„მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს - ბრენდი სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს
ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ გაფართოებას აგრძელებს და სავაჭრო მოლებში ახალ სივრცეებს ამატებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.
„ჩვენ ორი მიმართულებით ვაქტიურობთ. პირველი - მოლებში სავაჭრო სივრცეების განვითარებაა. ვქმნით ბრენდის კონცეფციაზე დაფუძნებულ, დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცეებს. პირველი ლოკაცია ორი კვირის წინ გაიხსნა „ისთ ფოინთში“, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გახსნა „თბილისი მოლში“, რის შემდეგაც ეტაპობრივად გავფართოვდებით სხვა მოლებშიც.

„გარდა ამისა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პირველ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ერთ ქართველ მეწარმეს მიენიჭა უფლება, დასავლეთ საქართველოში სავაჭრო ცენტრებში განავითაროს ჩვენი ბრენდის სივრცეები. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში პირველი სტენდი ქუთაისში 27 აპრილს გაიხსნება.
აქტიურად ვგეგმავთ მსხვილი ქალაქების ათვისებას - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა, სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია.
გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი და დაემატა სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო მოლებში განთავსებულ სტენდებზე პროდუქციის სრული ასორტიმენტი იხილოს.

გარდა ამისა, ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით. უახლოეს ერთ კვირაში PSP-ს და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელებს დაემატება GPC-ისა და „ფარმადეპოს“ ქსელები “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.
კომპანია სამომავლოდ ექსპორტის საკითხის გააქტიურებას გეგმავს.
„მაისის დასაწყისში ვმონაწილეობთ Beauty Istanbul გამოფენაში, ხოლო მაისის ბოლოს - Beauty Exhibition Kazakhstan-ში, რომელიც ფარავს ცენტრალური აზიის ბაზარს.
ამ ქმედებებით ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და მიზანმიმართულ ფიქრს ექსპორტზე. პარალელურად ვიწყებთ სტრატეგიულ, ტარგეტირებულ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
17.04.2026.14:44
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურადდაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.
თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.
წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.
წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.
თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.