მზარდი გაყიდვები, ფინანსური სტაბილურობა და სამომავლო გეგმები – როგორ ასრულებს “თეთრი კვადრატი” 2025 წელს
2025 წელი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის რეკორდული აღმოჩნდა. გალთ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2025 წლის 10 თვის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ, როგორც რეალიზებული ერთეულების, ისე ფულადი გამოხატულების თვალსაზრისით 2024 და 2023 წლის მაჩვენებლებს გადაუსწრო.
გაყიდული ბინების ჯამურმა თანხამ 3 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტის ნიშნულს გადააჭარბა. ზრდა შეინიშნება, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, რაც ჯანსაღ მოთხოვნაზე მიუთითებს.გაყიდული ბინების რაოდენობასთან ერთად იზრდება ბინის ფასი და, შესაბამისად, ბაზრის მოცულობა ფულად გამოხატულებაში, რაც ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. მზარდი მოთხოვნის უკან დგას, როგორც ადგილობრივი, ისე გარე ფაქტორები.
2025 წელი წარმატებული იყო „თეთრი კვადრატისთვისაც“. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა განაცხადა, წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზები წლის ბოლოს მიღებულ შედეგებს სრულიად შეესაბამება და კომპანიის ჯამური გაყიდვები დაახლოებით 45 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტს აღემატება. მისივე თქმით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებლებს უკვე გადახდილი აქვთ, რაც ბაზარზე ჯანსაღ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მოთხოვნის სიჯანსაღეზე მიუთითებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი: პირველად ბაზარზე ანუ ე.წ. დეველოპერულ პროექტებში დაფიქსირებული გაყიდული ბინების მიმართბება ბინების მთლიან რაოდენობასთან: პროექტებში, რომლებიც 2025 წელს დასრულდა, საბინაო ფონდის 90%-ზე მეტია გაყიდული, ხოლო იმ პროექტებში, რომლებიც 2026 წელს უნდა დასრულდეს ბინების 65% უკვე გაყიდულია. ანალოგიურად, ძალზედ მაღალი მაჩვენებლი ფიქსირება პროექტებში, რომლებიც 2027 წელს სრულდება, რომლებშიც საბინაო ფონდის 55%-ზე მეტია გაყიდული.რაც შეეხება გამოწვევებს, ექსპერტების შეფასებით, ასეთად გვევლინება ე.წ. “ეგზოტიკური განვადებები”, რომლებსაც დეველოპერების ნაწილი მიმართავს და კლიენტს ბინის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის პროექტის დასრულებისას გადახდას სთხოვს. აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი მიზეზი პანდემიის დროს დეველოპერულ პროექტებზე იპოთეკური სესხების გაცემის რეგულაციების გამკაცრებით აიხსნება. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს დეველოპერულ პროექტებზე გასაცემი იპოთეკური სესხების რეგულაციის შერბილების სახით ხელთ აქვს მსგავსი განვადებების იპოთეკურ სესხებში გადაყვანის ძალზედ მძლავრი ბერკეტი, რომლის ამოქმედებით ბაზარზე დამატებითი ლიკვიდურობა გაჩნდება და ბინებზე ადგილობრივი მყიდველების მხრიდან მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მიმართულებით 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები: შემცირდა თანამონაწილეობის თანხა 10%-მდე, დეველოპერებს და ბანკებს მიეცათ იპოთეკური სესხების ქვეშ გაყინული თანხების მიზნობრივად გამოყენების საშუალება იმ შემთხვევაში თუ საპროექტო-სამშენებლო ხარჯების 60%-ზე მეტი უკვე დაფინანსებულია და ა.შ.
„მთლიანობაში წელი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. დავასრულეთ 3 მშენებლობა და მობინადრეებს ბინებს ვაბარებთ. გაყიდვების კუთხით დასახულ გეგმებს მივაღწიეთ.
ჩვენი მიმდინარე პროექტები წარმატებულად იყიდება იმ საფასო კატეგორიებში, რაც პროგნოზირებული გვქონდა. გარდა იმისა, თუ რამდენ კვადრატულ მეტრს ვყიდით საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია ჩვენს არსებულ საფასო კატეგორიასთან ახლოს ყოფილიყო რეალური გაყიდვები. ეს ასეც მოხდა.“ - აცხადებს გიორგი ნატროშვილი
თბილისში მაღალია ამორტიზირებული საბინაო ფონდი და არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ადგილობრივი კლიენტების მხრიდან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი მატულობას, რაც გაყიდული ერთეულების და ფასის ზრდაში ითარგმნება. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბინებზე მოთხოვნა უცხოელი მყიდველების მხრიდან.
ასე მაგალითად, თუ 2023 წელს უცხოეთის მოქალაქეებზე მოდიოდა თბილისში გაყიდული ბინების 16%, 2025 წელს ეს მაჩვენებლი 56%-ით არის გაზრდილი და 25%-ს მიაღწია. უცხოელ მყიდველებს შორის განსაკუთრებით ისრაელის მოქალაქეები გამოირჩევიან. 2023 წელთან შედარებით, 2025 წელს ისრაელის მოქალაქეებმა თითქმის სამჯერ უფრო მეტი ბინა შეიძინეს რამაც ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა.
“თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორი უძრავ ქონების ბაზარს საკმაოდ მზარდად მიიჩნევს, ასევე ის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზებზეც საუბრობს და მომავალ წელს დაახლოებით 5%-7% -მდე ზრდას ვარაუდობს
„ბიქეი ჰოლდინგი“ და მის ჯგუფში შემავალი „თეთრი კვადრატი“ 2025 წელს აქტიურად მუშაობდნენ ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ მიმართულებით მუშაობა 2026 წელს უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელდება, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს წინა წლებში წარმატებით განხორციელებული ინვესტიციები. 2025 წელს თეთრი კვადრატის ინიციატივით ჩამოყალიბებულმა სააქციო საზოგადოება გოლდენ ფლის ინვესთმენთსმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოზიდულ იქნა თითქმის 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ეს კომპანია ახორციელებს ინვესტიციას ადრეულ ეტაპზე მყოფ დეველოპერულ პროექტებში, შეძენილი საბინაო ფონდის მშენებლობის დასრულებასთან ახლო ვადებში გადაყიდვის მიზნით. ნიშანდობლივია, რომ არსებობის პირველივე წელი გოლდენ ფლის ინვესთმენთმა ჩადებულ ინვესტიციაზე 20%-იანი ამონაგებით (IRR) დახურა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინვესტორების მხრიდან თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ დიდ ინტერესზე და აღნიშნული ბაზრის მომგებიანობაზე. “თეთრი კვადრატი” მუდმივად ძიებაშია, რათა ახალი პროექტების დაწყება შეძლოს. კომპანია სხვადასხვა უბნებში ახალი შეთავაზების გასაჩენად მუშაობს.
რა არის “თეთრი კვადრატის” კონკურენტული უპირატესობა და რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა პრიორიტეტი მის პროექტებს? ამ მიმართულებით გენერალური დირექტორი რამდენიმე ფაქტორს აღნიშნავს, მათ შორის - სანდოობას, ფინანსურ სტაბილურობას და მშენებლობის მაღალ ხარისხს.
“ჩვენს გუნდს ზურგს უმაგრებს 14 დასრულებული პროექტი სხვადასხვა კომპანიაში. თეთრი კვადრატი ბაზარზე გამოირჩევა 3 დასრულებული და 11 მიმდინარე პროექტით. კომპანია ფინანსურად სტაბილურია. გაყიდვების მაღალი დინამიკა მიუთითებს, რომ მომხმარებელი საწყის ეტაპზევე გვენდობა და მზად არის გააკეთოს შენატანი და შეიძინოს ბინა. ასევე გამოგვარჩევს ხარისხი. “ბიქეი ჰოლდინგის” ჯგუფში, რომლის შემადგენლობაშია “თეთრი კვადრატი”, ასევე შედის 30 წლიანი გამოცდილების სამშენებლო კომპანია “ბიქეი ქონსთრაქშენი”, რომლის პორტფელშია საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. ეს გამოცდილება მშენებლობის ხარისხზე აისახება. შესაბამისად, სანდოობა, ხარისხი და ბაზართან არსებული რაციონალური ფასები ჩვენი უპირატესობაა“ - აცხადებს გიორგი ნატროშვილი
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული ფოკუსი არ იცვლება. “თეთრი კვადრატი” ავითარებას მშენებლობას საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტზე. პრიორიტეტად კი კვლავ რჩება ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი 2026 წელსაც ფასით დაბალანსებულ შეთავაზებებს გვპირდება.
სხვა სიახლეები
„ჟოლიმ“ მომხმარებელს საახალწლო კოლექცია შესთავაზა
22.12.2025.18:00
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საახალწლო კოლექციით დავბრუნდით , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს ტექსტილის მწარმოებელი კომპანია „ჟოლის“ თანადამფუძნებელმა ანა ჯალაღანიამ განუცხადა.
„დიდხნიანი პაუზის შემდეგ საახალწლო კოლექციით დავბრუნდით. შევქმენით ორი დიზაინი, რომელთაგან ერთი კოლაბორაციის ფარგლებში Flower Bar-თან ერთად განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია უშუალოდ მათთან (გალერია თბილისი - G სართული; დიდი დიღომი, „გუდვილის“ შენობა), ასევე Glovo-ს მეშვეობით. დიზაინი მყუდრო და სითბოს გამომხატველია, რომელიც ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებს გვახსენებს “, - აღნიშნავს ანა ჯალაღანია.

პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაუზა გვქონდა, ინტერესი მუდმივად შენარჩუნებული იყო. მომხმარებლები ხშირად გვწერდნენ და ინტერესდებოდნენ, როდის დავბრუნდებოდით ბაზარზე. არსებული მარაგის ფარგლებში ძველი დიზაინების რეალიზაციას მაინც ვახერხებდით.
საახალწლო კოლექციამ განსაკუთრებული ბუმი გამოიწვია. მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და პროდუქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ინფლუენსერების მხრიდანაც. ბაზარზე აქტიურად დავბრუნდით და ვიმედოვნებთ, რომ არსებული ინტერესის კიდევ უფრო გაძლიერებასა და კომპანიის გაფართოებას შევძლებთ “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ამჟამად „ჟოლის“ ასორტიმენტი სუფრებს, რანერებსა და ხელსახოცებს მოიცავს, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოებაა დაგეგმილი.
„ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და შეძენადია სუფრები, რანერები და ხელსახოცები. თუმცა, თუ ვინმეს ინდივიდუალური მოთხოვნა ექნება, მაგალითად წინსაფრის შეკვეთაზე, შესაბამისი კომუნიკაციის შემთხვევაში აუცილებლად დავუმზადებთ.
აქტიურად ვმუშაობთ იმ პროდუქციის შექმნაზე, რომლის დამატებაც დიდი ხანია გვინდოდა. მათ შორისაა ხელთათმანები, წინსაფრები, საპურეები და სხვა ნივთები. გამომდინარე იქედან, რომ ტექნიკური დანადგარის პრობლემა უკვე მოგვარდა, აღნიშნული პროდუქცია ეტაპობრივად ჩაეშვება გაყიდვაში.
კომპანიებს ვთავაზობთ ექსკლუზიურ მომსახურებას: კორპორატიული შეკვეთების ფარგლებში შესაძლებელია ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც მხოლოდ მათთვის იქნება განკუთვნილი და გაყიდვაში არ ჩაეშვება “, - აღნიშნავს ანა ჯალაღანია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ პერიოდში მომხმარებლების დიდი სიყვარული დაიმსახურა. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.