი კვების კულტურა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
„აქტიურად წარმოდგენილები ვართ პატარა კაფეებში. ასევე სასტუმროებში. ჩვენი პროდუქცია არის „ჰილტონში“, „მარიოტში“ არის, ბათუმშიც არის წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ობიექტზე“, - ამბობს ანა ტიკარაძე.
სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობის გაფართოება „ნამუ“ აქტიურად განიხილავს და ღიაა ხელსაყრელი შეთავაზებებისთვის.
„მეტის წარმოება შეგვიძლია. ანუ მოთხოვნა თუ იქნება და რომელიმე დიდი ობიექტი დაინტერესდება, მზად ვიქნებით, რომ მათაც მივაწოდოთ“, - ამბობს „ნამუს“ დამფუძნებელი.
ბრენდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ყოველდღიურ ჯანსაღ კერძებსა და დესერტებს, ისე ცივი დაწურვის წვენებს.
„ჩემი ყველა საფირმო პროდუქტი - უმი ნამცხვრები, ადაპტოგენური თხილეულის კარაქები, დაძველებული ვეგანური ყველები, კეტო პურები და კრეკერები, შუშხუნა კომბუჩა - დამზადებულია რაფინირებული შაქრის, ხორბლის ფქვილის (გლუტენის), ზეთების და სუფრის მარილის გარეშე“, - აღნიშნულია ნამუს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
„ნამუ“ არ არის მხოლოდ კვების ობიექტი - ის არის პლატფორმა მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.