მერის 4-წლიანი გეგმა და ბიზნესის მოლოდინები - რას ამბობს „კონტრაქშენ სერვისის“ დირექტორი
ბატონმა მერმა წარმოადგინა 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა კომპანია „კონტრაქშენ სერვისის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
გაბუნიას თქმით, მთავრობის გეგმების ცოდნა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და ადეკვატურად მოემზადოს მოსალოდნელი პროცესებისთვის.
„მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, ბიზნესისთვის. ბატონმა მერმა და მერის მოადგილემ წარმოადგინეს 4 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ დავგეგმოთ და მოვემზადოთ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.