მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
ავტოინდუსტრია სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნის ეტაპზეა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ ინოვაციად აღიქმებოდა, - პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა, პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, - დღეს უკვე ბაზრის სტანდარტად ყალიბდება. შექმნილ რეალობაში ინდუსტრიის ლიდერობა მხოლოდ მასშტაბით აღარ განისაზღვრება, არამედ გადამწყვეტი ხდება ტექნოლოგიური ხედვა და ის, თუ რამდენად სწრაფად და სისტემურად ახერხებს კომპანია ტრანსფორმაციას. სწორედ ამ გზაზე დგას „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას არა ერთჯერად პროექტად, არამედ გრძელვადიან სტრატეგიადაღიქვამს.
ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი: „თუ წარსულში კონკურენცია პროდუქტის ხარისხსა და ფასზე მიმდინარეობდა, ახლა თამაშის წესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მომხმარებლის პერსონალიზებული ციფრული გამოცდილება, პროგნოზირებადი სერვისი და სრულად ინტეგრირებული ციფრული ეკოსისტემები განსაზღვრავს. წარმატებას აღწევს ის ორგანიზაცია, რომელიც ტექნოლოგიას არ განიხილავს, როგორც მხარდამჭერ ფუნქციას, არამედ იყენებს მას, როგორც ზრდის, ეფექტიანობისა და ახალი ბიზნესმოდელების მთავარ მამოძრავებელს. ჩვენ ამ ტრანსფორმაციის ტალღას კი არ მივყვებით, არამედ ხშირ შემთხვევაში მას თავად ვქმნით“.

აღნიშნულ გზაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი 2026 წლისთვის SAP S/4HANA-ზე სრულად გადასვლაა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს მხოლოდ სისტემის განახლება ან ტექნიკური მიგრაცია კი არ არის, არამედ ოპერაციული ხერხემლის გაძლიერებაა, რომელსაც „თეგეტას“ ყველა სხვა ციფრული პროდუქტი და ინიციატივა ეყრდნობა.
„ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ განსხვავებული მიდგომა ტიპური „ტექნიკური მიგრაციისგან“. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ სწრაფი გადატანა, ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესპროცესების საფუძვლიანი რესტრუქტურიზაცია და მათი შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.
პროექტის ფარგლებში, ჰოლდინგმა აქცენტი ბიზნესპროცესების საფუძვლიან გადახედვასა და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანაზე გააკეთა. უკვე რესტრუქტურიზებულია, დაახლოებით, 130 ბიზნესპროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სისტემაში ისტორიულად დაგროვილი მოდელები ავტომატურად არ გადადის, პირიქით, ყალიბდება ოპტიმიზებული, სტანდარტიზებული და მასშტაბირებადი ოპერაციული არქიტექტურა, რომელიც კომპანიის გრძელვადიან ზრდას უნდა დაედოს საფუძვლად.

„თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი Tegeta App-ია, რომელიც მომხმარებლისთვის ავტომობილზე ზრუნვის სრულ ციფრულ გამოცდილებას ქმნის. ამ პლატფორმიდან შესაძლებელია ავტომობილის სერვისის ისტორიის, დაგეგმილი თუ პროაქტიური საჭიროებების ნახვა, ნაწილების შეკვეთა, სერვისცენტრში ვიზიტის დაჯავშნა და ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი.
„ეს არ არის უბრალოდ აპლიკაცია. ეს არის ჩვენი ყველა სერვისის ერთიანი ციფრული შეხების წერტილი. მანქანის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ლოიალობის პროგრამა - ეს ყველაფერი App-ის მეშვეობით ერთიან ციფრულ გამოცდილებას ქმნის. მომდევნო ეტაპზე იგეგმება Tegeta App-ის ინტელექტუალიზაცია, რაც AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტის დახმარებით მომხმარებლისთვის ავტომობილის საჭიროებებსა და შესაბამის შეთავაზებებზე ინფორმაციის პროაქტიურად მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განმარტავს ბექა ციცქიშვილი.
ციფრული ეკოსისტემის საფუძველი მონაცემთა ცენტრალიზაციაა. „თეგეტამ“ შექმნა Data Warehouse, რომელიც სხვადასხვა სისტემაში მიმოფანტულ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მათ ოპერაციულ გამოყენებას უზრუნველყოფს. შედეგად, თანამშრომელს შეუძლია, ანალიტიკური კითხვა AI აგენტს სიტყვიერად დაუსვას და პასუხი წამებში მიიღოს - პროცესი, რასაც ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა.
კომპანიის ციფრული ევოლუციის გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც „თეგეტას“ ოპერაციული მოდელის ნაწილია. კომპანიამ უკვე დანერგა AI პროდუქტები, რომლებიც თანამშრომლებისთვის ოპერაციებს ამარტივებს, მომხმარებლებისთვის კი სწრაფ უკუკავშირსა და პერსონალიზებულ მიდგომას უზრუნველყოფს.
„თეგეტაში“ გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ჩვენი მომავალი. ეს არის კომპანიის პირველი, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯი სრულფასოვანი Data-Driven ორგანიზაციისკენ. მომდევნო წლებში კონკურენტული უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ვინ იყენებს AI-ს, არამედ იმით - ვინ იყენებს მას უკეთესი ბიზნესშედეგებით. ჩვენთვის AI არის არა ჰაიპი, არამედ გადაწყვეტილებების დაჩქარების, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების რადიკალური გაუმჯობესების ინსტრუმენტი.
ჩვენი ხედვის ცენტრში დგას პრინციპი - ტექნოლოგია უნდა აგვარებდეს რეალურ ბიზნესგამოწვევებს, როგორც კლიენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
მისი ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ შედეგით, რომელსაც ქმნის.
ჩვენ ვისწრაფვით ავტობიზნესის ლიდერობისკენ - ტექნოლოგიით გაძლიერებული გადაწყვეტილებებით და მონაცემებზე დაფუძნებული მართვით“, - აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიების ოფიცერი.
„თეგეტაში“ ფიქრობენ, რომ ამ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი მომხმარებლებისთვის ნიშნავს უფრო სწრაფ სერვისს, ნაკლებ ლოდინს, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და მარტივ, გამჭვირვალე პროცესებს, რაც სწორ დროს სწორ მომსახურებას უზრუნველყოფს. თანამშრომლებისთვის კი მთავარი შედეგი ოპერაციების გამარტივება და გადაწყვეტილებების დაჩქარებაა - ხელით ნაკლები სამუშაო, მეტი ავტომატიზაცია და ანალიტიკურ მონაცემებზე სწრაფი წვდომა, რაც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
"გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია
07.04.2026.16:00
Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.
როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?
ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.
ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.
ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.
ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?
ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?
ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.
თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.
რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?
ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.