მილიონზე მეტი მგზავრი საბაგიროზე - განახლებული ინფრასტრუქტურა და მთაწმინდის პარკის 2026 წლის მთავარი გეგმები
„თბილისის სავიზიტო ბარათი“ განვითარების ახალ ეტაპზეა. მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ისთვის 2025 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა - აღდგენილმა საბაგირომ ტრანსპორტირების პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანა, ვიზიტორების რაოდენობამ კი რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და „თბილისის სავიზიტო ბარათი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორ უმკლავდება დედაქალაქის მთავარი სარეკრეაციო ზონა გაზრდილ ნაკადებს, რა სტრატეგიული გეგმები აქვს მენეჯმენტს 2026 წლისთვის და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დეტალებზე Business Insider Georgia მთაწმინდის პარკის პიარისა და ღონისძიებების მენეჯერს ეთო გიგიაძეს ესაუბრა.
როგორ შეაჯამებდით 2025 წელს მთაწმინდის პარკისთვის? 2025 წლის მონაცემებით, როგორი იყო ბალანსი ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს შორის? დაფიქსირდა თუ არა ვიზიტორების რაოდენობის ზრდა წინა წლებთან შედარებით?
წლიდან წლამდე პარკის ვიზიტორების რაოდენობა დინამიურად იზრდება, გაზრდილია როგორც ადგილობრივი ვიზიტორების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. მონაცემებზე დაკვირვების შესაძლებლობას ყველაზე ნათლად საბაგირო და ფუნიკულიორი გვაძლევს, მაგალითად, მხოლოდ საბაგიროთი 2025 წელს მილიონზე მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა.

რომელი ატრაქციონი ან ლოკაცია იყო 2025 წლის უპირობო „ბესტსელერი“ და რით ხსნით მომხმარებლის ამგვარ ინტერესს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგახსნილ საბაგიროზე ძალიან დიდია ინტერესი. ასეთივე დიდი დაინტერესებით და თავისი ისტორიულობით გამოირჩევა ფუნიკულიორი. ყველაზე პოპულარული ატრაქციონებია გიგანტური ბორბალი, რომელიც დედაქალაქის სავიზიტო ბარათიცაა, და ასევე, ამერიკული მთები - ექსტრემალური ზონის ყველაზე მოთხოვნადი ატრაქციონია.
რა არის 2026 წლის მთავარი სტრატეგიული მიზანი? გეგმავთ თუ არა პარკის კონცეფციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას „ოჯახური დასვენების“ მიმართულებით?
მთაწმინდის პარკში ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებასა და სერვისების გაფართოებაზე. მხოლოდ გასული წლით, რომ ვიმსჯელოთ, უამრავი სიახლე გვქონდა: გაიხსნა განახლებული საბაგირო, მასთან ახლოს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ფუდკორტი. სიახლეები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, საოჯახო ზონაში გაიხსნა თოკების ქალაქი, ექსტრემალურში - ლაზერული თამაშების უზარმაზარი სივრცე. სიახლეებს ვგეგმავთ მომავალშიც, უკვე ვმუშაობთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე.

მთაწმინდის პარკის ფუდკორტი საბაგიროს ზედა სადგურთან რამდენიმე კვების ობიექტს აერთიანებს. რა სიახლეები დახვდებათ ამ სივრცეში სტუმრებს?
ფუდკორტი პარკის უახლესი და მნიშვნელოვანი პროექტია. შეიქმნა თანამედროვე, მყუდრო და განსაკუთრებულად ლამაზი გარემო, რომელიც კვების რამდენიმე ობიექტს მოიცავს. აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს ქართული და საერთაშორისო ბრენდის რესტორნების კერძები. შეიძლება ითქვას, ფუდკორტი სხვადასხვა გემოვნების ადამიანზეა მორგებული. ეს სივრცე წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩეულია და სივრცე შესაძლებლობას გაძლევთ, დაგეგმოთ ოჯახური, მეგობრების თუ საქმიანი შეხვედრა.

მთაწმინდის პარკი ფესტივალებისა და ივენთების ეპიცენტრია. რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? იგეგმება თუ არა ახალი ტიპის ფესტივალები ან საერთაშორისო პროექტები?
რა თქმა უნდა, წელსაც დატვირთული იქნება მთაწმინდის პარკი სხვადასხვა მასშტაბური და საინტერესო ფესტივალებით, ჩატარდება როგორც ტრადიციად ქცეული, ასევე ახალი ღონისძიებები. წინასწარ დაანონსება სამწუხაროდ არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ წელს ისე როგორც აქამდე მთაწმინდის პარკი კვლავ გაანებივრებს ჩვენს ვიზიტორებს საინტერესო ღონისძიებებით. აქვე მინდა აღვნიშნო საბაგიროსა და ფუდკორტის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი სივრცის შესახებ, რომელმაც გასულ წელს არაერთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა
მთაწმინდის პარკი ქალაქის „ფილტვებია“. რა სამუშაოები ტარდება რეკრეაციული ზონის შესანარჩუნებლად და იგეგმება თუ არა ახალი გამწვანებული სივრცეების მოწყობა?
მრავალწლიანი დაუღალავი სამუშაობის შედეგია სწორედ ის, რომ ქალაქის "ფილტვები" გამართულად მუშაობს. ჩვენი ლანდშაფტისა და დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური უწყვეტი შრომის შედეგად გვაქვს სუფთა, მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე. ტარდება როგორც მცენარეების გადახალისება, მრავალწლოვანი ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა, ირგვება უამრავი ახალი სეზონური და მრავალწლოვანი მცენარე. გვაქვს საკუთარი სათბურიც, რომელშიც ჩვენს სპეციალისტებს უამრავი ჯიშის მცენარე გამოჰყავთ და შემდეგ უკვე პარკის ტერიტორიას გვილამაზებენ
რამდენად ეფექტურად უმკლავდება არსებული ტრანსპორტი (ფუნიკულიორი, ავტობუსები) გაზრდილ ნაკადებს და ხომ არ განიხილება ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება ამ მიმართულებით?
წინა წლებში ავტობუსით პარკამდე ვიზიტორების გადაადგილების პრობლემები შეიმჩნეოდა, გასულ წელს თუ დავაკვირდებით შეიძლება ითქვას, რომ საბაგიროს გახსნამ დიდი გავლენა მოახდინა ამ პრობლემის შემსუბუქებასა და მოგვარებაზე, ის რომ საბაგიროთი მგზავრობა სწრაფი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა და ის, რომ ეს მხოლოდ მგზავრობა არაა და ფაქტობრივად ცალკე ატრაქციაა, ვიზიტორებს არაჩვეულებრივ არჩევანს სთავაზობს და ფაქტია, რომ მას ძალიან ბევრი ირჩევს, რამაც ავტობუსებით გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საბაგიროსთან ერთად პარკს ვიზიტორების გადაადგილებაში ეხმარება ფუნიკულორიც, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
სხვა სიახლეები
BSP - მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია
20.02.2026.15:23
ქართულმა კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმმა“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას და ლიცენზირებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური მართვის ცენტრებით მომარაგებისთვის. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აახლოებს “ბლექ სი პეტროლიუმს” აწარმოოს ევრო-5 სტანდარტის ბენზინი, დიზელი და ასევე საავიაციო ნავთი.
Honeywell 100 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესების, აღჭურვილობისა და მომსახურების წამყვან საერთაშორისო მიმწოდებელსა და ლიცენზიარს ნავთობგადამამუშავებელი, გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებში.
ქვემოთ გთავაზობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს სრულად:
კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიულად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც კომპანიისთვის, ისევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
“ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში BSP-მ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად შენდება მეორე ეტაპი, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.

შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი, პროექტს უზრუნველყოფს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს BSP-ს, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
“„ბლექ სი პეტროლიუმის” პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით ჩვენ ვამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას” — აღნიშნულიაკომპანიის განცხადებაში.
BSP და Honeywell სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზეც გეგმავენ, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.