მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, ₾300 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით - ლევან ჟორჟოლიანი
300 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიზანია, რომ სახელმწიფომ შესყიდვებში არც მეტი და არც ნაკლები არ გადაიხადოს, უნდა გადაიხადოს საბაზრო ღირებულება და მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი.
„მთავრობის ადმინისტრაციას აქვს 2 უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ერთი არის მაკოორდინირებელი ფუნქცია, რომელმაც უნდა დააკორდინიროს ყველა სამთავრობო უწყება, რათა ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომლებიც გაცხადებული აქვს მთავრობას მიღწეული იქნას დათქმულ დროსა და ვადაში და ასევე აქვს მაკონტროლებლის ფუნქცია, იმიტომ, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა სამთავრობო უწყებების კონტროლი. შესაბამისად, სამთავრობო გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულების კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შედეგები. მხოლოდ 6 თვეა, რაც ეს დეპარტამენტი შეიქმნა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან მუშაობს და საქმიანობის ეფექტმა უკვე შეადგინა ზუსტად 292 მილიონი ლარი, 300 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე, მაგალითად იგივე შესყიდვების სფეროში ყოველთვის შესყიდვები და შესყიდვის პრაქტიკები იყო აქილევსის ქუსლი ნებისმიერი ადმინისტრაციის თუ მთავრობის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს სჭირდებოდა გადაჭრა.
ამ საქმის პროფესიონალები შევკრიბეთ და ვუთხარით, რომ თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ იდეალური შესყიდვების სისტემა, რომ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები, არა იმიტომ, რომ ვინმეს დავალება ან საერთაშორისო ვალდებულებაა, თქვენ როგორც მიგაჩნიათ სწორად, ის სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ რამდენიმე ცვლილებაც გავაკეთეთ, როგორც კანონმდებლობაში, ასევე მთავრობის დადგენილებების დონეზე, ასევე შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებებში შევიდა ცვლილებები. შევიმუშავეთ ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც გაეშვა და პირველი იანვრიდან უკვე სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, რაც ფაქტობრივად ბაზრის კვლევის ეტაპზე, რაც შესყიდვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ფასს იქიდან ვიღებთ, მანიპულაციებს 99%-ით აზღვევს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სამშენებლო ფასებთან მიმართებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სამხარაულის ბიუროც ჩართული გვყავდა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, დავადგინეთ სამშენებლო პროექტებზე ხელფასების საბაზრო ღირებულება. ამ წელს გვექნება მასალების და მანქანა-მექანიზმების საბაზრო ღირებულებები. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ შესყიდვებში არც მეტი და არც ნაკლები არ გადაიხადოს. უნდა გადაიხადოს საბაზრო ღირებულება და მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
23.01.2026.14:22
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.
კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.