მცირე და საშუალო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი
„მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. ამ სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპზე, ცვლილებები შედის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ძირითად პროგრამებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამომავლო განვითარებას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს - უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ჯამში, მცირე და საშუალო სექტორში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, 3 მილიარდ ლარს აღემატება.
„შესაბამისად, სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას - ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ასევე სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ გაზრდილია ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების მუდმივი ადაპტირება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გაგრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.