სასტუმრო „შაორი“ გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებას გეგმავს
Hotel Shaori • სასტუმრო შაორი რაჭაში მდებარე ტურისტული კომპლექსია, რომელიც 2020 წელს დაარსდა და აერთიანებს როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის სივრცეს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპლექსის გენერალურ მენეჯერს, ირაკლი ჯმუხაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპლექსი 26 ნომერს აერთიანებს.
„ჩვენი კომპლექსი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ის აერთიანებს სასტუმროსა და რესტორანს, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს დამსვენებლებს, ასევე სხვა სტუმრებსაც. სასტუმრო ჯამში 26 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე კი ფუნქციონირებს 23 ნომერი, რაც დაახლოებით 60-65 სტუმარს იტევს.
კომპლექსში წარმოდგენილია გასართობი სივრცეები: ღია აუზი, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი, საბავშვო ზონები, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელსაც ხშირად იყენებენ კორპორატიული ღონისძიებებისა და სხვადასხვა საქმიანი შეხვედრისთვის “, - ამბობს გენერალური მენეჯერი.
მოთხოვნა და ინტერესი კომპლექსის მიმართ ყოველწლიურად მზარდია.
„ზოგადად, დროთა განმავლობაში იზრდება მოთხოვნა, როგორც რაჭის რეგიონის, ასევე თავად ჩვენი კომპლექსის მიმართ. შესაბამისად, მატულობს ყურადღება და ინტერესიც, რაც ეტაპობრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ყოველწლიურად მოთხოვნა მზარდია, რაც გვაძლევს მოტივაციას, რომ მუდმივად განვითარდეთ, დავამატოთ ახალი სერვისები, გავხსნათ ახალი სივრცეები და შევთავაზოთ სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება “, - აღნიშნავს ირაკლი ჯმუხაძე.
„სასტუმრო შაორი“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი მთავარი კი ოჯახური გარემოა.
„ჩვენი სასტუმრო შაორის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. სტუმრებს ეშლებათ თვალწარმტაცი ხედი შაორის ტბაზე.
მოგეხსენებათ, ზაფხულში თითქმის ყველგან საკმაოდ ცხელა, თუმცა ჩვენს ლოკაციაზე ტემპერატურა ყოველთვის დაბალია და კონდიციონერის საჭიროებაც არ არის.
ტბის პირას გვაქვს ღია აუზი, რაც დამატებით კომფორტს და დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს ჩვენს სტუმრებს. ასევე ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც ტრადიციული ქართული კერძებია წარმოდგენილი, მათ შორის ავთენტური რაჭული სამზარეულოც. ყველა კერძი 100%-ით ნატურალური, ადგილობრივი პროდუქტისგან მზადდება, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ტრადიციულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოში და განსაკუთრებით რაჭაში მკაფიოდ შეინიშნება. ჩვენი რესტორანი მთელს რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი წამყვანი სივრცეა არამხოლოდ კერძებით, არამედ მომსახურებითაც. ჩვენი გუნდი და ოჯახური გარემო ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც სტუმარი თავს საკუთარ სახლში, თბილ, მყუდრო და გულთბილ გარემოში გრძნობს “, - განმარტავს გენერალური მენეჯერი.
სამომავლოდ იგეგმება სერვისების გამრავალფეროვნება და ასევე გაფართოებაც.
„გეგმაში გვაქვს სერვისების გამრავალფეროვნება და რამდენიმე ახალი სერვისის დამატება. ასევე განვიხილავთ ჩვენი ეზოს ტერიტორიაზე რამდენიმე პატარა კოტეჯის განთავსებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუმართა განთავსების შესაძლებლობას“, - აცხადებს ირაკლი ჯმუხაძე.
ცნობისთვის, კომპლექსს საშუალოდ 25-30 ადამიანი გვყავს დასაქმებული, მათ შორის როგორც ადგილობრივები, ასევე ახლომდებარე რეგიონებიდან ჩამოსულები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:00
Dialog Kokhta ბაკურიანში მდებარე სასტუმროა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორს მირანდა კარას ესაუბრა.
“სასტუმრო Dialog Kokhta დაარსდა 2020 წელს და მდებარეობს ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და კომფორტულ ლოკაციაზე კოხტას სასრიალო ტრასიდან, 300 მეტრის დაშორებით. რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ზამთრის ტურიზმისთვის.
სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 134 აპარტამენტს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს - სტანდარტული, პრემიუმ და საოჯახო ოთახებით. თითოეული ნომერი აღჭურვილია სრულფასოვანი სამზარეულოთი, სარეცხის მანქანით, გაზქურით, მაცივრითა და სხვა საჭირო ტექნიკით, რაც ვიზიტორების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
„დიალოგი კოხტაში“ დამსვენებლებს ასევე დახვდებათ რესტორანი "მარილი", სადაც წარმოდგენილია ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს უნიკალური სინთეზი. საბავშვო სივრცე და გასართობი ოთახი, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახებისთვის. სასტუმროს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა მიმზიდველია, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული და ტურისტული ჯგუფებისთვის “, - ამბობს მირანდა კარა.
კომპლექსის მიმართ ინტერესი ნებისმიერ სეზონზე სტაბილურად მზარდია.
„სასტუმროს მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება სტაბილურად მზარდი ტენდენციით ვითარდება. როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში სასტუმრო მაღალი დატვირთულობით ოპერირებს. მომხმარებელთა პროფილი კი მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ინტერესია: GCC (არაბული ნახევარკუნძულის) ქვეყნებიდან, CIS ქვეყნების ტურისტების მხრიდან. სეგმენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს უკეთ შევუთავსოთ სერვისები სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს “, - აცხადებს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.
სასტუმროს სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი კი ადგილმდებარეობაა.
„დიალოგი კოხტას" კონკურენტული უპირატესობებია:
საუკეთესო ადგილმდებარეობა- სასტუმრო განთავსებულია ბაკურიანის ცენტრში, კოხტას სასრიალო ტრასიდან 300 მეტრში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის სათხილამურო სპორტის მოყვარულებს;
სრულად აღჭურვილი აპარტამენტები, მრავალფეროვანი ნომრის კატეგორიები, კი უზრუნველყოფს ფართო არჩევანს ნებისმიერი ბიუჯეტისა და საჭიროების მომხმარებლისთვის;
24/7 მხარდაჭერა, რაც ქმნის უსაფრთხო და ყურადღებიან გარემოს სტუმრებისთვის; მაღალი ხარისხის კვება, რომელსაც უზრუნველყოფს რესტორანი "მარილი" “, - განმარტავს მირანდა კარა.
Dialog Kokhta სამომავლოდ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს.
„დიალოგი კოხტას" ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია გაფართოება და სერვისების დივერსიფიკაციაა. კომპანია მუშაობს დამატებითი შესაძლებლობების დანერგვაზე, რათა მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებელთა მზარდ და ცვალებად მოთხოვნებს.
სამომავლო გეგმებში შედის, ახალი სერვისების დანერგვა, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს, პარტნიორობის განვითარება ტურისტულ სააგენტოებთან და საერთაშორისო პლატფორმებთან.
სტუმართმასპინძლობის განსაკუთრებული ხედვით, და მაღალი ხარისხის სერვისით, ჩვენს სტუმრებს საუკეთესო შთაბეჭდილებების შექმნას ვპირდებით “, - აღნიშნავს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.
ცნობისთვის, სასტუმრო ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს.