მოცვის ექსპორტის სეზონი წელს შედარებით გვიან დაიწყო - SpaceCargo
საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანია SpaceCargo • სფეის კარგომ მოცვის ექსპორტი განაახლა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ერაძემ განაცხადა, წელს მოცვის სეზონი შედარებით გვიან დაიწყო.
„წელს წინა წელთან შედარებით სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. სამწუხაროდ, 2025 წელს პირველი გადაზიდვა 9 ივნისს განვახორციელეთ, მაშინ როდესაც 2024 წელს ექსპორტის მიმართულება მაისის მიწურულს უკვე გააქტიურებული იყო. ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია. რეალურად, სეზონი ახლა დაიწყო და მოსავალი იმ რაოდენობით და იმ ხარისხით ჯერაც არ მოსულა, რომ საექსპორტოდ იყოს მზად. ამიტომ ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობით დაიწყეს კომპანიებმა მოცვის გაგზავნა დუბაის მიმართულებით“, - აცხადებს SpaceCargo-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად გვიან დაწყებული სეზონისა SpaceCargo-ში წელს საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 30%-ით მეტი მოცვის ტრანსპორტირებას პროგნოზირებენ.
„წელ ველოდებით 30%-ით მეტი მოცვის გადაზიდვას საექსპორტო ბაზრებზე, ვიდრე ეს გვქონდა გასულ წელს. რამდენიმე ახალი კომპანია და მწარმოებელი შემოგვემატა. SpaceCargo-ს მეშვეობით მოცვის ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა არის არაბეთი გაერთიანებული საამიროების (დუბაი), საუდის არაბეთის (რიადი, ჯედა, დამამი), ბაჰრეინის, ქუვეითის მიმართულებით და უკვე საკმაოდ აქტიურად დაგვემატა ინდოეთის მიმართულება“, - ამბობს SpaceCargo-ს აღმასრულებელი დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.12:00
მოცვის რთველი რამდენიმე კვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც წელს ცივი ზამთრიდან გამომდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განაცხადა, მოცვის მასიური გამოკრეფის სეზონი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.
„ეს გამოიწვია იმან, რომ არამხოლოდ საქართველოში არამედ ჩვენს სამეზობლოშიც ციკლონი იყო შემოჭრილი და გვიან თებერვალში კი დიდთოვლობა გვქონდა. როდესაც მოცვი ყვავილში უნდა ყოფილიყო დაემთხვა ცივი ამინდები. შემდგომ გვქონდა საგაზაფხულო ყინვები, რამაც გამოიწვია უკვე პირველი ყვავილის გაფუჭება და შესაბამისად სიცივეებიდან გამომდინარე მოსავლის დაგვიანება. ფაქტობრივად 3 დღეა რაც მოცვის მასობრივი გამოკრეფა დაიწყო“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.
მიუხედავად სუსხისგან დაზიანებული მოცვის ბაღებისა ასოციაციაში ლურჯი მოცვის მოსავალს გასული წლის დონეზე პროგნოზირებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამინდმა გურიასა და აჭარაში მოცვის პლანტაციები ძალიან დააზიანა, აქედან გამომდინარე მოსავლიანობა შემცირებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბაღები იმერეთსა და სამეგრელოში და მათ ხარჯზე მოხდება დაბალანსება და დიდი ალბათობით მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება რაც გასულ წელს - დაახლოებით 5000 ტონა“, - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დღეისათვის 23 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მოცვის ბარების მოცულობას წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ით ზრდიან.
„ასოციაციაში ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებულები, თუმცა ადგილობრივი რეალიზაციაც გვაქვს. ევროპის მაგალითზე გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები დაახლოებით 30%-ით მაღალია.
„ჩვენ ვაერთიანებთ 23 კომპანიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სერტიფიკატები, ჯერჯერობით რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და დივერსიფიკაციაზე. წელს უკვე ევროკავშირის და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანას ვამატებთ, როგორც აზიაში ისე სპარსეთის ყურეში“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.