მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რათა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ რუსთავის-წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა - რევაზ სოხაძე
უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რაც დედაქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილია თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ერთდროულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ტრანზიტული მოძრაობის განტვირთვის, ისე დედაქალაქის შიდა სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების კუთხით.
„ასევე აქტიურად ვმუშაობთ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელებაზე და ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან უკვე დავიწყოთ მისი განხორციელება. მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რათა მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ რუსთავის – წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რაც დედაქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს“ – დასძინა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტია ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მონაკვეთი.
„ეს არის უნიკალური პროექტი – 23 კილომეტრიანი მონაკვეთი ურთულესი რელიეფით, რომელიც შედგება 5 ხიდისა და 5 გვირაბისგან, მათ შორისაა 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ყველაზე გრძელი და ტექნოლოგიურად გამორჩეული ობიექტია. პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება, რაც საგრძნობლად შეამცირებს გადაადგილების დროს. თბილისიდან სტეფანწმინდამდე – 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად მხოლოდ 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ. ამასთან, გზის გახსნის შემდეგ ზამთარში მოძრაობა კობის მიმართულებით აღარ შეიზღუდება“ – განაცხადა მინისტრმა.
სოხაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 4 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პარალელურად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გურიის რეგიონშიც.
„დასავლეთის მიმართულებით, ქუთაისამდე ფაქტობრივად შეუფერხებლად ვმგზავრობთ. წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი შევა ექსპლუატაციაში. გურიის მონაკვეთზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია და ვიმედოვნებთ, მალე ამ მიმართულებასაც დავასრულებთ“ – განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – პროექტი, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრიან გვირაბს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას.
სხვა სიახლეები
22.09.2025.18:00
„ოქროველის“ ბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ოქროველის“ დამფუძნებელს ზანდა მესხიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
2025 წელი ნაკლები სიახლეებით ვართ წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმე სარეალიზაციო წერტილი დაგვემატა, თუმცა ეს წელი გამოვიყენეთ მაღალმთიან რეგიონში ტყის მოცვის ძიებისთვის, რადგან ყოველწლიურად ტყის მოცვის რაოდენობა მცირდება და უფრო და უფრო რთული ხდება მისი მოპოვება.
გვქონდა ტური ცხენებით მაღალმთიან ადგილებზე. მოპოვება რთული იქნება, მაგრამ არის მოცვის რესურსი, რაც გვახარებს და გვაძლევს სტაბილურობის საფუძველს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ ფოკუსს ერთ კლასიკურ პროდუქტზე - ნატურალურ ტყის მოცვის სასმელზე. ამის მიზეზი მარტივია: ბუნებრივი რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ხარისხზე კომპრომისის გარეშე მუშაობის პრინციპი. პერიოდულად ვთავაზობთ ტყის მოცვის ჩაის მომხმარებელს (თუმცა შეზღუდული რაოდენობით და არა მასიური წარმოებით) და ვიღებთ შეკვეთებს სხვადასხვა სამკურნალო, ველური მცენარეების ჩაიზე, როგორიცაა: მშრალი ასკილი, ევკალიპტი და უკვდავას ყვავილი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ყველაზე გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი მიზანი არის თბილისის ბაზარზე სანდო და ხარისხიანი დისტრიბუციის არხების მოძებნა. ვგრძნობ, რომ დედაქალაქში დიდი მოთხოვნაა ჩვენი პროდუქტისადმი, მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ იმ სანდო პარტნიორს, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენი პროდუქტის სპეციფიკას და ფასეულობებს.
პარალელურად ვცდილობთ ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას, რადგან ყველაზე კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის შეკვეთა ადგილზე მიტანით. ასევე ვგეგმავთ საახალწლოდ სასაჩუქრე შეფუთვას ან ნატურალურ ჩაისთან ერთად ვარიაციას, რაც იდეალური იქნება მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ, ხარისხიან საჩუქარს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გავაზიარებთ წინასწარ ჩვენი სოციალური გვერდის დახმარებით.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, წარმოების გაგრძელებაზე ყველაზე მეტად გვახარებს და გვაძლევს ნამდვილ სტიმულს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. აქვე მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ირჩევს ჩვენს პროდუქტს. მათ გარეშე ჩვენი კომპანია უბრალოდ არც შეიქმნებოდა. ეს ნდობა არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და მოტივაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და ვპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი იმედები ყოველთვის გავამართლოთ ჩვენი ხარისხიანი, ავთენტური პროდუქციით.
ცნობისთვის, „ოქროველი“ არის პატარა საოჯახო წარმოება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ტყის მოცვის ნატურალური წვენისგან, სასიამოვნო და სასარგებლო სასმელს.