განვაახლეთ „არდის“ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და დავამატეთ ახალი სერვისები - მიხეილ ჯაფარიძე
2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, მზღვეველების სადაზღვევო მოგება 272 მილიონი ლარის დონეზე იყო, ხოლო წმინდა მოგება 113 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.
როგორია ბაზრის მოთამაშეების შეფასებები და რა მაჩვენებლებზე გავიდა „არდი“, დეტალებზე Business Insider Georgia სადაზღვევო კომპანიის გენერალურ დირექტორს მიხეილ ჯაფარიძეს ესაუბრა.
- როგორ აფასებს სადაზღვევო კომპანია „არდი“ 2025 წლის 9 თვის შედეგებს? მიმდინარე მაჩვენებლების თანახმად, რა მიმართულებებში დაუფიქსირდა კომპანიას ზრდა?
- „არდის“ ზომიერი ზრდის პერიოდი ჰქონდა, როგორც ყოველთვის. კომპანიის პოზიციონირებიდან გამომდინარე, „არდის“ ორგანული და გეგმაზომიერი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ელიან, მუდმივად იყოს დაცული.
- საერთო სადაზღვევო ბაზრის ჭრილში, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა 2025 წლის განმავლობაში?
- ძირითადი ტენდენცია სამი კვარტალის ჭრილშიც წინა ორი კვარტლის მსგავსია. ბაზრის ზრდა 11–12%-ია, რაც შედარებით მცირეა გასულ პერიოდთან შედარებით (20% იყო ზრდა). ბაზრის კომპოზიციაც დაახლოებით ანალოგიურია.
- როგორია თქვენი ხედვა ბაზრის განვითარების ვექტორზე, რომელ სეგმენტებში შეინიშნება ყველაზე მაღალი პოტენციალი?
- მოზიდული პრემიის (შემოსავლით) ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა ავტოდაზღვევას (18%), ხოლო სამედიცინო დაზღვევა 12%-იან ზრდას აფიქსირებს. თუმცა შედარებით მცირედ იზრდება პოლისების რაოდენობა (9% და 4% შესაბამისად).
- კომპანიას თუ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული გამოწვევა ან გარდატეხის მომენტი ამ პერიოდში, რომელიც გავლენას ახდენდა შედეგებზე?
- წლის მანძილზე იყო ერთჯერადი ეფექტები სხვადასხვა პროექტების დასრულებით, რაც ამ ეტაპზე ამოწურულია.
- წლიდან წლამდე სადაზღვევო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და არსებული პროდუქტებიდან უპირობო ლიდერი ჯანმრთელობის დაზღვევაა. როგორია „არდის“ პორტფელის სტრუქტურა პროცენტულად, რომელი პროდუქტებია წამყვანი და რა დინამიკით იცვლება მათი წილი?
- ნამდვილად ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 44% - ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ჩვენი კომპანიის პორტფელში კი 80%-ია.
- რა სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამთ იმისთვის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში მოცვა კიდევ უფრო გაიზარდოს?
- წელს განვაახლეთ ჩვენი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და დავამატეთ ახალი სერვისები, რაც გარკვეულწილად ტრადიციაა და ვცდილობთ ტემპი არ შევამციროთ.
- იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტები, ინოვაციური სერვისები ან ფასობრივი ცვლილებები?
- ცხადია იგეგმება და იქნება კიდეც. დამატებით გავაკეთებთ ამაზე კომუნიკაციას, როგორც სხვა დროს.
- როგორია მომხმარებლების ქცევა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით 2025 წელს? შეიცვალა თუ არა პრიორიტეტები და თუ დიახ, რა მიმართულებით?
- ძირითადი დაკვირვება ისაა, რომ კორპორაციული სეგმენტი უფრო სენსიტიურია ბიუჯეტის მიმართ, და იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის ხარჯები იზრდება, ჯანმრთელობის დაზღვევის ფასი უფრო ნაკლები ტემპით მატულობს, რაც დასაფიქრებელია. როგორც წესი, ხელფასის დანახარჯების საშუალო ზრდა კორელაციაშია სამედიცინო დაზღვევის ფასთან, თუმცა ამჯერად ოდნავ განსხვავებულია ტრენდი.
- ბოლო პერიოდში სადაზღვევო კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს აქტიურად სთავაზობენ სხვადასხვა სახის ონლაინ პროდუქტებს. რა მდგომარეობაა თქვენს მაგალითზე სერვისების გაციფრულების მიმართულებით და ამ მხრივ წლის ბოლომდე რა სიახლეებს შესთავაზებთ ბაზარს?
- ონლაინ გაყიდვები იზრდება. „არდის“ შემთხვევაში იზრდება როგორც მოცულობა, ასევე წილი გაყიდვებში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება და ჩვენც ძალიან ვცდილობთ შესაბამისი მარტივი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მივადევნოთ ამ ტრენდს.
- როგორია თქვენი მოლოდინები მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედებასთან დაკავშირებით?
- არ გვაქვს ინფორმაცია.
- თუ პროექტი ამოქმედდება, რა გავლენას მოახდენს თქვენი ხედვით სადაზღვევო ბაზრის ზრდაზე და კონკურენციის გაძლიერებაზე?
- როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ძალიან დაეხმარება ზოგადად დაზღვევის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გააჩენს მეტ სტიმულს და კონკურენციას.
სხვა სიახლეები
თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
27.11.2025.11:23
დღეს, როდესაც კომპანიები ცდილობენ არ შეიზღუდონ გეოგრაფიით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იპოვონ მათთვის იდეალური გუნდი, რეკრუტირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ე.წ. growth კონსალტინგი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.
პანდემიის დასაწყისში არსებულმა ბაზრის მოცემულობამ პროფესიით საერთაშორისო სამართლის მცოდნე, გიგა მეტრეველს ფრილანსერობა საბოლოოდ გადააწყვეტინა. თუმცა, იმ მომენტისთვის ევროპული და ამერიკული სტარტაპების ეკოსისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე ჰქონდა.
„მთავარი პირობა, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა, მოქნილობა იყო. არ მსურდა, კონკრეტულ პროდუქტზე ვყოფილიყავი მიბმული და 10-15 წელი ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. ფრილანსერობა კი იმის საშუალებას გაძლევს, შეხება გქონდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელთან, პროდუქტთან და სტრატეგიასთან, იმუშაო სხვადასხვა ინვესტორთან, დამფუძნებლებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბიზნესის მიმართულებაზე“, - გვიხსნის გიგა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა გაზრდა - განვითარებაში.
პირველი, რასაც ახალ სტარტაპთან მუშაობისას არკვევს, ის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც კომპანია ცდილობს. ასევე, უმნიშვნელოვანესია დამფუძნებლები და გუნდი, რომლებიც სტარტაპს წარმოადგენენ
„დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს მთავარი უნარი - სწორად განსაზღვროს, რა ეტაპზე როგორი ხალხი მოიყვანოს სტარტაპში და ჩართოს სამუშაო პროცესში. თუ ამას ვერ ახერხებს, საეჭვოა სტარტაპიდან რაიმე გამოვიდეს. დამფუძნებელს, ასევე, უნდა შეეძლოს „არა“-ს თქმა და კომპრომისებზე მარტივად არ მიდიოდეს“,- ამბობს გიგა.
ადამიანს, Uberall, Gorillas, revolut, Trade Republic, Solarisbank, Yilu, Gigs-სთან უმუშავია და მხოლოდ ერთი კომპანიისთვის წელიწადნახევარში 15 000 კადრის რეკრუტირება შეძლო, ნამდვილად დაეჯერება. მისი, როგორც Growth კონსულტანტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სტარტაპებს ორგანიზაციული დიზაინის, ზრდის გეგმის შექმნასა და აღსრულებაში.
მრავალფეროვანი საქმიანი პორტფელის მიუხედავად, გიგა მეტრეველისთვის თიბისი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება იყო.
„თიბისი სტარტაპ ტექნოლოგიების განვითარებისთვის ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს. ჩემთვის ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ იყო საინტერესო ხალხთან გადაკვეთის წერტილი, მეორე მხრივ კი - იმ საქმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ვაკეთებ“, - ამბობს გიგა, რომელსაც „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტობა და მესამე ადგილი ერგო.
„საერთო ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. პარტნიორმა შენიანად უნდა გიგრძნოს. უცხოელ ინვესტორებთან თუ დამსაქმებლებთან პარტნიორობა იმ მომენტიდან მოდის, როდესაც ხარ გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ეს არის თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ამიტომ, მთავარ რჩევას, რომელსაც ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ არის, ის რომ იყვნენ გლობალური ბაზრის ნაწილი - გაეცნონ მეტ ქვეყანას, კულტურას და შეინარჩუნონ ღიაობა - განსაკუთრებით კარიერის პირველ წლებში “.
ეს რჩევა ზუსტად ეხმიანება თიბისი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ გზავნილს: - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს.