მეწარმეებმა შეძლეს ფინანსურად გაძლიერება და თავიანთი ობიექტების განვითარება - შეფი ავთანდილ ცეცხლაძე გემო ფესტზე
ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეწარმეებს უკვე აქვთ ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რაც საშუალებას აძლევთ განავითარონ თავიანთი ობიექტები, იქნება ეს პატარა რესტორნები თუ გესთჰაუზები, - ასე აფასებს უკვე გამართულ გემო ფესტივალებს შეფი ავთანდილ ცეცხლაძე.
მისი შეფასებით, პროექტი სწორად განვითარდა, რადგან ბევრი ძველი ვენდორი უკვე გაფართოვდა.
„გემო ფესტის მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინოთ მეწარმეები, ვენდორები და მივცეთ მათ შესაძლებლობა. ავთენტურ გემოს არ ვცვლით, არამედ ვავრცელებთ და ვათანამედროვებთ.
თუ წლების განმავლობაში გამართული გემო ფესტები შევაჯამებთ - რიგები იდგა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მეწარმეებმა შეძლეს ფინანსურად გაძლიერება და თავიანთი ობიექტების - პატარა რესტორნების, გესტჰაუსების - განვითარება.
ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენ ვიყავით სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოში. წელსაც სამი რეგიონი მოვიცავით: გურია, ისევ რაჭა და სამცხე-ჯავახეთი. ძველ ვენდორებთან, ჩვენს მონაწილეებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
გემო ფესტის და პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების მთავარი მიღწევა სწორედ ის მგონია, რომ როცა მათთან სტუმრად მივდივართ, უკვე გაფართოებული ბიზნესები გვხვდება. ისინი სტუმრებს ახალ, უფრო განვითარებულ დონეზე მასპინძლობენ.
ეს ნიშნავს, რომ გემო ფესტი სწორად მუშაობს და სწორად აწვდის სიახლეებს ჩვენს ვენდორებს“, – აცხადებს ცეცხლაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტს, რომელიც ერთხელ უკვე ეწვია საქართველოს, ყოველთვის შევთავაზოთ რაღაც ახალი რათა სურვილი გაუჩნდეს, ისევ დაბრუნდეს.
„ერთხელ ხინკალი, ხაჭაპური... მაგრამ თუ სიახლე არ შევთავაზეთ, შესაძლოა ვიღაცას რაღაც მობეზრდეს.
ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გასტრონომია სწორედ ასე ვითარდება.
ერთი პატარა სიახლე კერძს აძლევს ახალ გემოს, ახალ ხასიათს და ახალ სულს“, – ამბობს შეფი ავთანდილ ცეცხლაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.16:00
სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.
როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია.
„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს.
„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ.
წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც.
„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს.
„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი.
„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება.
დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.